რესტორანში ოთხი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და რესტორანში ოთხი პირის დაჭრაში ბრალდებულ ს.ს-ს აღკვეთი ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა – ინფორმაციას ამის შესახებ მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

“2018 წლის 17 იანვარს, დაახლოებით 23 საათსა და 50 წუთზე, ქ. თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ რესტორან „აღა“-ში, ს.ს-მ იქ მყოფ საზოგადოებას  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან დანის გამოყენებით  რ.ბ- ს მარჯვენა ფეხის მიდამოში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობები, რამაც კუნთის დაზიანება გამოიწვია და ჩაუტარდა ოპერაცია, დ.ქ – ს დაარტყა დანა მარცხენა კოჭის არეში და მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა, მ.მ – ს მარცხენა მუხლის უკანა ნაწილში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა, ხოლო მ.ბ-ს, ასევე დანის გამოყენებით, ფეხისა და წინამხრის არეში მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება,”- აცხადებს პროკურატურა.

მათივე განცხადებით,  ს.ს. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), 118-ე მუხლის მესამე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ორი ან მეტი პირის მიმართ) და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი იარაღის ან იარაღად  სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა.  რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე.

პროკურატურის განცხადებითვე, ბრალდებული წარსულში ნასამართლევი იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი