ახალი ამბებიეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტროს ნაწილი იუსტიციის სახლში განთავსდა

24 იანვარი, 2018 • 1869
ეკონომიკის სამინისტროს ნაწილი იუსტიციის სახლში განთავსდა

ეკონომიკის სამინისტროს ნაწილი იუსტიციის სახლში განთავსდა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი თითქმის ერთი თვეა იუსტიციის სახლში მუშაობს.

“სამინისტროს ძირითადი ნაწილი, მოადგილეები და პოლიტიკის დეპარტამენტების დიდი ნაწილი იუსტიციის სახლშია გადმოსული,”-აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო სრულად ვერ დაეტევა იუსტიციის სახლში  და თანამშრომელთა ნაწილი სხვადასხვა სამინისტროს შენობებში გადანაწილდება. რაც შეეხება ჭოველიძის ქუჩაზე ნაქირავებ შენობას, ეკონომიკის სამინისტრომ ის აპრილამდე უნდა დაცალოს.

ეკონომიკის სამინისტროს რამდენიმე შენობაში განთავსების შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გასული წლის ბოლოს გააკეთა. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ამით სამინისტრო თანხის დაზოგვას შეძლებს.

“ვფიქრობთ, ეკონომიკის სამინისტრო გადანაწილდეს რამდენიმე შენობაში. ალბათ, პირველი კვარტლის ბოლოს ჩვენ შევძლებთ დავცალოთ ეს შენობა და გადავნაწილდეთ, თუმცა ეს არის საუკეთესო სურვილი იმისთვის, რომ ჩვენ თანხები დავზოგოთ, მაგრამ ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული,”-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ეკონომიკის სამინისტროს შენობა 2015 წელს 9 450 000 დოლარად გაიყიდა. მყიდველს სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს აშენება დაევალა.

ეკონომიკის სამინისტრო ნაქირავებ შენობაში წლიურად 900 ათას აშშ დოლარს იხდიდ., შენობის ფართი, სადაც სამინისტროა განთავსებული, 7 500 კვ.მ-ია. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ჭოველიძის ქ. 10-ში მდებარე შენობა შპს „ბიზნეს ცენტრი ბელინსკისგან“ 2016 წლის ბოლომდე იქირავა, ყოველთვიური საიჯარო ქირის ღირებულება კი შეადგენს 75 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს ბიზნესცენტრი ბელინსკზე 2014 წლის დეკემბერშია რეგისტრირებული და მისი 100%–იანი წილის მესაკუთრე შპს ტიფლის ბიზნესჯგუფია.  ბიზნესცენტრის დირექტორი  გიორგი ზაქაიძეა. რაც შეეხება შპს ტიფლის ბიზნესჯგუფს, ის 2013 წლის აგვისტოშია რეგისტრირებული და მისი დირექტორიც ასევე გიორგი ზაქაიძეა. ტიფლის ბიზნესჯგუფის 100% ცაცა კვირიკაშვილს ეკუთვნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი