ახალი ამბებისამართალი

გოცირიძის თქმით, “ბახალას” საქმეზე მოსამართლეს შეეძლო საკონსტიტუციოსთვის მიემართა

23 იანვარი, 2018 • 5033
გოცირიძის თქმით, “ბახალას” საქმეზე მოსამართლეს შეეძლო საკონსტიტუციოსთვის მიემართა

ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე მიიჩნევს, რომ გიორგი გიორგანაშვილის (“ბახალას”) საქმეზე მოსამართლეს შეეძლო, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე კანონის არაკონსტიტუციურობის გამო, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიემართა.

დღეს, 23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შორენა გუნცაძემ გიორგი გიორგანაშვილი დამნაშავედ ცნო 0.3726  გრამი ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც გიორგი გოცირიძე განმარტავს,  თუკი სასამართლო ხედავს, რომ მის მიერ გამოყენებული ნორმა შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს კონსტიტუციასთან, ასეთ მოსამართლეს აქვს უფლება, დროებით შეაჩეროს საქმის განხილვა და წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო ჩათვლის, რომ ნორმა არაკონსტიტუციურია, სასამართლო ამ ნორმას ვეღარ გამოიყენებს. ხოლო თუ მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურია, მხოლოდ ამის შემდეგ ექნება სასამართლოს ამ ნორმის გამოყენების უფლება.

“ეს მექანიზმი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობდა იმიტომ, რომ საუბარი იყო 0.37 ნარკოტიკულ საშუალებაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, მოსამართლეს უნდა გასჩენოდა ეჭვი, რომ ამ ოდენობის ნარკოტიკული საშუალებისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეიძლება მიჩნეული იქნეს არაადამიანურ და ღირსების შემლახავ სასჯელად. საკონსტიტუციო სასამართლოს მარიხუანასთან და სხვა ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით აქვს პრაქტიკა და შესაძლოა, იგივე საკითხი და პრობლემა ყოფილიყო ამ საქმეში,”- ამბობს გიორგი გოცირიძე.

მისივე თქმით, შეიძლებოდა, მოსამართლე  შორენა გუნცაძეს გამოეყენებინა ეს მექანიზმი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლთან დაკავშირებით.

“260-ე მუხლი, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახისთვის მინიმალურ სასჯელად ითვალისწინებს მინიმუმ 8 წლით თავისუფლების აღკვეთას, მაქსიმუმია 20 წელი ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა, შესაძლოა, ეს კონკრეტული ჩანაწერი წინააღმდეგობაში მოდიოდეს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან, რომელიც კრძალავს არაჰუმანური სასჯელის გამოყენებას. მოსამართლეს ჰქონდა მექანიზმი, რომ სანამ გამამტყუნებელ განაჩენს მიიღებდა, დალოდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას,”- განაცხადა მან.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ მოსამართლემ ამ მუხლით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა გამოიყენა, ძლიერი არგუმენტია, რომ სასჯელი არაჰუმანური და არაკონსტიტუციურია.

გოცირიძემ ასევე აღნიშნა, რომ გიორგი გიორგანაშვილი წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფებოდა, შესაბამისად, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებას ორ წელიწადს მოანდომებდა, ამით წინასწარი პატიმრობის ვადები არ დაირღვეოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი