ახალი ამბები

რამდენად ყიდის მილიარდელი მეცხრე არხს?

19 აგვისტო, 2013 • • 1700
რამდენად ყიდის მილიარდელი მეცხრე არხს?

ბიძინა ივანიშვილი/ფოტო: Reuters
ბიძინა ივანიშვილი/ფოტო: Reuters

ეს ინფორმაცია ამ დრომდე კონფიდენციალურია.  ამ ბიზნესგარიგების შესახებ ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახური ინფორმაციას არ ფლობს. 

 

მანანა თოქმაჯიშვილის განცხადებით, მისთვის არ არის ცნობილი, თუ ვინ იყო ტელეკომპანია მე–9 არხის პოტენციური მყიდველი, რომელმაც ბიზნესგარიგებაზე უარი საბოლოოდ 16 აგვისტოს განაცხადა: “ეს ბიზნესგარიგების და მოლაპარაკების ისეთი დეტალებია, რომელიც ჩემთვის ცნობილი არ არის. არც ტელეკომპანიის გასაყიდი ფასის შესახებ ვფლობ ინფორმაციას და არც ის ვიცი, თუ ვისთან ჰქონდა პრემიერს მოლაპარაკებები. ეს კითხვები შეგიძლიათ ბატონ ბიძინას პირადად, პირველი შესაძლებლობისთანავე დაუსვათ.”

 

ტელეკომპანია მე–9 არხის შესახებ სპეციალური განცხადება ბიძინა ივანიშვილმა დღეს გაავრცელა.

 

“ყოველთვის მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ქვეყნის პირველ პირებს საკუთარი ტელევიზია არ უნდა ჰქონდეთ, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ამას არ კრძალავს. პირადად მე და ჩემს ოჯახს ეს დიდ უხერხულობას გვიქმნის, რაც არაერთხელ განვაცხადე კიდეც. არჩევნებში გამარჯვებისთანავე მე და ჩემს ოჯახს გვინდოდა გაგვესხვისებინა ტელეკომპანია ,,მე–9 არხი“ და საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო 9“, მაგრამ ჟურნალისტებისა და თანამშრომლების მიმართ პასუხისმგებლობისა და პატივისცემის გამო კიდევ 10 თვე გავახანგრძლივეთ ამ მედიასაშუალებების მუშაობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვეძებდით მყიდველს, რომელიც ამუშავებდა ამ მედიასაშულებებს. 16 აგვისტოს, პარასკევს, ბოლო მყიდველმაც უარი გვითხრა” – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში. 

 

პრემიერმინისტრი ასევე აცხადებს, რომ თუ რეალური მყიდველი გამოჩნდება, ტელეკომპანიას მესამედ ფასში გაყიდის:

 

“დღეიდან, 19 აგვისტოდან პირველ სექტემბრამდე, კიდევ ვიტოვებთ დროს ამ მედიასაშულებების გასასხვისებლად. მყიდველს ამჯერად საბაზრო ღირებულების მესამედ ფასად ვთავაზობთ ტელევიზიასა და საინფორმაციო სააგენტოს, თავისი მატერიალურ–ტექნიკურ ბაზით, იმ პირობით, რომ მყიდველი ამუშავებს ტელევიზიას და თანამშრომლები შეინარჩუნებენ სამსახურს. თუ პირველ სექტემბრამდე არ გამოჩნდება მყიდველი, იძულებული გავხდებით, შევწყვიტოთ ტელეკომპანია ,,მე–9 არხისა“ და საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო9“–ის მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თანამშრომელთათვის კომპენსაციების გადახდას, მე და ჩემმა ოჯახმა გადავწყვიტეთ ყველა თანამშრომელს გადავუხადოთ 2 თვის კომპენსაცია. მიმაჩნია, რომ ტელევიზიასა და მედიასაშუალებაში ჩადებული ფულით არ უნდა ვეხმარებოდე ქვეყანას. მე ჩემს ქვეყანას სხვა, უფრო ეფექტიანი პროექტების განხორციელებაში შევუწყობ ხელს.”

 

საჯარო რეესტრში არსებული საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის თანახმად, შპს “მეცხრე არხის” გენერალური დირექტორი ლუბა ელიაშვილია, ხოლო კომპანიის 100 პროცენტს შპს “აქცეპტი” ფლობს.

 

მფლობელი არც შპს “აქცეპტს” შეცვლია. კომპანიის 20 პროცენტს კახა კობიაშვილი, ხოლო 80 პროცენტს პრემიერ–მინისტრის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე ფლობს.   

 

პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, რომლის მეუღლის საკუთრებაშია მეცხრე არხი, არაერთხელ განაცხადა, რომ მას ეს ფაქტი უხერხულობას უქმნის.

 

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, როდის აპირებს პრემიერ–მინისტრი ტელეკომპანია “მე–9 არხის” გაყიდვას, რომლის მფლობელიც მისი მეუღლე ეკატერინა ხვედელიძეა, ივანიშვილმა 3 ივლისს ასე უპასუხა:

 

“დიდი ხანია ვაპირებ, მაგრამ მინდა, ეს ლამაზად რომ მოხდეს, ისე, რომ ჟურნალისტიკა არ დაზარალდეს და, შესაბამისად, ასე ვაგრძელებ ურთიერთობას. ჟურნალისტები არ უნდა დაზარალდნენ და ამას ძალიან ვითვალისწინებ”

 

“ნეტგაზეთმა” აღნიშნული შეკითხვა პრემიერს 24 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზეც დაუსვა. ივანიშვილმა მაშინ განაცხადა, რომ “მე–9 არხი” არ უნდა დაიხუროს, თუმცა ასევე არ უნდა დარჩეს კითხვები მის მფლობელთან დაკავშირებითაც

 

“ის კითხვები, რაც ჩნდება საზოგადოებაში, რომ პრემიერ-მინისტრს და მის ოჯახს არ უნდა ჰქონდეს არავითარი შეხება ტელევიზიასთან, ძალიან ვცდილობ და ვეძებ ფორმებს, რომ არ დავტოვოთ ეს კითხვები”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი