ახალი ამბები

გერმანია ფინანსურ დახმარებას ნატო-საქართველოს პაკეტისთვის 500 000 ევროს ოდენობით ზრდის

22 იანვარი, 2018 • 1965
გერმანია ფინანსურ დახმარებას ნატო-საქართველოს პაკეტისთვის 500 000 ევროს ოდენობით ზრდის

გერმანია ნატო-საქართველოს ღონისძიებათა არსებითი პაკეტის (SNGP) ფინანსურ დახმარებას 500 000 ევროს ოდენობით ზრდის. ამ ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს.

როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, გერმანიის ელჩმა ნატოში, დოქტორ ჰანს-დიტერ ლუკასმა, 2017 წლის 6 დეკემბერს ბრიუსელში თანხმობა გასცა საქართველოში განსახორციელებელი SNGP-პროექტებისთვის დამატებით 500 000 ევროს დახმარების გამოყოფაზე. ახლად გამოყოფილი თანხის ნაწილი მოხმარდება თავდაცვის ინსტიტუციური განვითარების სკოლის წინსვლას. ასევე, აღნიშნული თანხიდან 202 198 ევრო დაიხარჯება კრწანისში არსებული ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ხელშეწყობისთვის.

“ამ დახმარებით გერმანია ხაზს უსვამს ნატო-საქართველოს ღონისძიებათა არსებითი პაკეტის მნიშვნელობას, რომლის დაფინანსებაც დამოკიდებულია ნატოს წევრი პარტნიორი ქვეყნების მიერ გამოყოფილ ნებაყოფლობით გრანტებზე, რადგან მას ნატოში არ გააჩნია საკუთარი ბიუჯეტი. გერმანია მომავალშიც აქტიურად დაეხმარება საქართველოს ნატოსკენ მიმავალ გზაზე როგორც პერსონალით, ასევე ფინანსურად”, – ნათქვამია განცხადებაში.

2014 წლის 25 ივნისს ქალაქ ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებისა და ალიანსთან თავსებადობის გაზრდის მიზნით, საქართველოსთვის შეიმუშაონ „არსებითი პაკეტი”.

შედეგად, 2014 წლის 4-5 სექტემბერს გამართულ ნატოს უელსის სამიტზე, საქართველომ ალიანსისგან ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი მიიღო.

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი 2015 წლის 27 აგვისტოს გაიხსნა ეროვნული სასწავლო ცენტრის, “კრწანისის” ტერიტორიაზე. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით,  ის ხელს უწყობს როგორც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ასევე ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას.

რაც შეეხება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას, ის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი პროექტია, რომელიც 2016 წლის 26 ივნისს გაიხსნა. მისი დაფუძნებისთვის გერმანიამ 500 000 ევრო გამოყო. როგორც საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდზე ვკითხულობთ, სკოლის მთავარი ამოცანა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი