ახალი ამბები

თურქეთი სირიაში ქურთების პოზიციებს უტევს

21 იანვარი, 2018 • 3159
თურქეთი სირიაში ქურთების პოზიციებს უტევს

თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიაში აშშ-ის მხარდაჭერილი ქურთების წინააღმდეგ სამხედრო კამპანიას განაგრძობენ. გუშინ განხორციელებული საჰაერო იერიშების შემდეგ, დღეს, 21 იანვარს, სამხედრო შენაერთებმა სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს. თურქეთის პრემიერ ბინალი ილდირიმის განცხადებით, მათ  სირიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ აფრინში შესვლა მოახერხეს, რომელიც  თურქეთს ესაზღვრება და ოპერაციის მთავარი სამიზნეა.

თურქეული “Anadolu”-ს ინფორმაციით, თურქეთის ძალები ქალაქში მძიმე ტექნიკისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის თანხლებით 5 კილომეტრის სიგრძეზე შევიდნენ, თუმცა სერიოზული შეტაკებები ჯერჯერობით არ მომხდარა.

თურქული მხარე ამტკიცებს, რომ სამხედრო ოპერაციაში სირიელი ქურთების წინააღმდეგ ე.წ. “სირიის თავისუფალი არმიაც” იბრძვის, რომელიც თავის მხრივ პრეზიდენტ ასადის მოწინააღმდეგეა. “Al Jazeera”-ს კორესპონდენტის ცნობით, აფრინის აღმოსავლეთით “თავისუფალი არმიის” დაახლოებით 15 000-მა მებრძოლმა მოიყარა თავი. თავად სამხედრო დაჯგუფებას ოპერაციაში მონაწილეობა ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

სახმელეთო ოპერაციამდე, 20 იანვარს, თურქეთმა ქურთების პოზიციებზე საჰაერო იერიშები განახორციელა. ანკარის მტკიცებით, ავიაციამ და არტილერიამ, ჯამში, ქურთების 153 პოზიცია გაანადგურა.

ქურთული მხარის ცნობით კი, თურქეთის ოპერაციის შედეგად 7 მშვიდობიანი მოქალაქე და 3 სამხედრო პირია დაღუპული.

დღესვე, აფრინიდან პირველი რაკეტები გაუშვეს თურქეთის სასაზღვრო ქალაქ ქილისში. სახელმწიფო მედიის ცნობით, შედეგად 1 ადამიანი დაშავდა და რამდენიმე შენობა დაზიანდა.

ქალაქი აფრინი ქურთების დე ფაქტო ავტონომიის ნაწილია, რომელიც სირიის ჩრდილოეთით მდებარეობს და თურქეთს ესაზღვრება. აქვე მოქმედებს “სახალხო თავდაცვითი შენაერთი”(YPG), რომელიც 2014 წლის შემდეგ აქტიურად იბრძვის ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, თურქეთი მას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და “ქურთისტანის მუშათა პარტიასთან” კავშირში ადანაშაულებს. ოპერაციის დაწყებამდე ერდოღანი აცხადებდა, რომ აშშ თურქეთის საზღვართან “ტერორისტული არმიის” შექმნას ცდილობს, რასაც თურქეთი არ დაუშვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი