ახალი ამბებისამართალი

სასამართლომ ბექა წიქარიშვილს 14 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა

24 იანვარი, 2018 • 2590
სასამართლომ ბექა წიქარიშვილს 14 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ ბექა წიქარიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 14 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

წიქარიშვილი პოლიციამ გუშინ მას შემდეგ დააკავა, რაც მოსამართლის მიერ “ბახალას” საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდე გაქტივისტმა პროტესტის ნიშნად სასამართლოს შენობას აგური ესროლა.

ბექა წიქარიშვილმა სასამართლო პროცესზე განმარტა, თუ რატომ ესროლა აგური შენობის ფანჯარას – რომ იგი აღელვებული იყო “ბახალასთვის” მისჯილი 8-წლიანი პატიმრობის გამო. ადვოკატმა მინიმალური სანქციის გამოყენება მოითხოვა, რადგანაც წიქარიშვილი ბრალდებას აღიარებდა და განმარტა კიდეც, რატომ ჰქონდა უკმაყოფილება სასამართლოს მიმართ. დღევანდელ პროცესზე სასამართლომ დაკითხა მანდატურები, რომან ქათამაძე და თორნიკე ლაგვილავა. “აიღო აგური, წამოვიდა გინებით და სასამართლოს კარის მინას ესროლა ეს აგური” – განაცხადა მანდატურმა რომან ქათამაძემ. მანვე განმარტა, რომ წიქარიშვილი არ იგინებოდა კონკრეტული პირის მიმართ და იგინებოდა, ზოგადად, სასამართლო ხელისუფლების მისამართით. სასამართლოს ამ გადაწტვეტილებას ბექა წიქარიშვილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. წიქარიშვილის ინტერესებს სასამართლოში EMC იცავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 იანვარს განაცხადა, რომ  წიქარიშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევის ბრალდებით  დააკავეს.  ამავე უწყების ცნობითვე, გამოძიება დაწყებულია ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 187 -ე, ნივთის დაზიანების და განადგურების მუხლით.

რას ამბობს წიქარიშვილი: 

“ჩემი გუშინდელი ქმედება იყო გამოწვეული ძალიან კონკრეტული პროტესტით, აღელვებით და იმ გადაწყვეტილებით, რომელიც “ბახალას” მიმართ გამოიტანა სასამართლომ ამ უსამართლო გადაწყვეტილებით. სიმართლე გითხრათ, მე არ მქონია განცდა, რომ ვესროლე სასამართლოს ფანჯარას, მე მქონდა განცდა, რომ ვესროლე უსამართლობის კერას, სადაც ადამიანები იკვებებიან სხვა ადამიანების გაწამებით,”- განაცხადა ბექა წიქარიშვილმა 24 ნოემბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას, მის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე. 

ამბის წინაისტორია

  • 23 იანვარი: ბექა წიქარიშვილმა 23 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან გააპოროტესტა სასამართლოს გადაწყვეტილება “ბახალას” საქმეზე;
  • 23 იანვარი: თბილისის საქალაქო სასამართლომ  ნარკოდანაშაულში ბრალდებულ გიორგი გიორგანაშვილს  (ბახალას) 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა.  გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს. მან უარი თქვა საპროცესო შეთანხმებაზეც. მისი ადვოკატის თქმით, “ბახალას” ნარკოტიკი ჩაუდეს, რადგან გიორგანაშვილის დაკავების ინტერესი ის იყო, რომ პოლიცია სხვა საქმესთან თანამშრომლობას სთხოვდა, ასევე, ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რის შესახებაც არაფერი იცოდა.
  • 25 იანვარს “თეთრი ხმაურის” მოძრაობა და სხვა ორგანიზაციები “ბახალას საქმეზე” დიდ საპორტესტო აქციას გეგმავენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი