გვენეტაძე “ბასიანის” ინციდენტზე: საზოგადოების კითხვები მნიშვნელოვანია და პასუხს მოითხოვს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, დღეს, 20 იანვარს, მოსამართლეთა კონფერფენციის დაწყებამდე, კლუბ “ბასიანზე” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან სასამართლოს მიმართ გამოთქმულ ეჭვებზე ისაუბრა.

“ბასიანზე” მომხდარ დაჭრაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოების ნაწილში სასამართლოში კორუფციის არსებობის შესახებ ეჭვები გააჩინა. ამ კონტექსტში ნეტგაზეთმა გვენეტაძეს ჰკითხა, სასამართლოს ორი ინსტანციის რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილებები ხომ არ უქმნის საფრთხეს სასამართლოს რეპუტაციას და სასამართლოს სისტემური პრობლემები ხომ არ გამოააშკარავა ამ საქმემ.  “იმედის” ჟურნალისტმა კი იკითხა, ხომ არ მოახდინა საზოგადოების რეაქციამ გავლენა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

“ჩვენ სასამართლო სისტემაში ინსტანციურობის დონეები იმ მიმართებით გვაქვს ზუსტად, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების ცვლილება შესაძლებელია. რაც შეეხება საზოგადოების დამოკიდებულებას და მათ შეფასებას, ამ მხრივ, მათი კითხვები, ბუნებრივია, არის მნიშვნელოვანი და ეს კითხვები მოითხოვს პასუხს.

ძალიან ზოგადად, მე, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და უშუალო საქმის განმხილველ მოსამართლეს, შემიძლია, საზოგადოების ინტერესის შემთხვევაში, შესაძლო გადაცდომასთან დაკავშირებით ანგარიშვალდებულების მექანიზმის გამოყენება მათ ხელთაა და ეს მათი უფლებაა,”- განაცხადა ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

17 იანვარს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილმა კლუბ “ბასიანზე” დაცვის ორი წევრისა და ერთი პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილმა შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდებულის გირაოს საფუძველზე გათავისუფლების შესახებ.

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შსს-მ განაცხადა, რომ თავდამსხმელის დაუსჯელობას არ დაუშვებს:

“ძალადობის ყველა ფაქტზე მოვახდენთ რეაგირებას განურჩევლად იმისა, ვინ არის ბრალდებული პირი. კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს. შსს არ დაუშვებს პოლიციელებზე თავდამსხმელთა დაუსჯელობას. პოლიციელის ღირსება და მუნდირი უკომპრომისოდ იქნება დაცული,”- განაცხადა შსს-მ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი