ახალი ამბები

EMC: ბახალასთვის თავისუფლების აღკვეთა აჩვენებს ნარკოპოლიტიკის გაჭიანურებული რეფორმის მძიმე შედეგებს

23 იანვარი, 2018 • 1930
EMC: ბახალასთვის თავისუფლების აღკვეთა აჩვენებს ნარკოპოლიტიკის გაჭიანურებული რეფორმის მძიმე შედეგებს
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აცხადებს, რომ გიორგი გიორგანაშვილისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აჩვენებს არსებული ნარკოპოლიტიკის უსამართლობისა და მისი გაჭიანურებული რეფორმის მძიმე სოციალური შედეგების მაჩვენებელია, რაც არაერთი ადამიანის მრავალწლიან რეპრესიას და იზოლაციას იწვევს.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა მართლმსაჯულების სისტემის მანკიერება, რომელსაც არ შესწევს უნარი და გამბედაობა, მის ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით, დაუპირისპირდეს უსამართლო სისტემას და დაიცვას მოქალაქეები არაპროპორციული სასჯელისგან.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროკურატურამ მხოლოდ დღეს განაცხადა გამოძიების დაწყების თაობაზე  პოლიციელების მიერ გიორგანაშვილისთვის ნარკოტიკული საშუალებების სავარაუდო ჩადების გამო, იმის მიუხედავად, რომ იგი თვეების განმავლობაში საუბრობდა ნარკოტიკული ნივთიერების განზრახ, უკანონო ჩადებაზე.
“ნათელია, რომ ნარკოპოლიტიკის დაუსრულებელი რეფორმა და სასამართლოში დაგროვილი პრობლემები კიდევ უფრო აღრმავებს მართლმსაჯულების სისტემის კრიზისს და სოციალურ უკმაყოფიილებას. შექმნილი სიტუაცია ასუსტებს ლეგალისტური გზებით სამართლიანობის მიღწევის რწმენას, რამაც ცალკეულ შემთხვევებში წინააღმდეგობის რადიკალური ფორმებით გამოხატვას შეიძლება შეუწყოს ხელი“, – აცხადებს EMC.
“დღეს სასამართლოსთან დაკავებული ბექა წიქარიშვილის მიმართ გამოძიების დაწყება სისხლის სამართლის წესით კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ არსებული სისტემა ვერ იაზრებს რეპრესიული პოლიტიკის მძიმე სოციალურ ეფექტებს და არსებულ წინააღმდეგობას კვლავ რეპრესიით პასუხობს. გარდა იმისა, რომ ბექა წიქარიშვილის მიმართ გამოყენებული დემონსტრაციულად მკაცრი ზომები სამართლებრივად პრობლემური ჩანს, ის ასევე უნდა განვიხილოთ როგორც სახელმწიფოს მსუსხავი ეფექტის მქონე ნაბიჯი საზოგადოებრივი პროტესტების მიმართ”, -აცხადებს EMC.
დღეს, 23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი