ახალი ამბები

სოფელ რუხის მშენებარე საავადმყოფოში მუშა დაიღუპა

29 იანვარი, 2018 • 2334
სოფელ რუხის მშენებარე საავადმყოფოში მუშა დაიღუპა

ტელეიმედის ინფორმაციით, სამეგრელოში, სოფელ რუხის მშენებარე საავადმყოფოში შრომითი უსაფრთხოების დარღვევას მუშა ემსხვერპლა. შუახნის კაცი, რომელიც შენობის შიდა რემონტზე მუშაობდა, მრავლობითი დაზიანებით, რეფერალური კლინიკაში გადაყვანიდან რამდენიმე წუთში დაიღუპა.

როგორც ჟურნალისტებს რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა, ჟანა ჩანდელიამ განუცხადა, პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იყო და სახეზე მრავლობითი ექსკორიაციები [კანის დაზიანებები] აღენიშნებოდა.

“უგუნო მდგომარეობაში იყო და საავადმყოფოში შემოყვანისთანავე გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე. დაფიქსირდა ასისტოლია [გულის გაჩერება] და ჩაუტარდა შესაბამისი რეამინაციული ღონისძიებები. მიუხედავად ამისა, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა და, სამწუხაროდ, გარდაიცვალა,” – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ექიმმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიება დაიწყო 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

220-ადგილიანი მრავალპროფილიანი საავადმყოფო, რომელიც სოფელ რუხში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივნიშვილის ინიციატივით შენდება, 2016 წლის აგვისტოში უნდა გახსნილიყო, თუმცა მშენებლობები გაგრძელდა. შემდეგ დაანონსდა, რომ საუნივერსიტეტო საავადმყოფო 2017 წლის დასაწყისში გაიხსნებოდა, მაგრამ კვლავ გადაიწყია თარიღმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი