ახალი ამბები

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პავილიონის კონცეფციას კონკურსის გზით შეარჩევენ

22 იანვარი, 2018 • 1587
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პავილიონის კონცეფციას კონკურსის გზით შეარჩევენ

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონისა და ეროვნული სტენდის კონცეფციის შესამუშავებლად წიგნის ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა, რომლის შედეგი 4 თებერვალს გაირკვევა.

2018 წლის 9 იანვარს გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა, რომლის შედეგადაც, მეორე ეტაპზე გადავიდა 8 კომპანია.

[checklist]

  • Betterfly
  • ვიზუალური ხელოვნების ცენტრი
  • Wizzard Event
  • W Forte
  • Art-Transfer
  • Designbureau
  • McCANN Tbilisi
  • KMX

[/checklist]

[checklist]

  • კონკურსის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ პავილიონის და ეროვნული სტენდის დეტალური კონცეფცია არაუგვიანეს 2018 წლის თებერვლის ბოლოს უნდა წარადგინოს. 
  • პროექტის არქიტექტურული განვითარება – არაუგვიანეს 2018 წლის მარტის ბოლო
  • დეტალური არქიტექტურული პროექტი და კონსტრუქციის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
    მომზადება – არაუგვიანეს 2018 წლის მაისის ბოლო
  • კონსტრუქტორი კომპანიის შერჩევა – არაუგვიანეს 2018 წლის ივნისის ბოლო
  • კონსტრუქციის მშენებლობა – 2018 წლის 30 სექტემბერი – 8 ოქტომბერი

[/checklist]

კონკურსის პირველ ეტაპზე წიგნის ეროვნულ ცენტრში 14 განაცხადი შევიდა. კომპანიების მიერ წარდგენილი პროექტი უნდა ეფუძნებოდეს საპატიო სტუმარი ქვეყნის ძირითად კონცეფციას და სლოგანს “ანბანით მოთხრობილი საქართველო” (Georgia Made by Characters). გამარჯვებულ კომპანიას 15-წევრიანი ჟიური არჩევს.

გამარჯვებულმა კომპანიამ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის კონტრაქტორ კომპანიასთან “მულტივერს არქიტექტურა” მჭიდრო თანამშრომლობით უნდა უზრუნველყოს საქართველოს პავილიონის პროექტის მომზადება.

საბოლოო პროექტი უნდა ასახავდეს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას და მის მრავალფეროვნებას, საქართველოს იდენტობას და მის ხასიათს, ისე, რომ პავილიონმა მიიზიდოს საერთაშორისო აუდიტორია და გააცნოს მათ საქართველოს კულტურული, მათ შორის ლიტერატურული მემკვიდრეობა.

საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონთან ერთად , რომლის ფართია2 500 კვ.მ.-მდეა,  კონტრაქტორს მოეთხოვება წარადგინოს შედარებით მცირე, 180 კვ.მ. ეროვნული სტენდის ინტეგრირებული კონცეფცია.  წიგნის ცენტრის განმარტებით, ეროვნული სტენდი პავილიონის კონცეფციის ერთგვარი გაგრძელება უნდა იყოს.

პავილიონის და ეროვნული სტენდის მშენებლობის წინასწარი ბიუჯეტი არ აღემატება 700 000 ევროს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

კონკურსი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც პროექტისთვის მზადებას კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი გამოეთიშა. პროექტს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ხელმძღვანელობს წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორ დეა მეტრეველთან ერთად.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ჩაშლის პირას – მანანა ბერიკაშვილის მმართველობა კულისებიდან

ბერიკაშვილი პროექტს გამომცემლებისა და მწერლების პროტესტის შემდეგ გამოეთიშა. წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა დეა მეტრეველმა განაცხადა, რომ ბერიკაშვილის ჩარევების გამო წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობის ჩაშლის საშიშროება იყო, რის გამოც მან კულტურისა და სპორტის მინისტრს მიმართა, რომ სამსახურს დატოვებდა. პროტესტის შედეგად სამინისტრო დათმობაზე წავიდა და მანანა ბერიკაშვილი პროექტს ჩამოშორდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი