ახალი ამბები

სუს-მა ჩატევის დახმარების ბრალდებით ანატოლი ბერძენიშვილი დააკავა

22 იანვარი, 2018 • 3546
სუს-მა ჩატევის დახმარების ბრალდებით ანატოლი ბერძენიშვილი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დღეს თბილისში საქართველოს მოქალაქე ანატოლი ბერძენიშვილი დააკავა.

“გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, ახმედ ჩატაევსა და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში”, – აცხადებს სუსი. 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331-ე პრიმა მუხლის  მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად განსაზღვრულია 17-დან 20-წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

[red_box]”ჩატაევის დაჯგუფების საქმე”[/red_box]

რამდენიმეტომიან საქმეს,  რომელსაც სასამართლო თებერვლიდან განიხილავს, არაერთი ბრალდებული ჰყავს: თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად დაკავებული და მოკლული პირები, მათ შორის ახმედ ჩატაევი; პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებულები და თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც დაკავებისას თავში დაჭრეს და 10 იანვარს გარდაიცვალა; საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული ზურაბ იდოიძე კი 9 იანვარს დააკავეს.

საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს, რომლის მტკიცებით 2017 წლის 21-22 ნოემბერს თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად მოკლული და დაკავებული პირების მიზანი თურქეთსა და საქართველოში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები იყო. სუსის მტკიცებით, 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისში დაკავებულები, მათ შორის მაჩალიკაშვილი, ახმედ ჩატაევს დაეხმარნენ, საქართველოს საზღვარი კანონდარღვევით გადმოელახათ, ასევე, დაეხმარნენ მათ ბინისა და იარაღის მოძიებაში.

ამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. 323-ე მუხლის მესამე ნაწილით, 323-ე პრიმა მუხლით და 328-ე მუხლით, რაც ტერორზმთან დაკავშირებული მუხლებია. ასევე 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი