Interviewsახალი ამბები

საქართველოს საპატიო მოქალაქე, საუდის არაბეთის პრინცი პატიმრობიდან გათავისუფლდა

29 იანვარი, 2018 • 2310
საქართველოს საპატიო მოქალაქე, საუდის არაბეთის პრინცი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საუდის არაბეთის მილიარდერი პრინცი ალვალიდ ბინ ტალალი თავისუფალია. ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი შაბათს, 27 იანვარს, თითქმის ორთვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

როგორც Reuters საუდის არაბეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, პრინცი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც მთავარ პროკურორთან ფინანსურ შეთანხმებას მიაღწია. მანამდე კი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ტალალი აცხადებდა, რომ რამდენიმე დღეში გაათავისუფლებდნენ და  აპირებდა, ყველა გაუგებრობისთვის ნათელი მოეფინა.

ალვალიდ ბინ ტალალი ერთ-ერთი იყო უმაღლეს პირთაგან, ვინც საუდის არაბეთში 5 ნოემბერს, კორუფციული სკანდალის შემდეგ დააკავეს. 11 პრინცსა და 4 მოქმედ მინისტრს საგამოძიებო უწყება ბიუჯეტის გაფლანგვას ედავებოდა. თუმცა დაკავებულები ციხის ნაცვლად სასჯელს საუდის არაბეთის მაღალი კლასის სასტუმრო “Ritz-Carlton”-ში იხდიდნენ.

ალვალიდ ბინ ტალალი საუდის არაბეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის 50-ე ადგილს იკავებს. ის მთლიანად ან ნაწილობრივ ფლობს ევროპაში, აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთში დარეგსტრირებული კომპანიების აქციებს, მათ შორის, სოციალურ ქსელ Twitter-სა და 21 Century Fox-ში.

ტალალი საქართველოს 2015 წლის ივნისში სტუმრობდა. ვიზიტიდან სამი დღის შემდეგ თბილისში მომხდარი წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად  300 000 დოლარი გამოყო. სწორედ მაშინ მიენიჭა პრინცს საქართველოს საპატიო მოქალაქეობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი