ახალი ამბები

NDI-ის კვლევის შედეგები – დაპირისპირების საგანი “ევროპულ საქართველოსა” და “რუსთავი2”-ს შორის

19 იანვარი, 2018 • 2777
NDI-ის კვლევის შედეგები – დაპირისპირების საგანი “ევროპულ საქართველოსა” და “რუსთავი2”-ს შორის

NDI-ის კვლევის შედეგების გამოცხადებისას “რუსთავი2”-ის 18 იანვრის მთავარ გამოშვებაში დაშვებული შეცდომა პარტია “ევროპულ საქართველოსა” და ტელეკომპანიას შორის დაპირისპირების საგნად იქცა.

“ევროპულმა საქართველომ” განცხადება დღეს, 19 იანვარს გაავრცელა და “რუსთავი2” ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. პარტია აღნიშნავდა, რომ არხზე NDI-ის პოლიტიკური რეიტინგების შეჯამებისას ითქვა, თითქოს მისი რეიტინგი ბოლო არჩევნებთან შედარების შემდეგ 12-დან 4%-მდე შემცირდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

“ევროპული საქართველს” განცხადებით, არხს უფლება აქვს, კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ სიმპათია ჰქონდეს, თუმცა მაყურებელს ყალბი ინფორმაცია არ უნდა მიაწოდო:

“ყველასთვის ნათელია, რომ დღეს ეს სიმპათია მიხეილ სააკაშვილის გუნდს ეკუთვნის, მაგრამ როდესაც ამ სიმპათიების გამო ხდება ყალბი ფაქტების გავრცელება, ეს არის მაყურებლის უპატივცემულობა და ჟურნალისტური სტანდარტების უხეში დარღვევა. იმ პირობებში, როცა ხელისუფლება განაგრძობს რუსთავი 2-ის დევნას, ეს ტელევიზია კი ქართული ოცნების გავლენის გარეთ დარჩენილი ერთადერთი მსხვილი არხია, რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის არჩევანი მხოლოდ ხელისუფლებას აძლევს ხელს”, – ნათქვამია განცხადებაში.

საპასუხო განცხადებაში “რუსთავი2”-მა აღნიშნა, რომ შეცდომა მექანიკური იყო და მასთან დაკავშირებით მალევე დაუკავშირდნენ პარტიის ლიდერებს, რომელთაც ვითარება აუხსნეს; დღეს კი, არაზუსტი ინფორმაციის უარყოფას იმავე ფორმატში აპირებდნენ, თუმცა პარტიამ სიცრუის შემცველი განცხადება გაავრცელა და მმართველი პარტიის ნარატივი გაიმეორა. არხმა “ევროპულ საქართველოს” ბოდიშის მოხდა მოსთხოვა:

“დარწმუნებული ვართ, საპარლამენტო უმცირესობის ეს განცხადება გამოყენებული იქნება ხელისუფლების მიერ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ პროდასავლური მსხვილი ოპოზიციური პარტიისთვის, რომლისთვისაც, ისევე როგორც ყველა სხვა პროდასავლური პარტიებისთვის, ერთადერთი მედიაპლატფორმა რუსთავი 2-ია, სრულიად დაუშვებელი და უპასუხისმგებლოა ამ შინაარსის განცხადებების გავრცელება.

საჭიროდ მივიჩნევთ, მოვუწოდოთ “ევროპულ საქართველოსა” და მის ცალკეულ ლიდერებსა და წევრებს, გავრცელებული არაკორექტული განცხადების გამო მოუხადონ ბოდიში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს, რათა მომავალშიც გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩვენ შორის”.

არხის პასუხს “ევროპული საქართველო” მოგვიანებით კიდევ ერთი განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მსგავსი რიტორიკა არხის იმიჯს ზიანს აყენებს.

“მუქარა, რომ კრიტიკისთვის ბოდიშის არმოხდის შემთხვევაში, ტელეკომპანია ჩვენს პარტიასთან არ ითანამშრომლებს, მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებს იმ პრობლემას, რაზეც ჩვენ მივუთითეთ. ასეთი მიდგომა დღეს სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებისთვისაა დამახასიათებელი, ხოლო რუსთავი 2-ის რეპუტაციას დიდ ზიანს აყენებს”, – აცხადებს პარტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი