ახალი ამბები

აშშ-ის მთავრობა ფედერალური სერვისების მიწოდებას აჩერებს

20 იანვარი, 2018 • 1725
აშშ-ის მთავრობა ფედერალური სერვისების მიწოდებას აჩერებს

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ბევრი ფედერალური სერვისის მიწოდების შეჩერება დაიწყო, რადგანაც სენატი ახალ ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდა.

ფედერალური მთავრობის 16 თებერვლამდე დაფინანსების კანონპროექტმა სენატში საკმარისი 60 ხმა ვერ მოაგროვა. როგორც BBC იუწყება, მწვავე დებატები იმიგრაციასა და სასაზღვრო პოლიციის საკითხებს ეხებოდა.

BBC-ის ცნობით, ეს არის მთავრობის ფუნქციების პირველი შეჩერება, როდესაც კონგრესსა და თეთრს სახლს ერთ და იგივე პარტია, რესპუბლიკელები აკონტროლებენ.

ეს ვითარება ასობით ათას სახელმწიფო მოხელეზე აისახება. ურთიერთბრალდებები უკვე დაიწყო.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დემოკრატები იმაში დაადანაშაულა, რომ მათ ამერიკის ინტერესებზე მაღლა პოლიტიკა დააყენეს.

იმის გამო, რომ ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება დაფინანსების 16 თებერვლამდე გახანგრძლივების შესახებ, ბევრი ფედერალური უწყება დაიხურება.

“ორშაბათს სახლში დარჩებიან საბინაო, გარემოს დაცვის, განათლებისა და კომერტიის დეპარტამენტების თანამშრომლების უმეტესობა. სახაზინო, ჯანდაცვის, თავდაცვისა და ტრანსპორტის დეპარტამენტების თანამშრომლების ნახევარი ასევე არ წავა სამუშაოდ,”- წერს BBC.

მასალების გადაბეჭდვის წესი