ახალი ამბები

გოგიჩაიშვილის თქმით, “იბერიაში” მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა დაცული იქნება

24 იანვარი, 2018 • 3581
გოგიჩაიშვილის თქმით, “იბერიაში” მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა დაცული იქნება

ტელეკომპანია “იბერიაში” გადასვლის შემდეგ, ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი ფეისბუკზე იმ მიზეზების შესახებ საუბრობს, რის გამოც გადაწყვიტა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის დატოვება. ჟურნალისტი აცხადებს, რომ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირქტორი იღებდა ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, თუ რა უნდა გასულიყო ეთერში და რა არა. გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “იბერიაში” მსგავსი საფრთხე არ დაემუქრება.

ნეტგაზეთის კითხვაზე, კონკრეტულად რომელი და რა ტიპის სიუჟეტების დაბლოკვა სურდა სამაუწყებლო კომპანიის მენეჯმენტს, აკაკი გოგიჩაიშვილი გვპასუხობს:

“მაგალითად, უნდოდათ სიუჟეტის დაბლოკვა, რომელიც ეხებოდა კონკრეტულ კომპანიას, რომელთანაც “რუსთავი 2”-ს გარკვეული კომერციული ურთიერთობა ჰქონდა. მაგალითად, ეხებოდა სახელმწიფო უწყებას, რომელთანაც არ ვიცი, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს “რუსთავი 2″-ს. არცერთი სიუჟეტი დაბლოკილა იმიტომ, რომ მე, სიმართლე გითხრათ, ძალიან მწვავე ბრძოლა მქონდა და დავაყენე საკითხი, რომ ან გავა სიუჟეტი, ან მე წავალ. მაშინ ჩემი გავიტანე, მაგრამ ახლა ჩემი გადაცემა აღარ მაქვს და ვეღარ გავიტან ჩემსას,” – ამბობს გოგიჩაიშვილი.

აკაკი გოგიჩაიშვილის თქმით, არანაირი საფუძველი აქვს იფიქროს, რომ ტელეკომპანია “იბერიაში” არ ექნება სარედაქციო დამოუკიდებლობა. მისი თქმით, ეს მოლაპარაკებების ნაწილი იყო: “ჟურნალისტები ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაქვს სრული საფუძველი ვიფიქრო, რომ ამ მხრივ არანაირი ხელის შეშლა არ იქნება.”

აკაკი გოგიჩაიშვილი წერს, რომ მისთვის მიუღებელია, როდესაც მრავალწლიანი გამოცდილების კვალიფიციურ კადრებს ერთი ხელის მოსმით, ახსნა-განმარტების გარეშე, ერთპიროვნული გემოვნებით, ქუჩაში უშვებენ, ხოლო „ფული არ არის საკმარისი“ ამას ნამდვილად ვერ ხსნის. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ახალი წლის შემდეგ ტელეკომპანია “იბერიის” გადაცემა “ბიზნესკოდის” თანამშრომლების უმეტესობას კონტრაქტები შეუწყდა. გოგიჩაიშვილის თქმით, ამის შესახებ არ აქვს ინფორმაცია.

“რატომ უნდა გამერკვია? ჩვენ შევთანხმდით, მათ შორის, ფინანსურ პირობებზე როგორც ჩემთვის, ასევე ჟურნალისტებისთვის, რომლებიც იქ იმუშავებენ. ხელშეკრულებით არის ყველაფერი გაწერილი. შემდეგ რა და როგორ იქნება, ამაზე წინასწარ ფიქრი არ მიმაჩნია სწორად,” – ამბობს აკაკი გოგიჩაიშვილი.

ჟურნალისტის თქმით, მთელი მისი გუნდი “რუსთავი 2”-იდან თვენახევრით ადრე გაათავისუფლეს, სანამ თვითონ დატოვებდა ამ ტელეკომპანიას. შესაბამისად, როგორც გოგიჩაიშვილი ამბობს, ყველა პროფესიონალმა უკვე დაიწყო სხვაგან ისეთი ხელფასით მუშაობა, რომ ტელეკომპანია “იბერიაში” ვეღარ წაიყვანდა, რის გამოც ახალი კადრების შერჩევა მოუწია.

“მიუღებელია, რომ ათწლეულების საბრენდო გადაცემა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ისე იხურება, რომ იქ მომუშავეები ამის შესახებ შემთხვევით, ეთერის წინ გებულობენ პროგრამების განყოფილებიდან, და ვერც ამას ხსნის „ფინანსური პრობლემები“, რადგან ამ გადაცემის ოთხმაგი და ხუთმაგი ბიუჯეტი ერთ ხელფასადაც გაიცემა და თითქოს ესეც პრობლემა არ არის,” – წერს ჟურნალისტი.

გოგიჩაიშვილი ნიკა გვარამიას აკრიტიკებს. როგორც ჟურნალისტი აცხადებს, არხის გენერალურ დირექტორს არ ესმის, რომ ჟურნალისტები, რომლებმაც შექმნეს არხი და დღესაც მხრებით მიაქვთ, ელემენტარულ ახსნას იმსახურებენ, თუ რატომ არ უნდა გავიდეს ეთერში სიუჟეტი, რომელშიც უამრავი შრომა ჩადეს, ან რატომ უნდა გადაინაცვლონ ერთი გადაცემიდან მეორეში თითების ერთი გაწკაპუნებით – “კადრების განყოფილებიდან ერთი სატელეფონო ზარი ამას ნამდვილად არ შველის.”

ჟურნალისტი ასევე წერს, რომ P.S.-ის ყოფილი წამყვანი, დათო კიკალიშვილმაც არხის არასწორი მენეჯმენტის გამო დატოვა გადაცემა, რომელიც წლების განმავლობაში მიჰყავდა.

“თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელფასისა თუ უხელფასობის გამო მივდივარ – ცდება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მე ვიქნები უკანასკნელი, ვინც წავა – ასევე ცდება. თუ დირექტორმა არ იცის, რაზე საუბრობენ თანამშრომლები, რა აწუხებთ და რაზე აქვთ პროტესტი – ჩვენ მაინც ხომ ვიცით, და თუ რამე მეშლება, შემისწორეთ, თუ ვინმეს ვაწყენინე – ბოდიში. არაფერზე გული არ მწყდება იმ ძალიან კარგი ადამიანების გარდა, ვისაც ყოველდღე ვხედავდი და ახლა უბრალოდ ხშირად ვერ ვნახავ და ვერც მათ გვერდით დავიცავ არხის იმიჯს – წარმატებები ყველას,” – წერს გოგიჩაიშვილი.

როგორც აკაკი გოგიჩაიშვილი წერს, არ უნდოდა ყურადღების მიქცევა და პოსტი “რუსთავი2”-ის შიდა ჯგუფში გამოაქვეყნა მხოლოდ, მაგრამ მაშინვე წაშალეს. მას ყოფილი თანამშრომელი, თამილა გველესიანი პასუხობს და წერს, რომ შიდა ჯგუფში არანაირი პოსტი დადებულა.

“არ ვიცი, ვინ წაშალა შიდა ჯგუფიდან ეს პოსტი. რაც ახლა მიწერია, P.S.-ის და სხვა შიდა ჯგუფებში, ამაზე ათჯერ მეტი გვაქვს ყველას ერთად ნასაუბრები. თუ ვინმე იყო დარჩენილი, იმის გამო, რომ კითხვები არ გასჩენოდათ… მაგალითად, ნიკა გვარამიამ დაწერა, რომ ფული გადაუხადესო. ეს პოსტი დავწერე შიდა ჯგუფში, რომელიც მერე წაიშალა. მეწყინა, გავბრაზდი და ამიტომ დავწერე ჩემს გვერდზე. თავიდანვე ამ პოსტში ისეთი ნიუანსებია, აშკარად ჩანს, რომ შიდა ჯგუფისთვის არის დაწერილი. ნიუანსები, რომელიც შეხვედრებს ეხება, მარტო “რუსთავი 2″-ის ჟურნალისტებმა იციან. თუმცა მერე მომწერეს, რომ არ დაგიდია და არავის წაუშლიაო, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ჩემს თავს ვენდობი,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” აკაკი გოგიჩაიშვილმა.

რაც შეეხება ტელეკომპანია “იბერიაში” მის გეგმებს, აკაკი გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ კვლავ გააგრძელებს მოვლენების კრიტიკულად შეფასებას, რაც ჟურნალისტის მოვალეობაა:

“მე ვარ ის, რაც ვარ. თუ იქნება ისეთი თემა, რომელიც მოითხოვს კრიტიკულ ანალიზს, ჟურნალისტის მოვალეობაა, რომ კრიტიკულად გააშუქო. ეს ჩემი კრედო და პროფესიული მოვალეობაა. სად მუშაობ და რომელი ხელისუფლების პირობებში, ვცდილობ, რომ ეს მაქსიმალურად გავაკეთო და არ გამომრჩეს. ამ მხრივაც ტელეკომპანია “იბერიაში” ვერ ვხედავ პრობლემას.”

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აკაკი გოგიჩაიშვილის პოსტს ფეისბუკშივე გამოეხმაურა და მოწინააღმდეგე მხარის სამსახურში გადასვლაში დაადანაშაულა.

“რა სამწუხაროა, როცა ადამიანები ფულის გამო სახეს კარგავენ და საკუთარი კომპანიის და სწორი პრინციპების და ღირებულებების წინააღმდეგ იმათ სამსახურში გადადიან, ვისგანაც გამალებული იცავდი. ხო, მართლა, დაბლოკვებით შეწუხებული გოგიჩაიშვილი პატრიოტთა ალიანსის წევრის ტელევიზიაში გადავიდა. 30%-იანი პროდასავლური რ2-დან 0,3%-იან ოქუაშვილის იბერიაში,” – წერს ნიკა გვარამია და აკაკი გოგიჩაიშვილის პოსტის სქრინებს აქვეყნებს.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა აკაკი გოგიჩაიშვილის გადაცემა “ბიზნესკურიერი” 2017 წლის ივლისში, ხოლო მეორე გადაცემა “კვირის გამოძიება” 2017 წლის ნოემბერში დახურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი