თურქეთის ოპერაცია აფრინში. ფოტო: EPA

თურქეთი სირიელ ქურთებს გაერთიანების შანსებს უსპობს – ინტერვიუ დავით ბატაშვილთან

სირიის ჩრდილოეთით, ქალაქ აფრინში, თურქეთის სამხედრო ოპერაცია “ზეთისხილის რტო” გრძელდება. სამხედრო მოქმედებები 21 იანვარს საჰაერო შეტევით დაიწყო, მომდევნო დღეს კი ქალაქში მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა გამოჩნდა. ქურთული მხარე რვა დაღუპულის შესახებ იუწყება, თურქეთის ოფიციალური პირების ცნობით კი, ქვეყნის სასაზღვრო ქალაქ რეიჰანლიში სირიის მხრიდან განხორციელებულ სარაკეტო დაბობმბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. 

აფრინი ქურთების დე ფაქტო ავტონომიის ნაწილია, რომელიც სირიის სამოქალაქო ომის მინდინარეობისას შეიქმნა. თურქეთის ხელისუფლების თქმით, ოპერაციის მიზანია, აღიკვეთოს აშშ-ის მხარდაჭერილი ქურთების “ტერორისტული არმიის” შექმნა სირია-თურქეთის საზღვარზე. სირიის ქურთები კი სამხედრო აგრესიაზე საუბრობენ და თურქეთს წინააღმდეგობას ჰპირდებიან. 

როგორი შეიძლება იყოს კონფლიქტის სავარაუდო დასასრული, რა არის თურქეთის მიზნები და როგორ აისახება კონფლიქტი ანკარასა და ვაშინგტონის ურთიერთობებზე, რომლებთან მიმართებაში ბოლო დროს ისედაც არსებობს კითხვები? – ამ და სხვა საკითხებზე “ნეტგაზეთი” საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, დავით ბატაშვილს ესაუბრა.

შეიძლება ითქვას, რომ სამოქალაქო ომის დაწყებიდან 7 წლის შემდეგ სირიის ჩრდილოეთით ახალი ფრონტი გაიხსნა? როგორ ფიქრობთ, თავის მასშტაბებითა და მხარეთა შესაძლებლობებით, რამდენად გრძელვადიანი იქნება ეს კონფლიქტი?

ეს არის ერთი კონკრეტული სამხედრო ოპერაცია. რამდენ ხანს გაგრძელდება, რთულია წინასწარ თქმა. თუმცა შეგვიძლია ვისაუბროთ მის სავარაუდო დასასრულზე: წესით, თურქებმა უნდა მიაღწიონ თავიანთ მიზნებს, თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა სხვა მოთამაშეების ქცევის მხრივ. თუ ძალთა ბალანსი იქნება ისეთი, როგორიც ახლაა, ანუ ერთი მხრიდან თურქეთი + მისი სატელიტი დაჯგუფებები და მეორე მხრიდან აფრინის ქურთები, საბოლოო ჯამში, გარდაუვალია ამ ოპერაციის დასრულება თურქებისა და მათი მოკავშირეების სასარგებლოდ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასადის მთავრობა გაუხსნის თავის ტერიტორიებს ქურთებს მათი კონტროლის ქვეშ არსებული სხვა ტერიტორიებიდან აფრინში დასახმარებლად მისასვლელად, თურქეთის საერთო ძლიერებიდან და აფრინის ანკლავის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, წესით, გარდაუვალია თურქების გამარჯვება.

ქურთების დე ფაქტო ავტონომია, რომელშიც თურქეთი საფრთხეს ხედავს, სირია-თურქეთის საზღვრის დიდ ნაწილზეა გადაჭიმული, თუმცა, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო ძალების შეტევის მთავარი ობიექტი აფრინია. რა განსაკუთრებული სტრატეგიული დატვირთვა აქვს მას?

ორი მთავარი მიზეზია, თუ რატომ გადაწყვიტა თურქეთმა აფრინზე შეტევა. თურქეთისთვის მიუღებელია მსხვილი ქურთისტანის არსებობა სირია-თურქეთის საზღვრის მეორე მხარეს, მით უმეტეს, რომ ის არის მართული მისთვის მტრული პოლიტიკური ძალის მიერ, რომელიც დაკავშირებულია თვითონ თურქეთში მოქმედ ქურთ მეამბოხეებთან. აფრინში ქურთების მმართველობის მოსპობა არის ამ ქურთისტანის შეკვეცის საშუალება. დანარჩენი, აღმოსავლეთით მდებარე ქურთების კონტროლირებადი არეალი დღეს არის აშშ-ის დაცვის ქვეშ და ძალიან დიდ პოლიტიკურ და სამხედრო რისკებთან იქნებოდა დაკავშირებული თურქეთის ოპერაცია იქ. თუმცა აფრინზე ამერიკელების დაცვა არ ვრცელდება, ამიტომ ის გახდა სუსტი წერტილი, რომელსაც თურქეთმა შეუტია.

ქურთებს ჰქონდათ მიზანი, რომ სირია-თურქეთის საზღვრის 90%  ყოფილიყო მათი კონტროლის ქვეშ. ისინი ცდილობდნენ, მათი ძირითადი ტერიტორია სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში გაეერთიანებინათ აფრინის ანკლავთან. თურქეთის ოპერაცია “ევფრატის ფარის” (2016 წლის აგვისტო-2017 წლის მარტი) მიზანი იყო ტერიტორიის დაკავება სწორედ ამ ორ ქურთულ არეალს შორის, რომ არ დაეშვა მათი გაერთიანება. თურქებმა ამას მიაღწიეს, დაიკავეს ეს ტერიტორია, თუმცა აფრინი მაინც რჩებოდა საფრთხედ, რადგან მომავალში ქურთებს შესაძლოა კვლავ ეცადათ მისი გაერთიანება მათ ძირითად ტერიტორიასთან. აფრინის ანკლავის განადგურება ასეთ შესაძლებლობას მოსპობს.

თურქების მეორე მიზანი უკავშირდება მათ სურვილს, შექმნან საკუთარი კონტროლის ზონა სირიის ჩრდილოეთში. აფრინის ანკლავი არის ხიჭვივით ჩაჭედილი თურქების მიერ კონტროლირებად ორ ტერიტორიას შორის. მათაგან ერთი არის ოპერაცია “ევფრატის ფარის” ფარგლებში ალეპოს ჩრდილოეთით დაკავებული ტერიტორია, ხოლო მეორეა იდლიბის პროვინციასა და ალეპოს პროვინციის დასავლეთ ნაწილში. მათ შორის „ჩაჭედილია“ აფრინის ანკლავი, რაც თურქებს ერთიანი ზონის შექმნაში ხელს უშლის.

დავით ბატაშვილი

დავით ბატაშვილი

ისიც საინტერესოა, რატომ არ უზრუნველყო აშშ-მა თავის დროზე აფრინის დაცვა, ქურთების სხვა ტერიტორიებისგან განსხვავებით…

ეს ანკლავი დანარჩენი ქურთული ტერიტორიისგან ყოველთვის გეოგრაფიულად იზოლირებული იყო. მეორეც, ამერიკელები ქურთების კონტროლირებად ტერიტორიებზე შევიდნენ ISIS-თან ბრძოლის ფარგლებში. აფრინის შემთხვევაში ეს საკითხი დღის წესრიგში არ იდგა. ISIS მეტწილად იყო სირიის უფრო აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ქურთების ძირითადი ტერიტორიაა. სწორედ აქ ამოქმედდნენ ამერიკელები, ხოლო შემდგომ მათი სამხედრო ბაზებიც შეიქმნა. აფრინის შემთხვევაში “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლა აქტუალური არ ყოფილა.

თუ გადავხედავთ მხარეების ძალთა ბალანსს, რა მასშტაბის წინააღმდეგობას შეიძლება წააწყდეს თურქეთი?

ქურთებს არაერთგზის გამოუჩენიათ ბრძოლისუნარიანობა და არ არის გამორიცხული, აფრინის ანკლავშიც სერიოზული წინააღმდეგობა გაწიონ. თუმცა ძალთა ბალანსი არის აბსოლუტურად თურქების მხარეს. ისიც უნდა ითქვას, რომ როცა ქურთები ებრძოდნენ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს კობანიში და სხვაგან, ისინი სარგებლობდნენ აშშ-ის ავიაციის მასირებული მხარდაჭერით. აფრინში არის პირიქით, მათი მტერი სარგებლობს საავიაციო მხარდაჭერით. ამის გარდა, ქურთები არიან გაცილებით მსუბუქად შეიარაღებული ძალა თურქეთთან შედარებით. ამიტომ, მართალია, ნამდვილად არაა გამორიცხული, რომ მათ შეძლონ სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა რთულია წარმოდგენა, საბოლოოდ როგორ უნდა მოიგერიონ ეს შეტევა და დარჩნენ გამარჯვებული; მაშინაც კი, თუ მიიღებენ დახმარებას ქურთების დანარჩენი ტერიტორიიდან.

საბაბთაგან ერთ-ერთი, რომელთაც ერდოღანი ოპერაციის ლეგიტიმაციისათვის იყენებს, სირიელი ქურთების სამხედრო შენაერთის (YPG) და სახელმწიფოთა ნაწილის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული “ქურთისტანის მუშათა პარტიის” (PKK) შესაძლო კავშირია. მართლაც არსებობს თუ არა და რამდენად ღრმაა ეს კავშირები?

გამიჭირდება იმის თქმა, რამდენად ღრმაა, თუმცა კავშირები არსებობს. თავის დროზე, არსებული ინფორმაციით, ისინი “ქურთისტანის მუშათა პარტიის” ფილიალსაც კი წარმოადგენდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, დადასტურებული ფაქტია, რომ მათ პოლიტიკური კავშირები აქვთ. ეს არ ნიშნავს აუცილებლად, რომ ისინი პირდაპირ მონაწილეობენ თურქეთში მიმდინარე პარტიზანულ ომში. თუმცა ისინი პოლიტიკურ კავშირში არიან, რაც ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში, ძლიერი სირიის ქურთისტანის ჩამოყალიბების შემთხვევაში, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს თურქებისთვის დიდი საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს. ამიტომაც მოქმედებენ ისინი ასე ხისტად.

თქვენი აზრით, უნდა აღვიქვათ თუ არა აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ ქურთებზე დარტყმა პირდაპირ დარტყმად აშშ-ზე?

ჩემი აზრით, თურქეთის მიზანი არ არის ამერიკის წინააღმდეგ მოქმედება. მას სურს საკუთარი მიზნების განხორციელება ქურთებთან მიმართებით და ჩრდილოეთ სირიაში გავლენის სფეროს მოპოვება. უბრალოდ გამოვიდა, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო აშშ-მა ნახა დასაყრდენი ქურთებში. და როცა აშშ თავის სტრატეგიულ მიზნებს ახორციელებს, ხოლო თურქეთი – თავისას, ისე დაემთხვა, რომ დღეს მათი მიზნები ერთმანეთს უპირისპირდება. არა მგონია, რომელიმე მხრიდან ეს წინასწარ იყოს განზრახული. უბრალოდ, ასე გამოვიდა.

მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი დღეს ოპერაციას ახორციელებს სწორედ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც არ იცავს აშშ, სადაც არ მდებარეობს მისი ბაზები, და ორ ქვეყანას შორის სამხედრო ინციდენტი ამ ოპერაციის დროს გამორიცხულია.

ერთი პრობლემური საკითხი მანბიჯის რეგიონია. მანბიჯი არის ქალაქი მდინარე ევფრატის დასავლეთ სანაპიროზე, რომელსაც აკონტროლებენ ქურთები და რომლის სტატუსი აშშ-ის მფარველობის მხრივ დღეს ბოლომდე გაუგებარია. აფრინისგან განსხვავებით, ის გეოგრაფიულად მდებარეობს სირიელი ქურთების ძირითადი ტერიტორიის მიმდებარედ, მაგრამ მდინარე ევფრატის დასავლეთით. თურქები კი საკმაოდ აქტიურად საუბრობენ მანბიჯზე, რომ ის არ უნდა იყოს ქურთების კონტროლის ქვეშ. ამერიკელები როგორ ხედავენ მანბიჯის სამომავლო სტატუსს, გაუგებარია, და ამიტომ ბუნდოვანია, იქნება თუ არა ამერიკასა და თურქეთს შორის ურთიერთობის გაუარესება ამ ტერიტორიის გამო.  

შეიძლება ველოდოთ ვითარების გამწვავებას თურქეთის შიგნით, ქურთებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში?

რთულია ამის თქმა. ერდოღანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ნებისმიერი პროტესტი თურქეთის შიგნით აფრინის ოპერაციის წინააღმდეგ იქნება მკაცრად აღკვეთილი. ზოგადად, თურქეთის ქურთისტანი არის მეტნაკლებად დაბალი ინტენსივობის, თუმცა, მუდმივი პარტიზანული ომის მდგომარეობაში. იქ, ისედაც არსებული დაძაბულობის ფონზე, კიდევ იქნება თუ არა ვითარების დამატებითი ესკალაცია აფრინის ოპერაციის გამო, არ ვიცი. შეიძლება, ეს იმაზეც იყოს დამოკიდებული, როგორი იქნება აფრინის ქურთი მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობა მიმდინარე ოპერაციის დროს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან