ახალი ამბები

დისიდენტი ფიზიკოსი ვალერი ჭალიძე აშშ-ში გარდაიცვალა

26 იანვარი, 2018 • 5393
დისიდენტი ფიზიკოსი ვალერი ჭალიძე აშშ-ში გარდაიცვალა

ვალერი ჭალიძე, თეორეტიკოსი ფიზიკოსი, რომელიც ნობელის ლაურეატ ანდრეი სახაროვთან ერთად საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ მუდმივად საუბრობდა, 3 იანვარს აშშ-ში გარდაიცვალა. იგი სწორედ დისიდენტური საქმიანობის გამო გააძევეს საბჭოთა კავშირიდან. ვალერი ჭალიძე 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფიზიკოსის გარდაცვალება მისმა ცოლმა ლიზა ჭალიძემ დაადასტურა. მისივე ცნობით, 2015 წელს ფიზიკოსს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა შეექმნა.

მეგობრებმა და კოლეგებმა “ნიუ-იორკ ტაიმსთან” საუბრისას მისი დისიდენტობის პერიოდი გაიხსენეს, თუ როგორ იბრძოდა სამართლიანობისთვის და კანონის უზენაესობისთვის და როგორ ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა სისტემას.

“ხელისუფლების და დისიდენტების მხრიდან იგი იმ აზრის გულანთებულ მხარდამჭერად მიიჩნეოდა, რომლის თანახმადაც, საბჭოთა კანონები ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული უნდა ყოფილიყო”, – ამბობს ჯორჯ ვაშინგტონის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი და ვაშინგტონში მდებარე კენანის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი პიტერ რედევეი.

პროფესორი რედევეი ვალერი ჭალიძესთან ერთად რედაქტორობდა ინგლისურენოვან ქრონიკების, რომლებიც საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებების მდგომარეობას შეეხებოდა.

დისიდენტი პაველ ლიტვინოვი, სტალინის დროს 1930-იან წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის შვილიშვილი ასევე ამბობს, რომ საბჭოთა კავშირში უმცირესობების დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ საუბარი, სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა და ხალხის გადასახლებაში და ციხეში გაგზავნის წინააღმდეგ პროტესტი სამსახურიდან გაგდებას და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტვას ნიშნავდა.

ფიზიკოსი ანდრეი სახაროვი იხსენებს, რომ 1970 წელს ის და ვალერი ჭალიძე სათავეში ჩაუდგნენ კამპანიას ყოფილი გენერლის, პეტრო გრიგორენკოს გათავისუფლების შესახებ, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჰყავდათ გამოკეტილი.

1970 წელს, სახაროვთან და ანდრეი ტვერდოხლებოვთან ერთად, ვალერი ჭალიძემ შექმნა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, რომელიც პირველი ორგანიზაცია  იყო საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.

ვალერი ჭალიძე 1938 წელს მოსკოვში დაიბადა. მისი მამა ნიკოლაი წარმოშობით ქართველია, იგი ინჟინერი იყო და მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა. მისი დედა ფრანჩესკა იენსენი, არქიტექტორი იყო, რომელიც შავი ზღვის კურორტ სოჭის არქიტექტურულ განვითარებაზე მუშაობდა.

მისი დედა თავისუფლებისთვის მებრძოლი პოლონელი ოჯახიდან იყო, რომელიც მეფის რუსეთიდან გააძევეს, სტალინის ეპოქაში კი გულაგის სახელით ცნობილ შრომით ბანაკებში გაგზავნეს. მიუხედევად ამისა, ლიტვინოვი ამბობს, რომ ჭალიძე “რუსული კულტურის წარმომადგენელი იყო, რომელსაც ძალიან უყვარდა რუსეთი”.

ჭალიძე და ლიტვინოვი ერთმანეთს მოსკოვში, დისიდენტურ შეხვედრებზე შეხვდნენ. ისინი არა მხოლოდ კოლეგები, ასევე მეგობრებიც იყვნენ. ერთად ავრცელებდნენ დისიდენტურ ლიტერატურას. 70-იან წლებში ორივე ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. ჭალიძის პირველი ცოლი, ვერა სლონიმი ლიტვინოვის ბიძაშვილი იყო.

ვალერი ჭალიძე ფიზიკას სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე, საქართველოში, თბილისშიც. ის ფიზიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი იყო, როდესაც დისიდენტი გახდა. მან “იატაკქვეშა” ჟურნალი დააარსა, რომელიც სოციალურ საკითხებს და იმ ებრაელების უფლებების დაცვას ეთმობოდა, რომლებსაც საბჭოთა კავშირიდან ისრაელში ემიგრაციაზე უარი უთხრეს. იგი უფრო შორს წავიდა და გეი ადამიანების უფლებებს იცავდა, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერვე დაარსებულ უფლებადაცვით ორგანიზაციაშიც კი ეუბნებოდნენ მისი კოლეგები, რომ “ეს არ ღირდა” და “ეს არ გაეკეთებინა”. ვალერი ჭალიძე იმ საბჭოთა კანონს დაუპირისპირდა, რომლის მიხედვითაც “სოდომის ცოდვის” ბრალდებით 5 წლით აპატიმრებდა ადამიანს.

ამ კამპანიას საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან მოჰყვა მისი ბინის ჩხრეკა და მის სექსუალობაზე ჭორების გავრცელება:

“ხელისუფლებამ დაიწყო ჭორების გავრცელება, რომ ის ჰომოსექსუალი იყო”,- იხსენებს ლიტვინოვი.

სახაროვი და სხვა დისიდენტები გაკვირვებულები დარჩნენ, როცა 1972 წელს ჭალიძე ამერიკის უნივერსიტეტებში მიიწვიეს საჯარო ლექციების ჩასატარებლად. მას გარანტია მისცეს, რომ დაბრუნდებოდა, ამიტომ წასვლას დათანხმდა. მისი კოლეგები არწმუნებდნენ, რომ დაბრუნების საშუალებას არ მისცემდნენ. თვითონ კი სურდა დაემტკიცებინა, რომ შესაძლებელი იყო წასვლა და უკან დაბრუნება. საბოლოოდ კი, ამერიკის შეერთებულ შტატებში საბჭოთა კონსულმა მისი პასპორტის კონფისკაცია მოახდინა და ქვეყანაში დარჩენა აიძულა.

ნიუ-იორკში იგი დისიდენტურ ლიტერატურას გამოსცემდა. მას კონსულტაციებს “რენდომ ჰაუსის” პრეზიდნტი და “Human Rights Watch”-ის დამაარსებელი რობერტ ბერშტეინი უწევდა. “რენდომ ჰაუსმა” მისი ორი წიგნი გამოაქვეყნა- “საბჭოთა კავშირი და ადამიანის უფლებები” და “კრიმინალური რუსეთი: საბჭოთა კავშირში დანაშაულის კვლევა”. ედვარდ კლაინთან ერთად  ნიუ-იორკში დააარსა ჟურნალი და გამოცემა „ქრონიკა-პრესა“, რომელიც აქვეყნებდა წიგნებს უფლებების დაცვის თემაზე.

ვალერი ჭალიძე 1983 წელს ვერმოტში მეორე ცოლთან, ლიზა ბერნარდთან ერთად გადავიდა. ლიზა ადვოკატია და ჭალიძეს ორეგონში 1980 წელს შეხვდა. მათ ტბასთან სახლი ააშენეს და ცხენებს ზრდიდნენ. ამის პარალელურად კიდევ ერთი წიგნი, “სტალინი: კომუნიზმის დამპყრობელი” გამოაქვეყნა. ცოლთან ერთად დაარედაქტირა და გამოსცა აშშ-ის კონსტიტუციის შესახებ წერილების თარგმანი, რომელიც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა საბჭოთა ლიდერს, მიხეილ გორბაჩოვს 1990 წლის შეხვედრისას უსახსოვრა.

1985 წელს  ვალერი ჭალიძე მაკარტერის სტიპენდიანტი გახდა, იელის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა და წლების მანძილზე მოწვეული ლექტორი იყო კოლუმბიის უნივერსიტეტში. იგი ასევე აგრძელებდა კვლევებს თეორიულ ფიზიკაში.

ცოლის გარდა, მას ქალიშვილი მარია ჰყავს, რომელიც ლონდონში ცხოვრობს. ასევე ჰყავს  და,  სახელად ფრანჩესკა და ორი შვილიშვილი. მისი და საბჭოთა კავშირში მეცნიერი იყო და სამსახური მას შემდეგ დაკარგა, რაც ძმამ დისიდენტური აქტივობა დაიწყო. იგი სან-დიეგოში დასახლდა.

ვალერი ჭალიძის გზა არასდროს გადაკვეთილა კიდევ ერთ საბჭოთა დისიდენტთან, ალექსანდრ სოლჟენიცთან, რომელიც ასევე გამოაძევეს რუსეთიდან და ისიც ამერიკაში ცხოვრობდა, 1994 წელს კი რუსეთში დაბრუნდა.

ისინი ერთმანეთს წერილობით უპირისპირდებოდნენ და ნათელია, რომ განსხვავებული ინტერპრეტაცია ჰქონდათ თავისუფლების ცნების შესახებ. სოლჟენიცი ამტკიცებდა, რომ ჭალიძე K.G.B.-სთან თანამშრომლობდა, რათა საბჭოთა კავშირი დაეტოვებინა, ჭალიძე კი საპასუხოდ მას აიათოლას ადარებდა.

ვალერი ჭალიძე რუსეთში აღარ დაბრუნებულა, აღარასოდეს უნახავს  დედა. საბჭოთა ხელისუფლებამ გორბაჩოვის მმართველობისას მას მოქალაქეობის აღდგენა შესთავაზა. მისი ცოლი იხსენებს ჭალიძის პასუხს: “თქვენ არ გქონდათ მოქალაქეობის წართმევის უფლება და დანამდვილებით არ გაქვთ ასევე მისი დაბრუნების უფლება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი