ახალი ამბები

კარფურში ნაყიდი სენდვიჩით 19 ადამიანი მოიწამლა – დაავადებათა კონტროლის ცენტრი

25 იანვარი, 2018 • 2907
კარფურში ნაყიდი სენდვიჩით 19 ადამიანი მოიწამლა – დაავადებათა კონტროლის ცენტრი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, “კარფურში” საკვები მოწამვლის გამო 19 ადამიანს დიარეული ინფექცია დაემართა.

ლევან ბაიდოშვილმა, ნოზოკომიური, აღმოცენებადი, წყლით და საკვებით გადამცემი დაავადებების და პარაზიტოლოგიის სამმართველოს უფროსმა, “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მათი კვლევის მიხედვით, 19 ადამიანი მოიწამლა საკვებით, აქედან 14–ს დასჭირდა სამედიცინო დახმარება.

“მათ აქვთ ნაწლავთა დიარეული ინფექცია. პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ მოხვდა, პრაქტიკულად გაწერილია. საავადმყოფოში რჩება სამი პაციენტი, აქედან ორი ბავშვია და ერთი მოზრდილი. მოზრდილი ალბათ ხვალ შუადღისთვის გაეწერება და ბავშვებსაც ხვალ საღამომდე – მაქსიმუმ ზეგ შუადღემდე, გაწერენ. ბავშვების მდგომარეობა საკმაოდ ადვილად დასტაბილურდა და მათი მკურნალობა განსაკუთრებულ მეთოდიკას არ საჭიროებს”, – განაცხადა ბაიდოშვილმა.

ბაიდოშვილის თქმით, თითოეული ეს შემთხვევა არის მსუბუქი, ბავშვთა მკურნალობაზე ყურადღება გამახვილდა, რადგან ბავშვის ორგანიზმის გაუწყლოება უფრო ადვილად ხდება, ვიდრე მოზარდის, ღებინებისა და ფაღარათის ფონზე.

გუშინ, 25 იანვარს, სურსათის უვნებლობის სააგენტომ ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ “კარფურის” სენდვიჩების განყოფილებას წარმოების პროცესი შეუჩერა კრიტიკული შეუსაბამობის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი