ახალი ამბებიეკონომიკატექნოლოგიები

ქუმსიშვილი: ტურისტულ ცენტრებში ვირტუალური რეალობის სტენდები დაინერგება

22 იანვარი, 2018 • 2640
ქუმსიშვილი: ტურისტულ ცენტრებში ვირტუალური რეალობის სტენდები დაინერგება

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, მადრიდში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „FITUR 2018“ საქართველოს სტენდის დასათვალიერებლად მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ემოგზაურათ ვირტუალური რეალობის სათვალის საშუალებით.

როგორც ეკონომიკის სამინისტროდან გვაცნობეს, პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მადრიდის გამოფენაზე აღნიშნულ ტექნოლოგიურ სიახლეს პირადად გაეცნო და მისი შესაძლებლობებიც გამოსცადა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აპლიკაცია ქართულ ტურისტულ კომპანიებს გაყიდვებში დაეხმარება.

“როდესაც რომელიმე ტურს უკეთებთ მარკეტინგს, ამას თქვენ მხოლოდ სიტყვიერად კი არ აკეთებთ, არამედ აპლიკაციის მეშვეობით – დაინტერესებულ პირს პრაქტიკულად აჩვენებთ და ვირტუალურ რეალობაში მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში დავნერგავთ ამ ტექნოლოგიას, რათა ჩვენს სტუმრებს აღნიშნული პროდუქტით სარგებლობის შესაძლებლობა ჰქონდეთ,” – განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვირტუალური რეალობის სათვალის შესაძლებლობებთან გაცნობის შემდეგ.

მადირიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარმოდგენილი ინოვაციური პროექტი კომპანია VRex Immersive-მა მოამზადა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ვირტუალური რეალობის სათვალის გამოყენებით შესაძლებელია როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის რეჟიმში გადასვლა. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტში გამოყენებული საქართველოს 100-ზე მეტი ტურისტული ადგილის შესახებ ვიდეორგოლი გადაღებულია 360-გრადუსიანი ხედვის მქონე, უახლესი ტექნოლოგიების კამერებით.

დიმიტრი ქუმსიშვილი მადრიდში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე. ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი