ახალი ამბები

რადიო თავისუფლების ქართული სამსახური მენეჯმენტის მხრიდან ზეწოლას აპროტესტებს – BBG WATCH

23 იანვარი, 2018 • 16378
რადიო თავისუფლების ქართული სამსახური მენეჯმენტის მხრიდან ზეწოლას აპროტესტებს – BBG WATCH

“რადიო თავისუფლების” სათავო ოფისის მენეჯმენტი ქართულ სამსახურს”რუსთავის 2″–თან თანამშრომლობას აძალებს და სამსახურის დირექტორის, დავით კაკაბაძის სამსახურიდან დათხოვნას ცდილობს – ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს BBGWatch, რომელიც აშშ–ის ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედიასაშუალებების შესახებ წერს.

BBGWatch იუწყება, რომ “რადიო თავისუფლების” ქართული სამსახურის ჟურნალისტები ჩივიან, რომ ღია, კოლეგიური დისკუსიის ნაცვლად ისინი მენეჯმენტის მხრიდან გაუმჭვირვალე კრიტიკის სამიზნე არიან ანონიმური “ექსპერტების” საშუალებით. მენეჯერები აცხადებენ, რომ ამ “ექსპერტებთან” თანამშრომლობენ, თუმცა მათი ვინაობა სამსახურისთვის უცნობია.

“მმართველობის ამგვარი სტილი კომუნისტური იუგოსლავიის, ან საბჭოთა კავშირის სახელმწიფო მედიისთვის უფროა დამახასიათებელი, მაგრამ არაა დამახასიათებელი აშშ–ის გადასახადის გადამხდელთა ფულით დაფინანსებული “რადიო თავისუფლებისა” და მმართველთა სამაუწყებლო საბჭოსთვის. ეს არის ძლიერი სამხილი იმისა, რომ რადიო თავისუფლების მენეჯმენტი განაწყენებულია ქართულ სამსახურზე “რუსთავი 2″–თან თანამშრომლობაზე დაუთანხმებლობის გამო და სამსახურს დირექტორის [დავით კაკაბაძის] დათხოვნას ცდილობს”, – წერს BBGWatch 22 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში.

BBGWatch არის კერძო მედიასაშუალება, რომელსაც ყოფილი და მოქმედი საერთაშორისო ჟურნალისტები მართავენ. ისინი ანაზღაურების გარეშე, მოხალისეობრივად მუშაობენ და ცდილობენ, კონტროლი გაუწიონ ამერიკის ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედიასაშუალებების მუშაობას საზღვარგარეთ. ასეთი მედიასაშუალებებია “რადიო თავისუფლება”, “ამერიკის ხმა”.

გამოცემა იუწყება, რომ არაერთმა წყარომ ვაშინგტონიდან და თბილისიდან შეატყობინეს, რომ “რადიო თავისუფლების” მთავარი მენეჯმენტის ზეწოლა რადიოს ქართულ სამსახურზე გამოწვეულია იმით, რომ სამსახური ეწინააღმდეგება ხელმძღვანელობის სურვილს, ითანამშრომლონ “რუსთავი 2″–თან.

“თბილისიდან გვაცნობეს, რომ “რადიო თავისუფლების” ქართული სამსახურს ჟურნალისტებს კარგად ესმით, რომ თანამშრომლობა, რომელსაც ისინი ეწინააღმდეგებიან, უფრო დიდ აუდიტორიაზე გასვლის შესაძლებლობას მისცემს, თუმცა “რადიო თავისუფლების” ქართველი მაუწყებლები ამბობენ, რომ უმთავრესად მნიშვნელოვანია დაიცვან სანდო და მიუკერძოებელი მედიასაშუალების რეპუტაცია. “რადიო თავისუფლების” ქართული სამსახურის ჟურნალისტები მიუთითებენ, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება ასრულებს მნიშვნელოვან როლს მედიაგარემოს პოლარიზაციის შენარჩუნებაში. აშშ–ის გადასახადის გადამხდელთა ფულით დაფინანსებული მედიასაშუალება არ უნდა იყოს დაკავშირებული მსგავს პარტიულ მედიასაშუალებებთან”, –წერია BBGWatch–ის წერილში, რომელიც 22 იანვარს გამოქვეყნდა.

სტატიის მიხედვით, “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტები მოთხოვნას ეწინააღმდეგებიან იმ არგუმენტით, რომ ეს თანამშრომლობა რადიოს სანდოობას დაუკარგავს. გამოცემამ მიუთითა, რომ “რუსთავი 2” ბევრისთვის მიიჩნევა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გავლენის ქვეშ მყოფ ტელევიზიად.

“რუსთავი 2″–თან და კიდევ ერთ ადგილობრივ ტელევიზიასთან თანამშრომლობით დაინტერესებულია “რადიო თავისუფლების” ვიცეპრეზიდენტი ნენად პეჯიკი, წერია სტატიაში. გამოცემა იუწყება, რომ რადიო თავისუფლების ქართულენოვანი სამსახურის ჟურნალისტებმა, სამსახურის ხელმძღვანელ დავით კაკაბაძესთან ერთად, წერილობით მიმართეს მმართველთა სამაუწყებლო საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს, ჯონ ლანსინგს და მის მოადგილეს, ჯეფ ტრიმბლს.

მმართველთა სამაუწყებლო საბჭო არის აშშ–ის მთავრობის დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც სუპერვიზიას უწევს ამერიკის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ უცხოეთში მომუშავე მედიასაშუალებებს: “ამერიკის ხმას”, “რადიო თავისუფლებას”, “რადიო–ტელევიზია მარტის”, “რადიო თავისუფალ აზიას”, “შუა აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელს”.

BBGWatch–ის ცნობით, ჟურნალისტებმა წერილში მიუთითეს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რადიო თავისუფლების მენეჯმენტის მხრიდან ქართულ სამსახურზე გაიზარდა ძალდატანება, უსამართლო მოპყრობა და თავდასხმები.

BBGWatch აკრიტიკებს “რადიო თავისუფლების” დირექტორს, თომას კენტს და მმართველთა სამაუწყებლო საბჭოს დირექტორ ლანსენს სუსტი მმართველობისთვის. მედიასაშუალება წერს, რომ პრაღაში, “რადიო თავისუფლების” სათავო ოფისში არსებული კრიზისი 2012 წელს შექმნილი კრიზისის გაგრძელებაა, როდესაც “რადიო თავისუფლების” რუსულენოვან სამსახურში დაიწყო მასობრივი დათხოვნები.

“მსგავსი სცენარი, დიდად მოსალოდნელია, რომ კვლავ გათამაშდეს რადიო თავისუფლებაში”, – წერს მედიასაშუალება.

სტატიაში ყურადღება გამახვილებულია “რადიო ფარდას”, “რადიო თავისუფლების” ირანულენოვან სამსახურში შექმნილ კრიზისზე. “რადიო ფარდას” აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის იმეორებს ირანის რეჟიმის პროპაგანდას. ასევე მითითებულია, რომ “ამერიკის ხმამ” დაკარგა სანდოობა ჩინეთში, დირექტორის ამანდა ბენეტისა და სხვა ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებების შედეგად.

BBGWatch–ს მიაჩნია, რომ მაუწყებელთა საბჭო უძლურია, წინ აღუდგეს ამ ტენდენციას. სტატიაში მითითებულია, რომ “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტები, რომლებიც ღელავენ მედიასაშუალების მისიაზე, აცხადებენ, რომ ახლა უპირატესობა სოციალური მედიის “მოწონებებს” ენიჭება. ისინი ამბობენ, რომ მენეჯერების სურვილი, მეტი რეიტინგი მოიხვეჭონ, საფრთხეს უქმნის “რადიო თავისუფლების”, “ამერიკის ხმის” და სხვა მედიების ავტორიტეტს საქართველოში, ირანში, რუსეთსა და ჩინეთში.

“ნეტგაზეთი” ცდილობს დაუკავშირდეს “რადიო თავისუფლების” თბილისის და პრაღის ბიუროებს, რათა გაარკვიოს, რა ტიპის ზეწოლა მიმდინარეობს მათზე სათავო ოფისის მენეჯმენტის მხრიდან, რა ტიპის თანამშრომლობა სურს მენეჯმენტს “რუსთავი 2″–თან და მართლაც სურს თუ არა მთავარ მენეჯმენტს ქართული სამსახურის დირექტორის, დავით კაკაბაძის თანამდებობიდან დათხოვნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი