ახალი ამბები

ჯანეზაშვილი: იუსტიციის საბჭომ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობა უნდა დაიცვას

21 იანვარი, 2018 • 2142
ჯანეზაშვილი: იუსტიციის საბჭომ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობა უნდა დაიცვას

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაიცვას ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობა, თუკი მასზე რაიმე ტიპის ზეგავლენა ხდება.

ნეტგაზეთმა ჯანეზაშვილს კითხვები “ბასიანის” საქმესთან დაკავშირებით დაუსვა, აღძრავდა თუ არა ეს ეჭვებს სასამართლოში კორუფციის არსებობისა და სასამართლოს მიკერძოებულობის შესახებ.

ჯანეზაშვილი ამბობს, რომ საბჭოს წევრის სტატუსიდან გამომდინარე, კონკრეტულ საქმეებზე საუბრისგან თავის შეკავებას ამჯობინებს, მაგრამ საზოგადოებაში არსებული კითხვები პრობლემის არსებობაზე მიუთითებს:

“ვისურვებდი, ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილება იმ ფორმით იყოს, რომ საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები. რადგან საბჭოს წევრი ვარ, ეს შეიძლება მოსამართლეების მხრიდან იყოს სხვაგვარად აღქმული, თუ მე კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მათ გადაწყვეტილებას შევეხები. ამიტომ თავს შევიკავებ. მაგრამ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, რადგან საზოგადოებაში ჩნდება კითხვები, ესე იგი, სადღაც პრობლემა გვაქვს და ამაზე უნდა ვიფიქროთ,”- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით, იუსტიციის საბჭოს როლი აქ უნდა იყოს ის, რომ მან ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობა დაიცვას. მან ასევე გაიხსენა, თუ რა მოხდა მაშინ, როდესაც “რუსთავი 2-ის” საქმის განმხილველი მოსამართლე თამაზ ურთმელიძე საბჭომ დაიბარა, ის კი არ გამოცხადდა:

“ამ შემთხვევაში საბჭოს როლი უნდა იყოს ის, რომ თუკი ხდება მოსამართლეზე ზეწოლა, ან რაიმე ტიპის გავლენა, საბჭო უნდა იყოს თავის როლში, თავის ფუნქციებში და მან ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. მაგრამ მე, როგორც საბჭოს წევრს, ამის შესახებ ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს. კარგი იქნებოდა, მეტ ინფორმაციას ვფლობდე, მაგრამ ამ პირობებში ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში, საბჭოს როლი შეიძლება გამოიკვეთოს იმაში, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე იდგეს და მან დაიცვას ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობა, თუკი მასზე რაიმე ტიპის ზეგავლენა ხდება და ვინმე მის საქმიანობაში ერევა.

გაგახსენებთ ერთ შემთხვევას, თამაზ ურთმელიძის შემთხვევა იყო, როდესაც, საბჭომ შესთავაზა, რომ მოსულიყო სხდომაზე, როდესაც რუსთავი 2-ის საქმე იხილებოდა და ემსჯელათ საკითხზე, ხომ არ იყო ის გავლენის ქვეშ. ამ სხდომაზე თამაზ ურთმელიძე არ გამოცხადდა იმის გამო, რომ საზოგადოებას შეიძლება გასჩენოდა ეჭვები, რომ საბჭო ხომ არ ერევა მის საქმიანობაში და ხომ არ არის გარკვეულწლად ანგარიშის ჩაბარება საბჭოსთვის, რადგან დაუშვებელია, ვინმემ ანგარიში მოსთხოვოს მოსამართლეს. ის არ გამოცხადდა საბჭოს სხდომაზე და აქაც ძალიან ფაქიზი თემაა, როგორ უნდა ჩაერიოს საბჭო ამ ყველაფერში,”- ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი