ახალი ამბებიკომენტარისამართალი

ერეკლე დეისაძე: პარლამენტი ყველაფერს აკეთებს ჯალათური ნარკოპოლიტიკის შესანარჩუნებლად

23 იანვარი, 2018 • 3251
ერეკლე დეისაძე: პარლამენტი ყველაფერს აკეთებს ჯალათური ნარკოპოლიტიკის შესანარჩუნებლად

სამოქალაქო აქტივისტი, ერეკლე დეისაძე აცხადებს, რომ ნაწილობრივ მოსალოდნელი იყო დღეს სასამართლოს მხრიდან გიორგი გიორგანაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. მისი თქმით, ამ ქვეყანაში უკვე არაფერი აღარ უკვირს, რადგან მოქმედებს შერჩევითი სამართალი.

ერეკლე დეისაძე ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნავს, რომ გიორგი გიორგანაშვილის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ ერთი ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, როდესაც გინების გამო თორნიკე ბზიავა დაიჭირეს ადმინისტრაციული წესით.

“ამ ქვეყანაში პოეტებს და რეჟისორებს გინების უფლება არ აქვთ, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლებს ყველაფრის უფლება აქვთ. საზოგადოების მხრიდან ეს ყველაფერი პასუხგაუცემელი არ დარჩება. ჩვენ [თეთრი ხმაურის მოძრაობა] სამოქმედო გეგმაზე ვმსჯელობთ ახლა და ამ ყველაფერს დავწერთ ღიად. რა თქმა უნდა, გავმართავთ საპროტესტო აქციებს და არ დავტოვებთ ამ ამბავს ასე. იმის გამო, რომ ბახალამ სხვა არ გაწირა, სახელმწიფომ ის გაიმეტა 8-წლიანი პატიმრობისთვის,” – ამბობს ერეკლე დეისაძე.

სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკის განხრით წინ გადადგმულ ნაბიჯებს ვერ ხედავს, რადგან პარლამენტი არ ჩქარობს იმ ჰუმანური კანონპროექტის მიღებას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე თვეა დევს:

“საკანონმდებლო დონეზე უნდა დაესვას წერტილი ამ ყველაფერს, მაგრამ პალამენტი წელავს ამ სესიას. კანონპროექტი პარლამენტში დევს, თუმცა, რატომღაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ისევ ეს ჯალათური სისტემა შეინარჩუნონ და ჯოხი კვლავ ტყდება უბრალო ადამიანებზე. ამ შემთხვევაში ბახალას ვიცნობთ ყველა, მაგრამ ეს ტერორი გრძელდება ყოველდღიურად ქვეყნის ყველა წერტილში.”

როგორც ერეკლე დეისაძე აცხადებს, სასამართლო იქცა სადამსჯელო ორგანოდ, რომელიც ტყუილუბრალოდ სწირავს ადამიანებს ციხისთვის.

მისი თქმით, კონკრეტულად ბახალას საქმეში ძალიან ბევრი საეჭვო დეტალი და ფაქტი იყო, მაგრამ სასამართლომ რატომღაც მაინც ასეთი უგუნური გადაწყვეტილება მიიღო, რასაც საზოგადოების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაქცია.

[red_box]ბახალას საქმე – ყველა სიახლე[/red_box]

დღეს, 23 იანვარს, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს (ბახალა) სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვაში ედებოდა. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, გიორგი გიორგანაშვილმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 0,3726 გრამი ნარკოტიკული საშულება “ბუპრენორფინის” (სუბოტექსი) შემცველი 45 აბი და აბის 4 ნატეხი. ბახალა 2017 წლის 29 იანვარს დააკავეს, როდესაც დასავლეთ საქართველოდან თბილისში ბრუნდებოდა.

დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში “თეთრი ხმაური მოძრაობის” წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილი და მსახიობი თორნიკე ბზიავა დააკავეს. სასამართლოს ეზოში გასვლის შემდეგ, ბახალას საქმეზე მიღებული გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამო, თორნიკე ბზიავამ სასამართლოს შეაგინა, ხოლო ბექა წიქარიშვილმა შენობის მიმართულებით აგური ისროლა, რის შედეგადაც ცენტრალური შემოსასვლელის მინა ჩაიმსხვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი