ახალი ამბები

მკვლელობასა და საბრძოლო მასალის შენახვაში ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა შეუფარდეს

25 იანვარი, 2018 • 1582
მკვლელობასა და საბრძოლო მასალის შენახვაში ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა შეუფარდეს

გორის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მვლელობაში, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულს პირს 10  წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა გ. მ–მ 2017 წლის 6 მაისს გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ა.მ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რითაც ა.მ-მ მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

იმავე დღეს გ.მ. ასევე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მ.ს-ს ფიზიკურად გაუსწორდა, იგი რამდენიმე წუთის განმავლობაში ძლიერად სცემდა დაზარალებულს, რამაც გულმკერდის დახურული ტრავმა და ნეკნების მოტეხილობა გამოიწვია, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი, აცხადებს პროკურატურა.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ გ.მ-მ პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად მივიდნენ, ძალადობის გზით წინააღმდეგობა გაუწია და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა.

პროკურატურის ინფორმაციით, გ.მ. 2017 წლის 6 მაისს გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს 1290 ერთეული სხვადასხვა კალიბრის ვაზნა და ფეთქებადი ნივთიერება –  საარტილერიო დენთი.

გ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, ორი ეპიზოდი), 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა ჩადენილი ძალადობით),  236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) და 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი