ახალი ამბები

8 თებერვალს საქართველოში FIFA-ს მსოფლიო თასს ჩამოიტანენ

25 იანვარი, 2018 • 2330
8 თებერვალს საქართველოში FIFA-ს მსოფლიო თასს ჩამოიტანენ

თბილისის მერიის, ფეხბურთის ფედერაციისა და კოკა-კოლას პარტნიორობით, 8 თებერვალს საქართველოში FIFA-ს მსოფლიო თასს ჩამოიტანენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თასი გადაინაცვლებს თბილისი მოლის შენობაში. მისი ხილვა ქართველ გულშემატკივარს თბილისი მოლის ცენტრალურ ატრიუმში 13:00 საათიდან 18 :00 საათამდე შეეძლება.

მსოფლიო თასის ტურის ორგანიზებას კოკა-კოლა უზრუნველყოფს, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივრებს სთავაზობს, საფეხბურთო სფეროში გამორჩეული ჯილდო საკუთარი თვალით იხილონ და მსოფლიოს უდიდეს სპორტულ ღონისძიებაში ჩაერთონ.

ღონისძიების მიზანია ფეხბურთის, როგორც განსაკუთრებით პოპულარული სპორტული სახეობის, მხარდაჭერა.

FIFA-ს მსოფლიო თასის ტური კოკა-კოლამ 2017 წლის სექტემბერს დაიწყო. ტური პლანეტის 6 კონტინენტის 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს და ცხრა თვის განმავლობაში 126000 კილომეტრს გაივლის.

ყველა სიახლე, მათ შორის ღონისძიებების თარიღები, ექსკლუზიური ინტერვიუები, ფოტო-ვიდეომასალა FIFA-ს მსოფლიო თასის ტურის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ოფიციალურ Facebook გვერდზე და Instagram-ის გვერდზე.

FIFA-ს მსოფლიო თასი მსოფლიოში აღიარებული და ფასდაუდებელი სპორტული სიმბოლოა, მისი შეხება ადამიანების ძალზე ვიწრო წრეს შეუძლია, მათ შორის, მსოფლიო თასის გამარჯვებულებს და სახელმწიფოს მეთაურებს. თასი ოქროსგანაა დამზადებული და 6.142 კილოგრამს იწონის. მისი ამჟამინდელი დიზაინი დასაბამს 1974 წლიდან იღებს.

რეგულაციების თანახმად, თასი რჩება FIFA-ს საკუთრებაში, გამარჯვებულ გუნდს შეუძლია მხოლოდ დროებით დაიტოვოს ის, ხოლო სამუდამო საკუთრებაში მათ გადაეცემათ თასის ასლი, რომელიც მოოქროვილია და მასზე დატანილია წელი, მასპინძელი ქვეყანა და გამარჯვებული გუნდის სახელწოდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი