ახალი ამბები

აშშ-ის თავდაცვის სტრატეგია: რუსეთი, როგორც საფრთხე და საქართველოს კონტექსტი

19 იანვარი, 2018 • 2847
აშშ-ის თავდაცვის სტრატეგია: რუსეთი, როგორც საფრთხე და საქართველოს კონტექსტი

დღეს, 19 იანვარს, აშშ-ის თავდაცვის უწყებამ ქვეყნის 2018 წლის თავდაცვის სტრატეგია გამოაქვეყნა. დოკუმენტში აშშ-ის მიმართ არსებული საფრთხეები და გამოწვევები ვრცლად არის განხილული.

რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა – სტრატეგიაში ძირითადი ყურადღება სწორედ ამ ქვეყნებსა და აშშ-სა თუ სხვა სახელმწიფოებისადმი მათ წინააღმდეგობრივ პოლიტიკას ეთმობა.

რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების განხილვისას აშშ-ის თავდაცვის უწყება იმ უკანონო ქმედებებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებსაც მოსკოვი მეზობელი სახწლმწიფოების, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ყოველივე ამასთან ერთად რუსეთის ბირთვული არსენალის გაფართოება საფრთხეს მეტად მკაფიოს ხდის.

“რუსეთი ვეტოს უფლებას[გაეროში] ახლომდებარე ქვეყნების მიმართ თავისი სამთავრობო, ეკონომიკური და დიპლომატიური გადაწყვეტილებების აღსასრულებლად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესარყევად და ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკური და თავდაცვითი სტრუქტურების თავის სასარგებლოდ შესაცვლელად იყენებს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საქართველოში, ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში დემოკრატიული პროცესების საზიანოდ საკმარისია ამის დასტურად. მაგრამ, როცა ამას ემატება რუსეთის მიერ ბირთვული არსენალის გაფართოება, საფრთხე მეტად ნათელია”, – აღნიშნულია დოკიუმენტში.

საფრთხეებზე საუბრისას აშში-ს თავდაცვის უწყება რუსეთსა და ჩინეთს, პრაქტიკულად, გვერდიგვერდ განიხილავს. სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ბეიჯინგი თავის ეკონომიკას ასევე იყენებს მეზობლების დასაშინებლად და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შეიარაღებას ზრდის.

დოკუმენტს ხელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯიმ მეტისი აწერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი