ახალი ამბები

თიანეთის საკრებულომ ბიუჯეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

22 იანვარი, 2018 • 1686
თიანეთის საკრებულომ ბიუჯეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

თიანეთის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” თიანეთის მერმა, თამაზ მეჭიაურმა განუცხადა.

მეჭიაურის თქმით, საკრებულოს წევრებმა (სულ 25 წევრი) ერთხმად დაუჭირეს მხარი ბიუჯეტს, რომელიც დაახლოებით 4.5 მილიონი ლარია. თუმცა, როგორც თამაზ მეჭიაური განმარტავს, მესამე მოსმენაზე წარდგენილ პროექტი პირველი ვერსიისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა:

“საკრებულოს წევრებს ჰქონდათ, ცოტა დემაგოგიური განმარტება მაგაზე და არ გამოვეკიდეთ, თუმცა მივეცი განმარტება. მათი პოზიცია იყო, თითქოს ჩვენ რაღაც მნიშვნელოვნად შევცვალეთ ამ მოსმენისთვის ბიუჯეტში და ა.შ.  ეს არის დემაგოგია. საქმე არის ის,  რომ ყველა მუნიციპალიტეტში მიიღება ბიუჯეტის ის ვარიანტი, რომელიც იმ მომენტში მეტ-ნაკლებად არის რეალობასთან მიახლოებული, მოგეხსენებათ, წლის ბოლოს ნაშთებს აზუსტებს ხაზინა, რომ დამთავრდება ყველა გადარიცხვა და იმ ნაშთებიდან გამომდინარე ხდება უკვე ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა. რაკიღა საკრებულომ არ მიიღო დეკემბერში პროექტი, ჩვენ მოგვიწია დაზუსტების დამატება. ჩვენ მოგვეცა საშუალება, ორჯერ ჩაგდებული ბიუჯეტის შემდეგ, პირველი იანვრისთვის ხაზინის მიერ დაზუსტებული ნაშთის ნახვისა. ეს ნაშთები დავამატეთ და გადავანაწილეთ პრიორიტეტების მიხედვით”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. 

რაც შეეხება პრიორიტეტებს, როგორც მეჭიაური განმარტავს, ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი საბავშვო ბაღების ინფრასტურქტურული და კვების ხარისხის გაზრდაა:

პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ეს არის საბავშვო ბაღები. ჩვენ მივიღეთ კანონი სკოლამდელი აღზრდის შესახებ, სადაც უფრო გაზრდილი მოთხოვნები არის. ე.წ. ავტორიზაცია ხდება საბავშვო ბაღების, რომელიც გულისხმობს როგორც მისი ინფრასტრუქტურის მოქცევას მაღალ სტანდარტებში, ასევე კვების სტანდარტის გაზრდას. ამ სტანდარტებით გამოირციხება უკვე შედედებული რძე, ხორცის კონსერვი და ა.შ. ისეთი პროდუქტები, რომელიც ბავშვისთვის შეიძლება სახიფათო იყოს. გამომდინარე აქედან, გაიზარდა რაციონის ღირებულებაც. თუ ადრე იყო 2 ლარი ერთ ბავშვზე, ახლა 2.8 ლარია, დაახლოებით 40%-ით გაიზარდა კვების ფასი. ცხადია, ეს გულისხმობს მეტ დაფინანსებას ამ მიმართულებით, როგორც ინფრასტურქტურული, ასევე კვების ხარისხის გაუმჯობესების გამო”, – ამბობს მეჭიაური.

გარდა ამისა, თიანეთის მერის თქმით, ახალ ბიუჯეტში ყურადღება მიექცა თიანეთის შიდა გზებს, განათებებს, დასუფთავებასა და სპორტისა და კულტურის განვითარებას.

“დასუფთავების მომსახურების არეალი გაიზარდა. გარდა ამისა, გარე განათების მოცულობა გაიზარდა, სხვადასხვა სოფელი დაემატა. თავისთავად ცხადია, რომ ამ შემთხვევაში მათი ექსპლუატაციის სიდიდეც და  ხარჯებიც იზრდება. გამომდინარე აქედან, გაჩნდა საჭიროება დამატებითი დაფინანსების. მაგალითად,  გარე განათების მომსახურებაზე რომ ვისაუბროთ, დაზიანებების აღმოსაფხვრელად ჩვენ ადრე ვქირაობდით მანქანას, თუმცა ახლა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ თვითონ გვეყიდა ეს მანქანა, რაც გაცილებით უფრო იაფი დაგვიჯდებოდა. გარდა ამისა, გაიზარდა შიდა გზების მოასფალტების დაფინანსებაც.

ასევე სპორტში გაიზარდა დაფინანსება. მაგალითისთვის, ვაპირებთ, შევიძინოთ ახალი ტატამი. ასევე, კულტურული ღონისძიებები, ანსამბლია აღსადგენი. ასევე აღსადგენია სარიტუალო დარბაზები, 6-7 დარბაზი, ეტაპობრივად რომ შევძლოთ მათი გადარჩენა, რისთვისაც შედარებით მცირე ხარჯებია საჭირო”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

დღეს თიანეთის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. როგორც საკრებულოს წევრები აცხადებენ, მესამე მოსმენაზე წარდგენილ ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო ის შენიშვნები, რაც საკრებულომ მერიას წარუდგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი