ახალი ამბები

მარგველაშვილი: უნდა დამთავრდეს კოჰაბიტაცია და დაიწყოს ხალხის მმართველობა

26 აგვისტო, 2013 • • 1244
მარგველაშვილი: უნდა დამთავრდეს კოჰაბიტაცია და დაიწყოს ხალხის მმართველობა

გიორგი მარგველაშვილთან ერთად თერჯოლაში იმყოფებოდა ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძე,  მსახიობები კახი კავსაძე და გივი ბერიკაშვილი.

„აუცილებლად გადაწყვიტეთ და აირჩიეთ სწორი გზა ძვირფასო მეგობრებო. ეს გვაქვს ერთი, შესანიშნავი შანსი, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან კარგად დავაყენოთ ფეხზე. სწორი არჩევანი გავაკეთოთ დიდმა და პატარამ.  გაუმარჯოს კაცს, რომელიც მოდის იმ დაპირებებით, რომ ქვეყანას უშველის. ეს გახლავთ ბატონი გიორგი. დაუჭირეთ მხარი, ძალიან გთხოვთ სულ ყველას, დიდსა და პატარას,“- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას გივი ბერიკაშვილმა.

დღევანდელ შეხვედრაზე  ხელისუფლების წარმომადგენლების და მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებში კოჰაბიტაციის დასრულებაზე იყო საუბარი.  მანანა კობახიძის თქმით, ხალხი კოჰაბიტაციის გამო ხელისუფლებას ზოგჯერ ძალიან  აკრიტიკებს და ეს პროცესი დასრულდება:

„დარწმუნებული ვარ საზოგადოება უმრავლესობით აირჩევს მარგველაშვილს, ჩვენი კოალიციის კანდიდატს და დარწმუნებული ვარ რომ ამით დასრულდება ის, რასაც ჩვენ ვეძახით „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო მმართველობას, იმიტომ, რომ სააკაშვილის წასვლით მათი პოლიტიკური აქტიურობა მთავრდება. ხალხი, რომელიც ძალიან გვაკრიტიკებს ზოგჯერ ამ კოჰაბიტაციის გამო, ეს კოჰაბიტაციაც დასრულდება, დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

მისივე თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ქვეყანა  მშვიდობიანი განვითარების გზაზე გავა:

„სტაბილურობას უზრუნველყოფს სწორედ ის, რომ პრეზიდენტიც, უმრავლესობაც,  მთავრობაც იქნება იმ პოლიტიკური ძალის, რასაც ჰქვია „ქართული ოცნება“ და სწორედ ამ ერთობით შევძლებთ იმ ამოცანების გადაჭრას, რაც არის ქვეყნის წინაშე და განსაკუთრებით ეკონომიკურ სფეროში.“

სიტყვით გამოსვლისას კოჰაბიტაციის დასრულებაზე ისაუბრა კახი კალაძემაც და აღნიშნა, რომ კოჰაბიტაციის პროცესი თავსმოხვეულია:

„მე დარწმუნებული ვარ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მერე მთელი ქვეყანა, მთელი საქართველო იზეიმებს იმ დიდ გამარჯვებას, რასაც “ქართული ოცნების” წინსვლა ჰქვია. ეს ჩვენ 1 ოქტომბერს ნაწილობრივ გავაკეთეთ, მაგრამ ჯერ კიდევ თავსმოხვეული კოჰაბიტაციის რეჟიმში გვიწევს მუშაობა და თითოეული ჩვენგანი ხედავს, თუ რამდენად ძნელია ასეთ პირობებში, ასეთ ვითარებაში მუშაობა”, – განაცხადა კალაძემ.

მისივე მტკიცებით,  ჯერ კიდევ შემორჩენილია სააკაშვილის ხელისუფლების ნარჩენები, რომლებიც ხელს უშლიან ახალი მთავრობის მუშაობას და უწყობენ საბოტაჟს:

„მაგრამ გაძლევთ პირობას, 27 ოქტომბერს გიორგი მარგველაშვილის არჩევის შემთხვევაში ეს კოჰაბიტაციის რეჟიმი დასრულდება.“

სიტყვით  გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა  საუბარი საქართველოს გამრუდებულ გზასა და ქართველობაზე დაიწყო:

„რისთვის ვდგავართ ჩვენ ყველა დღეს აქ? ჩვენ დღეს აქ ვართ იმიტომ, რომ ვისაუბროთ საქართველოს მომავლის შესახებ, იმისთვის, რომ ერთიანად, ძალიან ძლიერად, ძალიან მტკიცედ დავსახოთ ჩვენი ქვეყნის განვითარების გეგმა, იმისთვის, რომ ერთიანად ვთქვათ უარი იმ გამრუდებულ გზაზე, რომელზეც სამწუხაროდ ბედისწერამ გვატარა, იმ გამრუდებულ გზაზე, რომელშიც თურმე ქართველს ადგილი არ აქვს, რომელშიც ქართველობა თურმე მთლად ისე საამაყო არ არის, იმ გამრუდებულ გზაზე, როდესაც უნდა გადავეკეთებინეთ, იმ გამრუდებულ გზაზე, როდესაც თურმე ჩვენს მიწა-წყალს უნდა მოვეშორებინეთ, იმ გამრუდებულ გზაზე, როდესაც ოჯახები უნდა განცალკევებულიყო, ერთი კაცი წასულიყო საშოვრად და მეორეს ბავშვები უნდა გაეზარდა. ჩვენ დღეს, კიდევ ერთხელ ძალიან მტკიცედ უნდა გავაკეთოთ არჩევანი, იმის მიმართ, რასაც ჰქვია მომავალი თანამედროვე საქართველო. კიდევ ერთხელ უნდა წავართვათ ხელისუფლება იმ ხალხს, ვისაც უნდა რომ ეს ხელისუფლება უკანონოდ ხელში  ჩაიგდოს. პოლიტიკოსებს, რომლებსაც პოლიტიკა კი არ ესმით, არამედ ამბიციები ამოძრავებთ.“

მარგველაშვილის განცხადებით, მან იცის რომ თერჯოლას ბევრი პრობლემა აქვს:

„უფრო სწორად, ბევრი პრობლემაც აქვს და ბევრი შესაძლებლობაც, რომელიც აქ უნდა გაიხსნას.  ის, რაც რაიონში კეთდებოდა არაჩვეულებრივი მეღვინეობის მიმართულებით, რომლითაც შამპანიურის ქარხანა იყო გახსნილი, მეცხვარეობის მიმართულებით და მესაქონლეობის მიმართულებით, რაც რაიონში კეთდებოდა და ამ პრობლემებისთვის სამწუხაროდ, ხელისუფლებას ზურგი ჰქონდა შექცეული. ეს ყველაფერი ახლა ნელ-ნელა იწყება.  სოფლის მეურნეობის უპრეცენდენტო პროგრამა განხორციელდა,  700 ათას ფერმერს სახელმწიფომ მიხედა. თერჯოლის რაიონში ეს დაახლოებით 18 ათასი ადამიანია. აქვე, თერჯოლის რაიონში ათვისებული იქნა აგრეთვე მცირე სესხების პროგრამა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს უნდა გაგრძელდეს შემოდგომიდან  და ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ჩართული ამაში, იმიტომ რომ კოოპერატივებზე ძალიან საინტერესო კანონი იქნება დამტკიცებული და თქვენ ამას ძალიან ყურადღებით უნდა მოეკიდოთ, რადგან ჩვენ ერთად, ხელისუფლებამ და ხალხმა ხელი-ხელ უნდა ავაღორძინოთ ეს ქვეყანა.“

მარგველაშვილი აცხადებს, რომ უნდა დამთავრდეს კოჰაბიტაცია და დაიწყოს ხალხის მმართველობა:

„წინა კვირაში ვიყავი კახეთში და წერილი გადმომცეს, რომლის შინაარსმაც მერე შემზარა. ერთ-ერთი ადამიანი, არჩილ იმერლიშვილი, აფხაზეთის ომის ვეტერანი, 4 შვილის მამა, ამ ადამიანს თურმე არ აქვს დანიშნული არავითარი შეწევნა ხელისფულებისგან. ხელისუფლებისგან, რომელიც ყოველ წუთას იმაზე ზრუნავს, რომ დაეხმაროს ასეთ ადამიანებს. აღმოჩნდა ის, რაც მე არაერთხელ მინახავს, რაც მინახავს სოფლის მეურნეობაში, რაც მინახავს განათლების სისტემაში, რაც ეხლა სოციალური დაცვის სიტემაში  ხდება, ეს ინფორმაცია არ მიდის მინისტრებამდე, მათ მოადგილეებამდე.  ინფორმაციას უბრალოდ არ აწოდებენ ის ადამინები, რომლებსაც ელემენტარულად ბოროტი უნდათ, მეტი რა მიზეზით უნდა გააკეთო ეს? ეს არის საბოტაჟი, საბოტაჟი მიმართული როგორც ხელისუფლების, ასევე მისი შემადგენელი ნაწილის და მისი მთავარი ძალის, ხალხის წინააღმდეგ. საბოტაჟი, რომლის შედეგადაც ადამიანები წვალობენ, ვერ იღებენ შესაბამისს დახმარებას. ამ საბოტაჟის ფუნდამენტი და საფუძველი არის ის ადამიანი, რომელიც საბოტაჟს აკეთებს ყველაფერში. როდესაც პარლამენტში შედის კანონი, მე ვიცი, რომ მას {პრეზიდენტი} ვეტოს დაადებს, როდესაც ელჩის დამტკიცებაა, იმისთვის, რომ საქართველოსთვის იმუშაოს და არა „ქართული ოცნებისთვის“, მე ვიცი რომ ამ ელჩს არ დაამტკიცებს, როდესაც რამე გადაწყვეტილებაა მიღებული სასამართლო სისტემაში, მე ვიცი, რომ იმ ადამიანს მეორე დღეს გამოუშვებენ, მე ვიცი, რომ საქართველოზე ისაუბრებენ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება ქვეყნის გარეთ.  იმისთვის, რომ ასეთი საბოტაჟი აღარ იყოს, იმისთვის, რომ ჩვენ ერთად შევძლოთ, ავაშენოთ ხვალინდელი საქართველო, ამისათვის უნდა დამთავრდეს ის, რასაც ჰქვია კოჰაბიტაცია და დაიწყოს ხალხის მმართველობა.“

მისივე სიტყვებით, ამის გარანტია თვითონ იძლევა:

„ეს უნდა მოხდეს არა სუსტად, არამედ ძალიან ძლიერად. ძალიან ძლიერად უნდა მოვახდინოთ ეს, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ აქ არანაირი კოჰაბიტაცია არ მიმდინარეობდა. აქ მიმდინარეობდა დაპირისპირება. დაპირისპირება ხალხსა და ერთ ჯგუფს შორის, რომელსაც უნდოდა პრობლემები შეექმნა. 27 ოქტომბერს ყველამ ერთად, გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი,  შემოვხაზოთ 41 და მივცეთ ახალი შანსი ამ ქვეყანას. ძალიან მიყვარხართ და მეამაყებით,“- განაცხადა მარგველაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი