ახალი ამბები

სალაძე: ჩვენი მოლოდინია, რომ სასამართლომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსი უნდა მიანიჭოს

22 იანვარი, 2018 • 1508
სალაძე: ჩვენი მოლოდინია, რომ სასამართლომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსი უნდა მიანიჭოს

საიას თავმჯდომარე, სულხან სალაძე ნეტგაზეთთან საუბარში მუსტაფა ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით ამბობს, რომ მას ეს სტატუსი უნდა მიენიჭოს.

მისივე განცხადებოთ, ლტოლვილთა სამინისტროს არგუმენტაცია, თუ რატომ არ უნდა მიენიჭებინათ ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსი, დასაბუთებული არ ყოფილა.

“ის გარემოება, რომ სამინისტრომ უარი თქვა სტატუსის მინიჭებაზე და დღესაც ეს საქმე იხილება სასამართლო ინსტანციებში, ჩვენთვის არ ცვლის არსებულ მოცემულობას. კვლავაც მიგვაჩნია, რომ დიახ, ლტოლვილის სტატუსი უნდა მინიჭებოდა იმიტომ, რომ რეალურად არსებობს იმის სფრთხე, რომ თუკი ექსტრადირება დაიწყება და დღის წესრიგში დადგება, არის მთელი რიგი რისკები, რის გამოც მას შეიძლება პრობლემები შეექმნას თურქეთის სახელმწიფოში. ამიტომც ჩვენი მოლოდინი და განწყობა არის ის, რომ სასამართლომ უნდა მიანიჭოს ეს სტატუსი ამ ადამიანს,” – გვეუბნება სულხან სალაძე.

მისივე თქმით, როგორც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ასევე მართლმსაჯულების სისტემამ კარგად უნდა გაიაზროს, თუ სადამდე შეიძლება მივიდნენ პროცესების ამგვარი წარმართვით, თუკი ჩაბუქს უარს ეტყვიან ლტოლვილის სტატუსზე და მიიღებენ ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილებას.

“შეიძლება, ჩვენ დავდგეთ სერიოზული პრობლემების წინაშე, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო, იგივე ევროკავშირის ქვეყნებშიც, ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ფეთულა გიულენთან დაკავშირებით წაყენებული ბრალდებები თურქეთის მხრიდან და არაერთი ადამიანის მიმართ არსებული პროცესი თურქეთში და თურქთის გარეთ, მათ შორის ამ ადამიანების გადაცემასთან დაკავშირებით, უფრო პოლიტიკურად მოტივირებულია, ვიდრე რეალურად სამართლებრვ არგუმენტებზე დაყრდნობილი.

როდესაც სახელმწიფო საუბრობს, რომ ექსტრადირების შემთხვევაში მათ აქვთ გარანტია დიპლომატიურ დონეზე, რომ ის არ დაექვემდეარება წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, ეს ძალიან ზოგადი განცხადებაა იმ ფონზე, როდესაც უამრავი შეფასების დოკუმენტი არსებობს ევროპული კომისიის და გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დოკუმენტებშიც, არის მინიშნებები ამ თემაზე. ზოგადად, მნიშვნელოვანი ჩანაწერებია, მათ შორის, რატომ არის თურქეთში პრობლემური ამ დანაშაულთან დაკავშირებით კონკრეტული პირების ექსტრადირება, თუნდაც პატიმრობა. და რომ ხშირად ეს უფრო პოლიტიკურ მოტივს ატარებს, ვიდრე რეალურად მათ მონაწილეობას დანაშაულებრივ ქმედებაში,” – ამბობს სულხან სალაძე.

სალაძე იხსენებს, სავარაუდოდ, საქართველოდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესაც და ამბობს, რომ ეს ორი საქმე საქართველოს შეიძლება “ბევრგან დახვდეს წინ”:

“შეიძლება, ეს გახდეს სტრასბურგის სასამართლოსთვის ისეთი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა, რომელიც კიდევ მეტად დააზარალებს ქართულ სახელმწიფოს. პარალელი უნდა გავავლო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთანაც, ვინაიდან ეს ორი საქმე არ არის მხოლოდ სახელმწიფოს შიგნით მომხდარი კონკრეტული ფაქტი, დანაშაულებრივი ქმედება ან მსგავსი რამ. ეს არის იმ კატეგორიის საქმეები, რომლის რეზონანსულობაც ბევრად უფრო დიდი იქნება, ვიდრე, უბრალოდ, საქართველოს შიდა ინტერესებისთვის რაიმე ზიანის მიყენება, ან პირიქით. ჩვენ ყველგან შეგვახსენებენ ამას და, პრინციპში, იგივე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე ვხედავთ, რომ არაერთი საერთაშორისო შეფასების დოკუმენტში მოხვდა ეს საკითხი. მე მგონია, რომ ამას იგივე გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ქართული სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ,” – ამბობს სულხან სალაძე.


დემირელის კოლეჯის ყოფილი დირექტორი, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ბრალს დებს “ტერორისტული ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობისთვის ხელის შეწყობაში და თურქეთში მის ექსტრადირებას ითხოვს, ამჟამად საქართველოში, წინასაექატრადიციო პატიმრობაში იმყოფება. მუსტაფა ჩაბუქი და მისი ოჯახი საქართველოს ხელისუფლებისგან ლტოლვილის სტატუსს ითხოვენ. სამინისტრომ მას ამ სტატუსზე უარი უთხრა. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლომ, ახლა კი სააპელაციო სასამართლოში გრძელდება განხილვა.

მუსტაფა ჩაბუქი ამბობს, რომ მას არავითარი კავშირი არ აქვს არც ტერორისტულ ორგანიზაციასთან, არც თურქეთში მომხდარ გადატრიალების მცდელობასთან. ჩაბუქი შიშობს, რომ თურქეთში ესტრადირების შემთხვევაში იგი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდება.

“იმედი მაქვს, საქართველოს სასამართლოში ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც ამ ყველაფერს ამაცილებს,”- განაცხადა ჩაბუქმა 22 იანვრის სასამართლო პროცესზე.

სააპელაციო სასამართლოში ჩაბუქისა და მისი ოჯახისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სარჩელს მოსამართლეთა კოლეგია შოთა გეწაძის, ილონა თოდუას და გიორგი გოგიაშვილის შემადგენლობით იხილავს. სასამართლოს გადაწყვეტილებას სავარაუდოდ 26 იანვარს მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი