ახალი ამბები

აკაკი ზოიძე: აუცილებელია ნარკოპოლიტიკის გაადამიანურება

25 იანვარი, 2018 • 1821
აკაკი ზოიძე: აუცილებელია ნარკოპოლიტიკის გაადამიანურება

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე  ნარკოპოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტარებს მოუწოდებს, მობილიზდნენ და მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღონ ახალი კანონპროექტი, რომლის ნაწილზეც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ ეს კანონპროექტი 2017 წლის ივნისში დაარეგისტრირა, თუმცა პარლამეტმა მისი მიღება ამ დრომდე ვერ შეძლო.

“აუცილებელია ნარკოპოლიტიკის გაადამიანურება იმ კუთხით, რომ გასაღებასა და მოხმარებას შორის მკაფიო ზღვარი უნდა გავავლოთ, გამსაღებელთან დაუნდობელი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ არა მარტო კანონის გამკაცრებით, არამედ არსებული კანონის აღსრულებითაც. მეორე მხრივ, მომხმარებელთან გამოვიჩინოთ ჰუმანური დამოკიდებულება.

პრევენცია, ახალგაზრდების განათლება უნდა იყოს ქვაკუთხედი ნარკომომხმარებლების შემცირების სტრატეგიისა. ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას ხელი უნდა შევუწყოთ იმით, რომ ნარკოდამოკიდებულებს ვუმკურნალოთ და იმ ადამიანებს, რომლებიც ნარკოდამოკიდებულების გზაზე დგანან, დროულად მივაწოდოთ ინფორმაცია და დახმარება. ეს არის ახალი კანონპროექტის არსი.

რა კონდიციმდეც არის ეს საკანონმდებლო ინიციატივა მიყვანილი, პრინციპში, ეს სრულად ასახავს იმ პრინციპებს, რაც იყო გამოხატული საზოგადოების ძირითადი ნაწილის მიერ. რჩება ზღვრული ოდენობების თემა, რჩება კომისიის ეფექტიანობის თემა და, იმედი მაქვს, უახლოეს რამდენიმე კვირაში ამას შევაჯერებთ,”- განაცხადა აკაკი ზოიძემ,

კანონპროექტით, ზღვრული ოდენობების გაწერასთან ერთად  ერთ-ერთი სიახლე იქნება საქართველოს მასშტაბით 15 სხვადასხვა ადგილას შექმილი კომისია. კანონპროექტით, ეს კომისიები ნარკოდამოკიდებულ ადამიანებთან იმუშავებენ და იმ შემთხვევაში, თუ ნარკოტიკებთან შემხებლობის მქონე პირი არ გაითვალისწინებს კომისიის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, ამის შემდეგ მიმართავს კომისია სასამართლოს, კონკრეტული სანქციის დაკისრების თაობაზე იმსჯელოს. კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ ამ ადამიანებს  მკურნალობისა და რეაბილიტაციის შესაძლებლობა მიეცეთ, რისთვისაც, სახელმწიფომ სერვისები უნდა განავითაროს.

აკაკი ზოიძე პარლამენტარებს ამ კანონპროექტის მისაღებად მობილიზებისკენ მოუწოდებს:

“ჩემს კოლეგებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მგონი, მათ მოწოდება არ სჭირდებათ, ყველა მზად არის იმისთვის, რომ ეს პროცესი სწრაფად დავასრულოთ, რომ ასეთი აქციების საჭიროებები არ იყოს,”- ამბობს აკაკი ზოიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი