ახალი ამბებიეკონომიკა

დავოსის ფორუმის ისტორიაში პირველად დისკუსია სექსუალურ შევიწროებაზე გაიმართება

23 იანვარი, 2018 • 2048
დავოსის ფორუმის ისტორიაში პირველად დისკუსია სექსუალურ შევიწროებაზე გაიმართება

შვეიცარიაში, ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, სახელწოდებით “შევქმნათ საერთო მომავალი დანაწევრებულ მსოფლიოში”  მიმდინარეობს. წლევანდელ ფორმუში მონაწილეობას 3000 დელეგატი, 900 ხელმძღვანელი პირი, მათ შორის ჩინელი ბიზნესმენი და “ალიბაბა ჯგუფის” დამფუძნებელი ჯექ მა, Facebook-ისა და IBM-ის წარმომადგენლები მიიღებენ. ფორუმს 70 მსოფლიო ლიდერი დაესწრება. ეკონომიკურ ფორმუმს აშშ-ის პრეზიდენტი დოლანდ ტრამპიც დაესწრება. Reuters წერს, რომ ტრამპი აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომელიც 2000 წლის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება.

აშშ-ის პრეზიდენტის გარდა, შვეიცარიაში დიდი ბრიტანეთის ლიდერიც ჩავა. ეკონომიკურ ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა დისკუსიაზე – Strategic Outlook – Eurasia. ასევე დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან, ევროკომისიის ხელმძღვანელ პირებსა და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლებთან. პრემიერის გარდა, შვეიცარიაში ვიცეპრემიერი საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრებიც არიან. ადმინისტარციის ცნობით, ეკონომიკურ ფორუმს  „თანაინვესტირების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილიც ესწრება.

წელს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მსახიობი ქეით ბლანშეტი და მომღერალი ელტონ ჯონიც მიიღებენ. პირველად ეკონომიკური ფორუმის ისტორიაში პანელურ დისკუსიაზე საუბარი სექსუალურ შევიწროებას და გენდერულ საკითხებს დაეთმობა. ფორუმზე დამსწრე  დელეგატების 21% ქალია. ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. IMF-ის პროგნპზით 2018 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3.9%-ით გაიზრდება.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი წელს 23-26 იანვრის ჩათვლით გაიმართება. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს გასული საუკუნის 70-იან წლებში გერმანელმა პროფესორმა კლაუს შვაბმა ჩაუყარა საფუძველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი