ახალი ამბებისაზოგადოება

მერიამ ბაღების კვებისთვის 34 მილიონი ლარის ღირებულების 2 ტენდერი გამოაცხადა

24 იანვარი, 2018 • 2444
მერიამ ბაღების კვებისთვის 34 მილიონი ლარის ღირებულების 2 ტენდერი გამოაცხადა

თბილისის მერიამ დღეს, 24 იანვარს, სკოლამდელი ასაკის ბავშების კვებით უზრუნველყოფისთვის ორი ტენდერი გამოაცხადა. მერიას ბაღში კვებისთვის, ჯამში, 34 მილიონზე მეტი ლარი აქვს გათვალისწინებული.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ერთი ტენდერის ღირებულება 9 050 559 ლარია.  ამ თანხით მერიას სურს, რომ 165 დღის მანძილზე, დასვენების დღეების გამოკლებით, 16 103 ბავშვი უზრუნველყოს სამჯერადი კვებითა და ერთი წახემსებით. ამავე ტენდერის ღირებულებაში შედის 22 დღის მანძილზე 4 651 ბავშვის სამჯერადი კვებითა და ერთი წახემსებით უზრუნველყოფა.

მეორე ტენდერის ღირებულება 25 244 815 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მერიას სურს, რომ 165 დღის მანძილზე, დასვენების და უქმე დღეების გამოკლებით, 44 862 ბავშვი სამჯერადი კვებითა და ერთი წახემსებით უზრუნველყოს. ამავე ტენდერის ღირებულებაში შედის 22 დღის მანძილზე 13 380 ბავშვის სამჯერადი კვებით და ერთი წახემსებით უზრუნველყოფა.

მერიას ცალ-ცალკე აქვს გამოცხადებული მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებისთვის ტენდერები და ორივე ტენდერის ღირებულება, ჯამში, 34 295 374 ლარია.

მერიამ ბაღში კვების უზრუნველსაყოფად  ტენდერი პირველად 2017 წლის 13 დეკემბერს გამოაცხადა, მაგრამ ის უარყოფითი შედეგით დამთავრდა. ტენდერის შედეგების თანახმად, შპს “ელფი”, “ფუდსერვისი” და “ნილი” დისკვაიფიცირებულია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო. პირველადაც ორი ტენდერი ჰქონდა მერიას გამოცხადებული, თუმცა მეტი თანხა ჰქონდა ბაღში კვებისთვის გათვალისწინებული. ორივე ტენდერის ღირებულება, ჯამში, 42 323 479 ლარი იყო. “ნეტგაზეთმა” ერთმანეთს შეადარა ბავშების რაოდენობაც და აღმოჩნდა, რომ უფრო ძვირადღირებული ტენდერის დოკუმენტაციაში ბავშვების რაოდენობა მცირედით (102 ბავშვით), მაგრამ მაინც ნაკლებია, ვიდრე ახალი ტენდერის პირობებში.

ტენდერებს შორის სხვაობაა დღეების რაოდენობაშიც. უარყოფითი შედეგით დასრულებული ტენდერები, რომელთა საერთო ღირებულებაც ახალი ტენდერების საერთო ღირებულებას 8 მილიონი ლარით აღემატება, 184 დღით ითხოვდა ბავშვების საკვებით უზრუნველყოფას, როცა ახალი ტენდერი 165 დღით ითხოვს ბაღის საკვებით უზრუნველყოფას.

მერიამ ახალი ტენდერი 24 იანვარს გამოაცხადა, წინადადებების მიღების ვადა 31 იანვარია.

მუნიციპალური საბავშვო ბაგა-ბაღების მენიუ ახალი სტანდარტის მიხედვით შეიცვალა – მოაკლდა ჯანმრთელობისთვის მავნე შაქარი, გაიზარდა ცილების ოდენობა, თუმცა მშობელთა ნაწილი ამ ცვლილებებით უკმაყოფილოა. ვრცლად თემის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი