მოსამართლე ბადრი შონია “ბასიანზე” დაჭრაში ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების შესახებ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონია, რომელმაც “ბასიანზე” სამი ადამიანის, მათ შორის, ერთი პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა, ამბობს, რომ მოსი გადაწყვეტილება უკანონო არ ყოფილა.

ამის შესახებ შონიამ დღეს, 20 იანვარს, მოსამარღლეთა კონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“მე შევაფასე, რომ არ იყო სავალდებულო პატიმრობის გამოყენება და მივიჩნიე, რომ გირაოც უზრუნველყოფდა, ვინაიდან ის აღიარებდა, ინანიებდა, არ იყო ნასამართლევი. მეორე მომენტი კიდევ, საზოგადოების განწყობა და სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება ყოველთვის ერთმანეთს არ დაემთხვეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემ  მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და აპელაცია იმიტომაც არის, რომ უნდა შეამოწმოს და ამის უფლება გააჩნია მას,”- განაცხადა შონიამ.

ბადრი შონიას გადაწყვეტილებას ბრალდებულის გირაოს საფუძველზე გათავისუფლების შესახებ კლუბის თანამშრომლების, დაზარალებულების ოჯახის წევრებისა  და საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, სადაც მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილმა ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი