ახალი ამბები

იზორია: ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად დადგინდეს კონგოში გაუჩინარებულ ოსორაულზე სიმართლე

26 იანვარი, 2018 • 1456
იზორია: ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად დადგინდეს კონგოში გაუჩინარებულ ოსორაულზე სიმართლე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, კონგოში გაუჩინარებული სამხედრო მფრინავის, სოსო ოსორაულის ოჯახს მაქსიმალურად აწვდიან ინფორმაციას და ყველაფერს აკეთებენ სიმართლის დასადგენად.

“ამასთან დაკავშირებით იცით, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება. ასე რომ, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს,” – ამბობს ლევან იზორია.

მისი თქმით, როდესაც თავისი ინიციატივით შეხვდა სოსო ოსორაულის ძმას, ამოცანა იყო ერთადერთი – მაქსიმალურად მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ კოორდინიერებულად მუშაობენ ცალკეული უწყებები იმისთვის, რომ მაქსიმალურად დადგინდეს სიმართლე.

“ჩვენ რა ინფორმაციაც გვქონდა, მივაწოდეთ ოჯახს და ეს არის ის, რაც უნდა გითხრათ ამ თემასთან დაკავშირებით,” – განაცხადა ლევან იზორიამ.

როგორც თავდაცვის მინისტრი აცხადებს, უწყება ყველა მიმართულებით მუშაობს, როგორც ამას ითხოვს სამართლებრივი საფუძვლები, მათ შორის, გამოძიების მიმართულებით და დიპლომატიური არხებით.

“ამ მუშაობის ფარგლებში, მაქსიმალურად იქნა მიწოდებული ოჯახისთვის ინფორმაცია. ეს არის ის, რაც შემიძლია გითხრათ მხოლოდ.”

თითქმის ერთი წლის წინ კონგოში გაუჩინარებული მფრინავის, სოსო ოსორაულის ოჯახის წევრები და მეგობრები უნდობლობას უცხადებენ სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ოსორაულის გარდაცვალების შესახებ და უწყებას უმოქმედებაში ადანაშაულებენ.

2018 წლის 23 იანვარს ოჯახის ახლობლებმა, თორნიკე ახალაურმა, სოსო ოსორაულის მამიდაზე და ოჯახის წევრებზე დაყრდნობით, სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონგოში დატყვევებული მფრინავი ცოცხალია.

სოსო ოსორაულის დედამ, კატო ოსორაულმაც განაცხადა, რომ მისი შვილი ცოცხალია, თუმცა ძმამ ეს ინფორმაცია უარყო. გიორგი ოსორაული ძმის სესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად ევროპაში იმყოფება და კონგოში ჩასვლასაც აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი