რატომ არ არის საქართველოში სავალდებულო მენინგოკოკცემიის საწინააღმდეგო ვაქცინაცია?

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ყოველწლიურად საქართველოში მენინგოკოკცემიით  საშუალოდ 10-15 ადამიანი ავადდება, აქედან 1-3 შემთხვევა გარდაცვალებთ სრულდება. გუშინ, 22 იანვარს, მარნეულელი პირველი კლასის მოსწავლე იაშვილის კლინიკაში ამ დიაგნოზით გარდაიცვალა.

მენინგოკოკცემიის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში სავალდებულო კალენდრულ აცრებში არ შედის.

ასევე, როგორც ნეტგაზეთმა გაარკვია, დღეს საქართველოს ბაზარზე ეს ვაქცინა შემოტანილი არ არის. დავუკავშირდით მსხვილ სააფთიაქო ქსელებს (PSP,  “ფარმადეპო”, “ავერსი” “ჯი-პი-სი”, ასევე, “ევექსის” კლინიკების ქსელს). ვაქცინა, სახელად “მენაკტრა” მხოლოდ “ავერსსა” და “GPC”-ში არის დარეგისტირებული, თუმცა ფიზიკურად არც ამ სააფთიაქო ქსელებში მოიპოვება. როგორც GPC-ში აცხადებენ, თითო დოზის ფასი 177 ლარად აქვთ რეგისტრირებული.

მენინგოკოკური ინფექცია ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის და მიუხედავად იმისა, რომ გარე პირობებს ვერ ეგუება და მარტივად იღუპება, მას მატარებლობა ახასიათებს. დავაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინფექცია ერთ მატარებელზე რამდენიმე კვირა ჩერდება, შემდეგ კი სხვა მატარებელზე გადადის. საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 1% მენინგოკოკური ინფექციის მატარებელია, თუმცა უმეტესობას სიმპტომები არ უვლინდება.  ყოველწლიურად მენინგოკოქცემიით 10-15 ადამიანი ავადდება, დაავადების შემთხვევაში ლეტალობა კი 10-20%-ია. დაავადებულთა 70%-ს ხუთ წლამდე ბავშვები შეადგენენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმის გამო, რომ საქართველოში მენინგოკოქცემიით დაავადებულთა რიცხვი მაღალი არ არის, ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა ყოველწლიურ სავალდებულო აცრათა კალენდარში არ შედის. 

როგორც “ნეტგაზეთს” ჯანდაცვის სამინისტროში განუმარტეს, მენინგოკოკცემიის აცრა მაშინ ტარდება, როდესაც ვინმე მიემგზავრება აფრიკაში, სუბ-საჰარას ზონაში, სადაც დაავადების ალბათობა მაღალია. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს ვაქცინის ყიდვა საქართველოს ფარგლებში სურს, მაშინ უნდა მიმართოს სააფთიაქო ქსელს და მისცეს ინდივიდუალური შეკვეთა. ამის გამო ფასს აფთიაქი არეგულირებს. მათივე ცნობით, ევროპაში, საფრანგეთის ბაზარზე A ტიპის ვაქცინის ფასი დაახლოებით 70 ევროა, ხოლო B ტიპის – 200 ევრომდე მერყეობს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, საქართველოში ძირითადად  A და B ტიპის მენინგოკოკები არსებობს და აქ, როგორც ევროპის უმეტეს ქვეყნებში, დაავადებულთა სიმცირის გამო ვაქცინა სავალდებულო არ არის.

“მენინგოკოკცემიის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, არ არის სავალდებულო აცრების პერიოდულ კალენდარში. უპირველეს ყოვლისა, ეს არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი არის ქვეყანაში ამ ინფექციით ავადობის მაჩვენებელი. თანაც მენინგოკოკს ერთი ვაქცინა არ აქვს. მენინგოგკოკები არის სხვადასხვანაირი, ჩვენთან ძირითადად არიან A და B ტიპის მენინგოკოკები და B ტიპის ვაქცინა სულ 2 წელიწადია, რაც გამოჩნდა მსოფლიო ბაზარზე. აქედან გამომდინარე, ჯერჯეობოთ, ინგლისის გარდა, ევროპაში თითქმის არსადაა, იქაც მხოლოდ A ტიპის არის შეტანილი სავალდებულო ვაქცინაციის  პროგრამაში. B ტიპი ინგლისშიც არ არის ჯერ შეტანილი, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში ავადობა დაახლოებით 10-ჯერ მეტია, ვიდრე ჩვენთან” – განმარტავს იმნაძე.

მისივე თქმით,  მენინგოკოქცემიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ მისი პრევენცია ძალიან რთულია, ვინაიდან ინფექციის მატარებელი ერთდროულად ათი ათასობით ადამიანი შეიძლება იყოს.

“სამწუხაროდ, პრევენცია აქ ძალიან ძნელია იმიტომ, რომ ინფექციას მტარებლობა ახასიათებს. როგორც წეღან ვთქვი, შეიძლება ათი ათასობით ადამიანი ჩამოიაროს და ვერც გაიგოს იმ ხალხმა, რომ ეს მიკრობი ჰქონდა. ამიტომ აქ არის ერთი წესი, თუ ბავშვს აქვს უეცრად მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი და, მით უმეტეს, თუ ერთი პატარა სისხლჩაქცევა მაინც აღმოჩნდა სადმე სხეულზე, დაუყოვნებლივ ექიმთან მისვლა. რაც შეეხება მკურნალობას, მისი მკურნალობა მარტივი არ არის, საკმაოდ მძიმე დაავადებაა, მაგრამ გეტყვით, რომ 10-15 შემთხვევიდან 1 ან 3 გარდაცვალება არის წელიწადში. სამწუხაროდ, ასევეა ყველგან სხვაგან “ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფს მენინგოკოკცემიის ისეთი სიმპტომები აღენიშნება, როგორიცაა, მაღალი ტემპერატურა 39-40 გრადუსი, თავის ტკივილი, ღებინება, უძილობა, უმადობა, პეტექიური გამონაყარი, რომელიც დაავადების დაწყებიდან 5-20 საათის განმავლობაში ჩნდება, და სისხლჩაქცევები, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ზოგჯერ წუთებსაც აქვს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან