ახალი ამბებისაზოგადოება

მინისტრი “თანამედროვე ცხოვრების სევდიან რეალობასთან” გასამკლავებლად

19 იანვარი, 2018 • 1944
მინისტრი “თანამედროვე ცხოვრების სევდიან რეალობასთან” გასამკლავებლად

ბრიტანეთის მთავრობის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბრიტანეთში 200 000-მდე ასაკოვან ადამიანს ერთი თვის განმავლობაში ნათესავთან ან მეგობართან კონტაქტი არ ჰქონია.

ამ  “თანამედროვე ცხოვრების სევდიან რეალობასთან” გასამკლავებლად ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მარტოობის მინისტრად ტრეისი კრაუჩი დანიშნა, წერს Time.com.

2010-2105 წლებში ტრეისი კრაუჩი ბრიტანეთის პარლამენტში სოციალური პრობლემების გადაჭრების ინიციატივებით გამოდიოდა. შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თხოვნით, ციფრული, კულტურის, მედიისა და სპორტის დეპარტამენტის საპარლამენტო მდივანი გახდა.

Time-ის ინფორმაციით, გასულ წელს “ჯო კოქსის სიმარტოვის კომისიამ” აღმოაჩინა, რომ ქვეყნის 9 მილიონამდე მოსახლეობა ხშირად ან მუდმივად მარტოდ გრძნობს თავს. 

“ჯო კოქსი ქვეყანაში სიმარტოვის მასშტაბს აღიარებდა და თავი ამ პრობლემის აღმოფხვრას მიუძღვნა” – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ.

ჯო კოქსი ლეიბორისტული პარტიის დეპუტატი იყო, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ადამიანის უფლებების დამცველ საერთაშორისო კამპანიაში. იგი 2016 წლის 16 ივნისს დანითა და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

ტერეზა მეის თქმით, ახალი სამინისტრო ჯო კოქსის მემკვიდრეობას გააგრძელებს და სამთავრობო სტრატეგიის შესამუშავებლად აპირებს მუშაობას როგორც კომისიასთან,ასევე, ბიზნეს და საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, წერს BBC.

Nytimes-ის თქმით, ამის პარალელურად ნაციონალური სტატისტიკის მართვის ცენტრი სიმარტოვის განსაზღვრის მეთოდს შეიმუშავებს და შეიქმნება ფონდი, რომელიც მთავრობას და საქველმოქმედო ორგანიზაციებს უფრო ფართო სტრატეგიის შექმნასა და ამ პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება.

NYtimes-თან ინტერვიუში 64 წლის კეროლ ჯენკინსი ამბობს, რომ მას მერე, რაც მისი შვილი საზღვარგარეთ გადავიდა საცხოვრებლად, მარტოსულად იგრძნო თავი და ფინანსური პრობლემის გამო სხვა ქვეყანაში და უფრო პატარა სახლში მოუწია გადასვლა. ოჯახისა და ახლობლების უნახავობის გამო, დეპრესია დაეწყო, რაც პრობლემად იქცა. ჯენკინსს პრობლემის მოგვარებაში ფეისბუქის ჯგუფი დაეხმარა, რომელშიც ასევე ბევრი ახალგაზრდა იყო გაწევრიანებული.

“ძალიან ბევრი სტუდენტი რამდენიმე დღის განმავლობაში თავის ოთახში იკეტება, რადგან თავს გარიყულად გრძნობს. ეს მხოლოდ დროის ამბავია, სიმარტოვე დეპრესიად რომ იქცეს, რაც უკვე საშიშია” – თქვა ჯენკინსმა nytimes-თან ინტერვიუში.

Warringtonguardian.co.uk-ის თქმით, შოტლანდიის პარლამენტს ასევე სურს მარტოობის მინისტრის და შოტლანდიაში სოციალურ იზოლაციასთან დაკავშირებული პრობლემების დღის შემოღება/აღნიშვნა.

შოტლანდიის პარლამენტის წევრ, ენი უელსის განცხადებით, სოციალური იზოლაცია “საზოგადოებრივი ჯანდაცვის გავრცელებულ პრობლემად” იქცა და ეს სიკვდილიანობის რისკს 10%-ით ზრდის, წერს გამოცემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი