ახალი ამბებიეკონომიკა

“სილქნეტი” აცხადებს, რომ “ჯეოსელს” ყიდულობს

26 იანვარი, 2018 • 2935
“სილქნეტი” აცხადებს, რომ “ჯეოსელს” ყიდულობს

“სილქნეტმა” შესაძლოა “ჯეოსელი” იყიდოს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “სილქნეტი” ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, გარიგების ღირებულება 153 მლნ. აშშ დოლარია.

“თბილისი, 2018 წლის 26 იანვარი, – დღეს “სილქნეტმა” “ჯეოსელის” შესყიდვის შესახებ განაცხადა. მიღწეულია შეთანხმება „ჯეოსელის“ აქციონერებთან: “Telia Company”-ის (STO:TELIA) და “Turkcell”-ის (NYSE: TKC, IST: TCELL). გარიგების ღირებულებამ შეადგინა 153 მლნ. აშშ დოლარი.  დაფინანსება მოხდება თიბისი ბანკი მიერ ორგანიზებული ქართული და რეგიონალური ბანკების სესხითა და სილქნეტის საკუთარი კაპიტალით. ქვეყანაში უმსხვილესი ფიქსირებული ოპერატორი “სილქნეტისა” და მობილური ოპერატორი “ჯეოსელის” გაერთიანებით საქართველოში იქმნება სრულმასშტაბიანი სატელეკომუნიკაციო კომპანია,”-წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“სილქნეტის” ინფორმაციით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ შესყიდვა 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.

გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი გარიგების შედეგად იქმნება სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც სილქნეტის  ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიისა და ფიქსირებული სატელეფონო კავშირის მომსახურებას  “ჯეოსელის” მობილურ სერვისებთან აერთიანებს.

“ჯეოსელის” გაყიდვას კომპანიის მფლობელი “თელიაც” ადასტურებს. “თელია კომპანია” თანხმდება, გაასხვისოს თავისი წილი შპს „ჯეოსელში“ ,-წერია განცხადებაში. “თელიაში” განმარტავენ, რომ მათი მიზანია, ეტაპობრივად დატოვონ ევრაზია და ფოკუსირება მოახდინონ სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის რეგიონებზე.

კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ამ საკითხზე მათთან განაცხადი ჯერ არ შესულა.

„სილქნეტმა“ ფუნქციონირება 2010 წლიდან  რამდენიმე ადგილობრივი სატელეკომუნიკაციო კომპანიის აქტივების გაერთიანების შედეგად დაიწყო. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიის და ფიქსირებული ტელეფონის მომსახურებას.

“ჯეოსელს” კომპანია 1996 წელს დაარსდა.  დღეის მდგომარეობით მას 2 მილიონამდე აბონენტი ჰყავს და კომპანიის დაფარვის ზონა დღეისათვის საქართველოს დასახლებული ტერიტორიის 98%-ს მოიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი