“მოქალაქე წმინდანი” – თინათინ ყაჯრიშვილი ფილმის გადაღებას 2018 წელს იწყებს

ამბავი გაცოცხლებული წმინდანისა და მაღაროელების კერპთაყვანისმცემლობის შესახებ – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი ფილმს იღებს, სახელწოდებით “მოქალაქე წმინდანი”.

პროექტის მიხედვით,  მოქმედება მაღაროელების ქალაქში ხდება, რომლის მაცხოვრებლებსაც ჰყავთ წმინდანი. წმიდანის ქანდაკება ქალაქის მთავარ მოედანზე დგას. ერთ დღესაც ეს ქანდაკება გაცოცხლდება. წმინდანი მოქალაქეებს შორის დაიდებს ბინას. მისი გაცოცხლება და რიგით მოქალაქედ ქცევა ქალაქის მოსახლეობას აწუხებს და არ იციან, როგორ მოიქცნენ.

მომავალი ფილმის სინოფსისის მიხედვით, წმინდანი სასწაულებსაც ახდენს, თუმცა არაფერი აქვს საერთო რელიგიასთან. იგი მეშახტე იყო გარდაცვალებამდე, რომელმაც ქალაქის მოსახლეობას მადნის მოპოვება ასწავლა.

წმინდანი, დაღუპვის შემდეგაც განაგრძობს დასახლების მაცხოვრებლების დახმარებას იმით, რომ მისი ქანდაკება ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელთანაც ქალაქის ყველა სტუმარი მიდის.

“გზავნილი ისაა, რომ ხალხს დაკარგული აქვს შეგრძნება. კერპთაყვანისმცემლობაშია აყვანილი ადამიანურის და ღვთიურის ადგილი ვერ უპოვიათ”, – ამბობს თინათინ ყაჯრიშვილი.

ფილმის პროექტის სცენარი მწერალ მარინა ელბაქიძის მოთხრობის “ბაი ამიგო” მოტივებზეა აგებული, რომელიც სცენარის ავტორებმა სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარად გარდაქმნეს. ფილმის გადაღებები ჭიათურაში იგეგმება, თუმცა რეჟისორი პარალელს არ ავლებს ჭიათურასთან.

თინათინ ყაჯრიშვილი და ლაშა ხალვაში ფოტო: ლაშა ხალვაშის ფეისბუკის გვერდი

“[ფილმში] დრო არ არსებობს, არც – ადგილთან კუთვნილება. აბსტრაგირება ხდება. დროული და სოციალური ამ შემთხვევაში არაფერი არ არის”, – ამბობს ყაჯრიშვილი.

გადაღებების პროცესი წლის ბოლოს დაიწყება. ფილმის ბიუჯეტი მილიონ ლარზე მეტია. ფილმი სამი ქვეყნის კოპროდუქციაა: საქართველოს, გერმანიისა და შვედეთის.  ყაჯრიშვილი ამბობს, რომ ფილმის პროექტზე სამი წელია მუშაობენ.

თინათინ ყაჯრიშვილის თქმით, კონკურსი გამოცხადდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, 21-ე საუკუნის ავტორების მოტივებზე უნდა შეექმნათ სცენარი, თუმცა ეს პროექტი არ გაგრძელდა, შემდეგ კინოცენტრმა გამოაცხადა კონკურსი სცენარის განვითარებისთვის, რომელშიც გაიმარჯვეს.

ფილმის პროექტი მონაწილეობდა არაერთ კინოფესტივალსა და ბაზრობაზე: კანის კინოფესტივალზე ორ სხვადასხვა პლატფორმაზე იყო წარდგენილი, ხმელთაშუაზღვის ინსტიტუტის ერთ-ერთი გამარჯვებული, ტალინის კინოფესტივალზე ევრიმაჟის პრიზი მოიპოვეს. 

“ფაქტიურად უიმედო მდგომარეობა იყო, გაჩერდა თითქოს, მაგრამ ახლა მოვიპოვეთ კინოცენტრის დაფინანსება [340 00 ლარი] კოპროდუქციის კონკურსში”, – ამბობს თინათინ ყაჯრიშვილი.

მსახიობების შერჩევა ჯერ არ დაწყებულა.  პროექტის პროდუსერია ლაშა ხალვაში (კომპანია ,,არტიზმი”), რეჟისორი და სცენარის ავტორია თინათინ ყაჯრიშვილი, სცენარის თანაავტორია გია ალავიძე.

თინათინ ყაჯრიშვილის ნამუშევრებია მხატვრული ფილმი “პატარძლები”, დოკუენტური ფილმი “ოცნება პარიზი”. იგი მუშაობს კიდევ ერთ მხატვრულ ფილმზე “ჰორიზონტი”, რომელიც 2018 წელს გამოვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com