შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს საქმიანობაში ბიზნესომბუდსმენის აპარატი ჩაერთვება

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს საქმიანობაში ბიზნესომბუდსმენის აპარატიც ჩაერთვება, შესაბამისი ცვლილება “შესყიდვების შესახებ კანონში” უკვე განხორციელდა.

კანონის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის ჩატარებისას წარმოშობილი დავის სწრაფად და ეფექტიანად გადაწყვეტის მიზნით შეიქმნა. დავების საბჭოს ხელმძღვნელობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე.

“შესყიდვების შესახებ კანონის” 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ბიზნესისომბუდსმენის წარმომადგენელთა დავების საბჭოში ჩართვას გულისხმობს. კანონის თანახმად: “თუ სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს (მათი ოდენობა აისახება კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში) შეადგენს ან აღემატება მათ,”-წერია კანონში.

“ნეტგაზეთს” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში განუცხადეს, რომ კონკრეტულად რა შემთხვევაში ჩაერთვება აპარატი დავების საბჭოში და რას ითვალისწინებს კანონით განსაზღვრული ზღვარი, ეს თებერვლის დასაწყისში გახდება ცნობილი. სააგენტოში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე კანონქვემდებარე აქტზე მუშაობა მიმდინარეობს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 2014 წელს შეიქმნა. სააგენტო კოორდინაციასა და მონიტორინგს უწევს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობას. მისი საქმიანობის კონტროლს საქართველოს მთავრობა ახორციელებს, ხოლო სააგენტოს თავმჯდომარეს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს.

რაც შეეხება ბიზნესომბუდსმენს, ის იცავს სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული ადამიანების ინტერესებს. 2011 წლიდან არსებობდა საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელმაც 2015 წელს სახელწოდება შეიცვალა და ბიზნესომბუდსმენან გარდაიქმნა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.