ახალი ამბები

დავით სერგეენკო: საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ აიცრუებენ გულს ვაქცინაციაზე

18 იანვარი, 2018 • 2893
დავით სერგეენკო: საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ აიცრუებენ გულს ვაქცინაციაზე

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, აუდიტიტის სამსახურის მიერ რამდენიმე პუნქტად გავრცელებული ცნობები იმუნიზაცია/ვაქცინაციის პროგრამის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამებოდა არცერთ პუნქტში.

“ხაზგასმულად მინდა ვთქვა და ვთხოვო მედიას თქვენი სახით, როდესაც ასეთ თემებზეა საუბარი, გზავნილები უნდა იყოს მოზომილი. მე არ ვაპირებ მენტორულად აგიხსნათ, როგორ შეასრულოთ თქვენი სამუშაო. უბრალოდ, ერთ მაგალითს გეტყვით. როდესაც 2004-05 წლებში საქართველოში იყო წითელას აფეთქება, მაშინ სახელმწიფომ გადაწყვიტა ვაქცინაცია და მხოლოდ ერთმა სიუჟეტმა, რომელიც გავიდა მედიაში და ემსახურებოდა იმუნიზაციის დისკრედიტაციას, საერთოდ მოშალა ეს სისტემა. შედეგად, 2013-14 წლებში მივიღეთ წითელას აფეთქება, როდესაც 15 000 ადამიანი დასნეულდა და მათგან 4 გარდაიცვალა.

იმუნიზაცია/ვაქცინაცია არის ტექნოლოგია, რომელმაც საუკუნეების მანძილზე დაადასტურა, რომ არის ერთადერთი ქმედითი საშუალება გადამდები დაავადებებისგან გადასარჩენად. ყველას ვთხოვ, საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ აიცრუებენ გულს ვაქცინაციაზე. ვაქცინაცია, როგორც ტექნოლოგია უსაფრთხოა. ეფექტურია და იცავს დაავადებებისაგან. ის ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში, არის მაღალი ხარისხის”.- განაცხადა დავით სერგეენკო, ჯანდაცვის სამინისტროში დღეს, 18 იანვარს, გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ პუბლიკაციაში, რომელიც გუშინ, 17 იანვარს გასაჯაროვდა, საუბარი იყო იმის შესახებს, რომ იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში ჯანმრთელობისთვის საშიში 29 222 ვაქცინა გაიხარჯა. ამ ცნობას გუშინვე უპასუხეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, სადაც სახელმწიფო აუდიტის მიერ გავრცელებული ცნობა უარყვეს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ვაქცინა “ლიზავაკი” საქართველოში 2015 წელს კანონის სრული დაცვით შემოვიდა, 2016 წლის მარტში კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე სხვა ვაქცინით ჩანაცვლდა. გამყრელიძემ დაადასტურა, რომ ჩანაცვლებამდე, რეკომენდაციის მოწოდებიდან დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში, “ლიზავაკი” ხმარებაში დარჩა, თუმცა ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.

ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე ისიც განაცხადა, რომ დღეს, 18 იანვარსაც გამართა შეხვედრა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანეობასთან. მათ დაუდასტურეს, რომ ყველა კითხვა მოხსნილია დღის წესრიგიდან.

ვრცლად თემის შესახებ წაიკითხეთ ამ ბმულზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი