ახალი ამბებისაზოგადოება

ნებაყოფლობითი და სავალდებულო რეზერვი – რას ითვალისწინებს ახალი კონცეფცია

25 იანვარი, 2018 • 5616
ნებაყოფლობითი და სავალდებულო რეზერვი – რას ითვალისწინებს ახალი კონცეფცია

ნებაყოფლობითი და სავალდებულო – ასეთი იქნება თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეზერვის ახალი კონცეფცია, რომელში ჩართვითაც, პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მოქალაქე არ მოწყდება სამოქალაქო აქტივობას. თავად თავდაცვის მინისტრის განცხადებით კი, ახალი კონცეფციის მიზანი ტოტალურ თავდაცვაში მოქალაქეების ფართო ჩართულობის უზრუნველყოფაა.

ახალი კონცეფციის მიხედვით, ორი რეზერვი – აქტიური (იგივე ნებაყოფლობით) და სამობილიზაციო (იგივე სავალდებულო) შეიქმნება.

აქტიური, იგივე ნებაყოფლობითი რეზერვი სამ ქვეკატეგორიას მოიცავს. პირველი ქვეკატეგორიაა შეიარაღებული ძალების რეზერვი. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ამ ტიპის რეზერვი სამხედრო ძალების შემადგენლობაში რეზერვისტის დაუყონებლივ ჩართვას, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გაძლიერებასა და მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

როგორც თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, შეიარაღებული ძალების რეზერვი ძირითადად ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისგან, ყოფილი პოლიციელებისაგან და უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლებისგან დაკომპლექტდება.

რეზერვში ჩართვის შემთხვევაში მათ 5-წლიანი კონტრაქტები გაუფორმდებათ და ეს საქმიანობა აუნაზღაურდებათ. ანაზღაურება იმ წოდების მიხედვით განისაზღვრება, რომელიც მათ აქტიური მუშაობის დროს ჰქონდათ. დროის იმ მონაკვეთში, როდესაც რეზერვში გაწვეულნი იქნებიან (წელიწადში 45 დღე), ისინი წოდებით განსაზღვრული ანაზღაურების 100%-ს მიიღებენ, დანარჩენ თვეებში კი, წოდებრივი ანაზღაურების 20%-ს. რეზერვში ჩართვისთვის ასაკის მაქსიმალური ზედა ზღვარი 50 წელია. 

“შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის, სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ვინც აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ეს იქნება დამატებითი მოტივაცია, კვლავ ემსახუროს თავის ქვეყანას და ამისთვის მიიღოს გასამრჯელო”,-  ამბობს ლევან იზორია.

ნებაყოფლობითი რეზერვის მეორე ქვეკატეგორიაა ტერიტორიული რეზერვი. სამინისტროს განმარტებით, ტერიტორიული რეზერვი, ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზების გზით, შეიარაღებული ძალების დამატებითი საბრძოლო მხარდაჭერას უზრუნველყოფს, ის შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში შევა.

რეალური მუშაობის დროს ტერიტორიულ რეზერვში ჩართული ადამიანი იმ სამხედრო ბაზაზე განაწილდება, რომელიც მის საცხოვრებელთან ახლოსაა, მაგალითად, სამეგრელოში მცხოვრები პირი სენაკის სამხედრო ბაზაზე და ა.შ. ტერიტორიულ რეზერვში შესაძლებელია ჩართული იყოს როგორც თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები, ისე ის სამოქალაქო პირები, ვისაც ამის სურვილი აქვს. ტერიტორიულ რეზერვში მუშაობა ასევე ანაზღაურდება.

თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ თუ ტერიტორიულ რეზერვში სამოქალქო პირი ჩაერთვება, მას ავტომატურად მიენიჭება რიგითის წოდება. რიგითის დარიცხული ხელფასი 950 ლარია, ხოლო საშემოსავლო გადასახადის დაქვითვის შემდეგ 760 ლარს შეადგენს მისი ხელფასი. შესაბამისად, გაწვევისას, რაც წელიწადში 45 დღეა, თავდაცვის სამინისტრო მას ამ ოდენობის ხელფასს გადაუხდის. ხოლო დანარჩენ დროს- ამ თანხის 20%-ს (152 ლარს). რეზერვში ჩართვისთვის ასაკის მაქსიმალური ზედა ზღვარი 55 წელია. 

ნებაყოფლობითი რეზერვის მესამე ქვეკატეგორიაა სპეციალისტების რეზერვი, რომელიც უწყების განმარტებით სიახლეა და არსებულ კანონმდებლობაში ანალოგი არა აქვს. ამ ტიპის რეზერვის შექმნის მიზანი სამხედრო ძალების სპეციფიკური მოთხოვნებისა და ამოცანების გადაჭრაა. მაგალითად, თუ თავდაცვის სამინისტრო გადაწყვეტს, რომ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი სჭირდება, ან ვთქვათ, ექიმი, სწორედ ამ სპეციალისტს ჩართავს რეზერვში. სპეციალისტების რეზერვში მუშაობაც აუნაზღაურდება პირს და ამ შემთხვევაშიც ანაზღაურების ის პრინციპი იმოქმედებს, რაც ტერიტორიული რეზერვის შემთხვევაში არსებობს. რეზერვში ჩართვისთვის ასაკის მაქსიმალური ზედა ზღვარი 65 წელია. 

რაც შეეხება რეზერვის მეორე ტიპს, სამობილიზაციო რეზერვს, აქტიური რეზერვისგან განსხვავებით სავალდებულოა. სავალდებულო რეზერვის გამოყენებით უწყება სამხედრო ძალების გაძლიერებას და დანაკარგის შევსებას აპირებს.

სავალდებულო რეზერვში 18-დან 60 წლამდე მოქალაქეები ჩაირიცხებიან, ისინი აღრიცხული იქნებიან ელქტრონულ სიაში და მათ გაწვევასა და რაოდენობას შეიარაღებული ძალების საჭიროებები განსაზღვრავს. სავალდებულო რეზერვში ჩართვისას მხოლოდ ის პერიოდი (წელიწადში არაუმეტეს 45 დღე) ანაზღაურდება, როდესაც პირი გაწვეული იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ სავალდებულო რეზერვში გაიწვევენ პირს და ის დასაქმებულია, მას თანამდებობაც და ხელფასიც უნარჩუნდება და ამ საკითს მოქმედი შრომის კოდექსი არეგულირებს. შრომის კოდექსის 36-ე მუხლი განმარტავს იმ გარემოებებს, როცა ხდება შრომითი ურთიერთობების შეჩერება და არა შეწყვეტა, მათ შორის ერთ-ერთია სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა. კოდექსის 36-ე მუხლი ამბობს იმასაც, რომ თუ სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევით ჩერდება შრომითი ურთიერთობები, დასაქმებულს შრომის ანაზღაურება უნდა გადაუხადონ.

თავდაცვის სამინისტროს წელსვე აქვს დაგეგმილი აქტიური, იგივე ნებაყოფლობით რეზერვის ამოქმედება და, როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, წელს 260 პირის მიღება იგეგმება. თავდაცვის სამინისტროს ამისთვის 1 300 000 ლარი აქვს გათვალისწინებული. 

სამხედრო რეზერვის ახალი კონცეფციის შესახებ კანონპროექტი ჯერჯერობით საჯარო არაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი