ახალი ამბები

რა მოხდება, თუ სააპელაციო სასამართლო უარს ეტყვის ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსზე?

22 იანვარი, 2018 • 2314
რა მოხდება, თუ სააპელაციო სასამართლო უარს ეტყვის ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსზე?

სავარაუდოდ, 26 იანვარს გახდება ცნობილი, მიანიჭებს თუ არა სააპელაციო სასამართლო ლტოლვილის სტატუსს მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მის ოჯახს.

დემირელის კოლეჯის ყოფილი დირექტორი, რომელსაც, თურქეთის ხელისუფლება ბრალს დებს “ტერორისტული ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობისთვის ხელის შეწყობაში და თურქეთში მის ექსტრადირებას ითხოვს, ამჟამად საქართველოში, წინასაექატრადიციო პატიმრობაში იმყოფება. მუსტაფა ჩაბუქი და მისი ოჯახი საქართველოს ხელისუფლებისგან ლტოლვილის სტატუსს ითხოვენ. სამინისტრომ მას ამ სტატუსზე უარი უთხრა. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლომ, ახლა კი სააპელაციო სასამართლოში გრძელდება განხილვა.

მუსტაფა ჩაბუქი ამბობს, რომ მას არავითარი კავშირი არ აქვს არც ტერორისტულ ორგანიზაციასთან, არც თურქეთში მომხდარ გადატრიალების მცდელობასთან. ჩაბუქი შიშობს, რომ თურქეთში ესტრადირების შემთხვევაში იგი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდება.

“იმედი მაქვს, საქართველოს სასამართლოში ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც ამ ყველაფერს ამაცილებს,”- განაცხადა ჩაბუქმა 22 იანვრის სასამართლო პროცესზე.

სააპელაციო სასამართლოში ჩაბუქისა და მისი ოჯახისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სარჩელს მოსამართლეთა კოლეგია შოთა გეწაძის, ილონა თოდუას და გიორგი გოგიაშვილის შემადგენლობით იხილავს.

ამ საქმის განხილვა შეიძლება დღესვე დასრულებულიყო, მაგრამ გადაიდო, რადგანაც სასამართლო პროცესზე ვერ გამოცხადდა მუსტაფა ჩაბუქის ცოლი, თუბა ჩაბუქი, რომელსაც, ადვოკატის თქმით, არსებითი ხასიათის განმარტება უნდა მიეცა სასამართლოსთვის. ადვოკატმა მიზეზად დაასახელა ის გარემოება, რომ ჩაბუქის ოჯახის მიმართ განხორციელებული მუქარის გამო ოჯახი პროკურატურამ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართო, რის გამოც თუბა ჩაბუქის საკონტაქტო ინფორმაცია გასაიდუმლოებულია და ვერ აცნობეს სასამართლო პროცესის დანიშვნის შესახებ. ადვოკატმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომ ოფიციალური გზებით, სამართალდამცავების დახმარებით შეატყიობინონ თუბა ჩაბუქს პროცესის 26 იანვარს დანიშვნის თაობაზე. სასამართლომ ეს შუამდგომლობა გაითვალისწინა.

რა მოხდება, თუკი  სააპელაციო სასამართლო არ მიანიჭებს ლტოლვილის სტატუსს მუსტაფა ჩაბუქს?

ჩაბუქის ოჯახის ადვოკატს, სოსო ბარათაშვილს ვკითხეთ, რა მოხდება, თუკი სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, ანუ, უარს ეტყვის ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსზე:

“უკვე პროკურატურას ექნება უფლბამოსილება დაიწყოს პროცედურები, რაც  გამოიხატება იმაში, რომ ისინი მიმართავენ შუამდგომლობით სასამართლოს, რათა იუსტიციის მინისტრს მიეცეს უფლება, გასცეს განკარგულება ექსტრადირების თაობაზე. შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრდება უზენაეს სასამართლოში, ანუ აპელაციას აღარ ითვალისწინებს და უკვე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო. ამის შემდეგ იუსტიციის მინისტრს ნებისმიერ დროს აქვს უფლება, გასცეს განკარგულება ექსტრადიციის შესახებ, ან არ გასცეს,”- განაცხადა ნეტგაზეთთან საუბრისას სოსო ბარათაშვილმა.

თუკი სააპელაციო სასამართლო ჩაბუქის საჩივარს დააკმაყოფილებს, მისივე განმარტებით, ავტომატურად შეწყდება ექატრადირების პროცედურები.

ბარათაშვილს ასევე ვკითხეთ, თუ რა მოლოდინები აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით. იგი ამბობს, რომ საქმე პოლიტიზებულია და საჭიროების შემთხვევაში, ევროპის სასამართლოს მიმართავენ.

“თუ ჩვენ სამართლებრივი არგუმენტებითა და მტკიცებულებებით ვიმსჯელებთ, 100%-ით უნდა დაკმაყოფილდეს ჩვენი საჩივარი. მაგრამ ეს საკითხი არის უკიდურესად პოლიტიზებული, აქ ჩართულია თურქეთის მხარე, საქარველოს ხელისუფლება, ამიტომ, ამ შემთვევაში, ნაკლებად არის მოსალოდნელი რაიმე პოზიტიურზე ფიქრი და მხოლოდ ევროპის სასამართლოს იმედი გვაქვს,”- გვეუბნება ბარათაშვილი.

რა პოზიცია აქვს ლტოლვილთა სამინისტროს?

ლტოლვილთა სამინისტროს პოზიცია უცვლელია –  ისინი ითხოვენ, რომ სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და უარი უთხრან ჩაბუქს ლტოლვილის სტატუზე.

“კონვენციით გათვალისიწენული დევნის საფუძვლები არ არსებობს,”- განაცხადა ლტოლვილთა სამინისტროს სასამართლო წარმომადგენლობის სამსახურის უფროსმა ლევან ბარდაველიძემ.

მისივე განცხადებით, საფრთხე, რომ თურქეთში დაპატიმრების შემთხვევაში შესაძლოა ჩაბუქი არასათანადო მოპყრობას დაექვემდებაროს, რეალური არ არის

“აქ რამდენიმე გარემოებაა მხედველობაში მისაღები, მათ შორის ის, რომ თურქეთის ხელისუფლებამ გასცა დიპლომატიური გარანტია, რომ მასთან მიმართებით არასათანადო მოპყრობას არ ექნება ადგილი, ეს ერთი, და რომ საქართველოს ხელისუფლებას ექნება წვდომა და შესაძლებლობა, რომ დააკვირდეს ამ პიროვნების ყოფნას თურქეთის საპატიმროში,”- განაცხადა ჟურნალისტებთა საუბრისას ლევან ბარდაველიძემ.

თურქეთში ჩაბუქის ექსტრადირებასთან დაკავშირებით კომენტარი რამდნეიმე თვის წინ განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბრმაც გააკეთა. მან განაცხადა, რომ თურქეთში ჩაბუქი მოხვდება ევროპული სტანდარტის ციხეში, სადაც არ დაექვემდებარება წამებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი