„ნიკორას“თანამშრომლები კომპანიის აქციონერები გახდნენ

220 სავაჭრო ობიექტი და 4000-ზე მეტი თანამშრომელი – ასე ხვდება “ნიკორა” დაარსებიდან 20 წლის იუბილეს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კომპანიამ თითოეულ თანამშრომელს საჩუქრად აქციები გადასცა.

დღეს „ნიკორა“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ბრენდია, კომპანიის წარმატება კი აქ დასაქმებული ადამიანების შრომის შედეგია. სს „ნიკორას“ გენერალური დირექტორის,  ირაკლი ბოქოლიშვილის განხადებით, კომპანია აცნობიერებს თანამშრომლების დამსახურებას და მათ აქციებით ასაჩუქრებს:

„ნიკორა“ კვების ინდუსტრიის უპირობო ლიდერია.  ეს დიდი შრომის და იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც 20 წლის განმავლობაში კომპანიის შექმნასა და განვითარებაში მონაწილეობდნენ. ისინი “ნიკორას” განუყოფელი ნაწილი არიან. ამიტომ, კომპანიის აქციონერების გადაწყვეტილებით, თითოეულ თანამშრომელს სუპერმარკეტების ქსელის, „სს ნიკორა ტრეიდის“ აქციები საჩუქრად გადაეცა“, – განაცხადა ირაკლი ბოქოლიშვილმა 24 იანვარს სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

თაკო კიკაძე “ნიკორას” ერთ-ერთი ახალი აქციონერია. მან კომპანიაში მუშაობა  7 წლის წინ დაიწყო. მაშინ აბიტურიენტი იყო და აქ დარჩენას რამდენიმე თვით გეგმავდა, თუმცა წასვლა გადაიფიქრა:

“გაცილებით მეტ მოტივაციას მიქმნის ის ფაქტი, რომ არამარტო თანამშრომელი ვარ, არამედ აქციონერიც გავხდი. სასიხარულოა, რომ კომპანია ფიქრობს თანამშრომლებზე და ჩვენს შრომას აფასებს. შვიდი წლის წინ, როცა აბიტურიენტი ვიყავი და მუშაობა დავიწყე, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ აქციონერი გავხდებოდი,” – ამბობს თაკო კიკაძე.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, დავით ურუშაძის განმარტებით, ამჟამად „ნიკორა“ 220 სავაჭრო ობიექტით არის წარმოდგენილი ბაზარზე. მენეჯმენტის გეგმით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში სავაჭრო ობიექტები 600-მდე გაიზრდება:

“ამ ზრდის პროცესში მთავარი აქცენტი გაკეთდება ხარისხზე და „ნიკორა“ კვლავინდებურად ხარისხის გარანტი იქნება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და 2018 წლის განმავლობაში სავაჭრო ობიექტები გაიხსნება  საქართველოს ყველა მსხვილ დასახლებაში,” – აღნიშნა დავით ურუშაძემ.

2017 წელს „ნიკორა სუპერმარკეტის“ მომსახურებით 43 მილიონამდე მომხმარებელმა ისარგებლა.  “ნიკორას” მიზანია კიდევ უფრო დაუახლოვდეს ამ ადამიანებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს კომპანიის აქციონერობას სთავაზობს. აქციის შეძენით დაინტერესებული პირების საჯარო შეთავაზებისთვის, კანონით დადგენილი წესით, მომზადდა ემისიის პროსპექტი,  რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2017 წლის 17 ოქტომბრის #114 განკარგულებით, დაამტკიცა:

“ჩვეულებრივი აქციების გამოშვება საშუალებას მოგვცემს,  ფინანსურად უფრო მეტად მოქნილები ვიყოთ. მოზიდულ რესურსს ისევ კომპანიის განვითარებას მოვახმართ, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“,  – განაცხადა ირაკლი ბოქოლიშვილმა.

აქციების შეძენით დაინტერსებულმა პირმა უნდა მიმართოს კომპანიის ადმინისტრაციას. შეთავაზების ვადა განსაზღვრულია 2019 წლის 1-ელ აპრილამდე. შეთავაზების პირობები, სრულყოფილი ინფორმაცია ემიტენტის (სს „ნიკორატრეიდი) შესახებ გაწერილია ემისიის პროსპექტში, რომელიც სს „ნიკორას“  ვებგვერდზეა (www.nikora.ge) ხელმისაწვდომი.

„ნიკორა“ წარმატებით ახორციელებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ოპერაციებს.  კომპანიას მსგავსი გამოცდილება ჰქონდა წარსულშიც. ჯერ კიდევ  2016/17 წლებში,  როგორც „ნიკორა ტრეიდმა“, ისე „ნიკორამ“  წარმატებით განახორციელეს 5 და 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კუპონური ობლიგაციების გამოშვება, რაც ერთმნიშვნელოვნად „ნიკორასადმი“  დიდი ნდობის დასტურია.

,,ნიკორა“ 1998 წელს დაფუძნდა და მე-20 წელია, კვების პროდუქტების ბაზრის უცვლელი ლიდერია. ამჟამად,  ჰოლდინგში ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, გაყინული საკონდიტრო ნაწარმისა და ფრეშ სალათების საწარმოებია გაერთიანებული. ჰოლდინგი საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი სუპერმარკეტების ქსელითაა წარმოდგენილი. გარდა ამისა, “ნიკორას” ერთ-ერთი შვილობილი კომპანია “ინტრეიდი” არაერთი სახეობის კვების პროდუქტისა და სასმელის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში. „ნიკორა“ ერთ-ერთი პირველია ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, ვინც მრავალი წელია ფლობს ISO 9001:2008; ISO22000:2005 – HACCP სერტიფიკატებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი