ახალი ამბები

ნარკოპოლიტიკა, პოლიციის ძალადობა, ლგბტ უფლებები – Human Rights Watch საქართველოზე

18 იანვარი, 2018 • 2617
ნარკოპოლიტიკა, პოლიციის ძალადობა, ლგბტ უფლებები – Human Rights Watch საქართველოზე

“Human Rights Watch” ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში 2017 წელს განვითარებულ მოვლენებს აჯამებს. შესაბამისი ანგარიში დღეს, 18 იანვარს გამოაქვეყნა.

ანგარიშში ორგანიზაცია ძირითად პრობლემურ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელთა გამოც, ორგანიზაციის ცნობით, ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. მათ შორისაა საკონსტიტუციო რეფორმა, პოლიციის მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე პასუხისმგებლობის ნაკლებობა, ნარკოპოლიტიკა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ლგბტ პირთა უფლებები და მედიის თავისუფლება.  ანგარიშში ასევე მოცემულია საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურებები რიგ საქმეებთან დაკავშირებით.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის 2024 წლამდე გადავადება როგორც ოპოზიციურმა პარტიებმა, ისე პრეზიდენტმა და საერთაშორისო საზოგადოებამ გააკრიტიკეს. ამ კუთხით, ანგარიშში ხაზგასმულია ვენეციის კომისიის შეფასებაც:

“ვენეციის კომისიამ, იურიდიულ საკითხებზე ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანომ, დადებითად შეაფასა საკონსტიტუციო რეფორმა, მაგრამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადავადებას „ძალიან სამწუხარო“ და „კონსენსუსის მიღწევის გზაზე მთავარი დაბრკოლება“ უწოდა”.

“Human Rights Watch”-ის ანგარიშში ვრცელი ქვეთავი ეთმობა ძალადობის შემთხვევებს პოლიციის მხრიდან, რომელშიც ნათქვამია, რომ მსგავსი დანაშაულების გამოსაძიებლად ქვეყანას ეფექტური საგამოძიებო მექანიზმი არ გააჩნია. ავტორები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ “შესაბამისი ორგანოები მომჩივნებს ხშირად არ ანიჭებენ მსხვერპლის სტატუსს, რაც მათ შესაძლებლობას ართმევს, შეისწავლონ გამოძიების მასალები.”

“2014 წლიდან ამ ანგარიშის მომზადების მომენტამდე პროკურატურამ, სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის 63 ფაქტზე. ამ გამოძიებებს შედეგად არცერთი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ მოჰყოლია”,  – აღნიშნულია ანგარიშში.

აღნიშნულ ქვეთავში ორგანიზაცია აფგან მუხთარლის საქმეზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ  თბილისიდან გაუჩინარების შემდეგ მალევე, ჟურნალისტი ბაქოს ციხეში შეთითხნილი ბრალდებებით აღმოჩნდა.

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ანგარიშში ნარკომომხმარებლების მიმართ გამოყენებულ მკაცრ კანონებსა და მკურნალობის შეზღუდულ შესაძლებლობებზეა საუბარი. ავტორების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა 70 გრამამდე მარიხუანის შენახვისთვის პატიმრობა გააუქმა, აღნიშნული ნივთიერების უფრო დიდი მოცულობით შენახვა კვლავ პატიმრობის წინაპირობაა:

“ნარკოდანაშაულები ხშირად ისჯება არაპროპორციულად ხანგრძლივი პატიმრობით, ძალიან მაღალი ჯარიმებით და სხვა უფლებების შეზღუდვით. პოლიციამ ათასობით ადამიანს იძულებითი ნარკოტესტირება ჩაუტარა და ზოგ შემთხვევაში, მათი დაკავება 12 საათზე მეტხანს გაგრძელდა” – აღნიშნავს Human Rights Watch, რომელიც ნარკოპოლიტიკის კონტექსტში “ბირჟა მაფიის” საქმეზე ამახვილებს ყურადღებას.

ორგანიზაცია მოკლედ ეხება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხსაც. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2016 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონმდებლობა, რომლითაც სუს-ს შეუზღუდავი წვდომა ჰქონდა სატელეკომუნიკაციო ოპერატორებთან და დიდი ოდენობით პირად მონაცემებთან.

ტრანსგენდერ ქალებსა და ლგბტ ორგანიზაციის წევრებზე, ლევან ბერიანიძესა და თორნიკე კუსიანზე გასული წლის აგვისტოში მომხდარი თავდასხმა ერთ-ერთი მთავარი საკითხია,  რომელსაც Human Rights Watch სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნაწილში განიხილავს. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ჰომოფობიურ ნიადაგზე ძალადობისაგან დაცვის ნაცვლად, მათ პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა, მომდევნო დღეს კი სასამართლომ დაზარალებულები დაუმორჩილებლობისთვის დააჯარიმა.

ამ ნაწილში ასევე მოყვანილია ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის კონსტიტუციის დონეზე განსაზღვრა და მაისში, ჰომოფობიისა და ტრანსფობიისაგან დაცვის საერთაშორისო დღეს, ლგბტ აქტივისტთა გაძლიერებული დაცვის საჭიროება. ამავე დროს, ანგარიშში აღნიშნულია გეი და ბისექსუალი მამაკაცებისთვის სისხლის დონაციის აკრძალვის არაკონსტიტუციურად გამოცხადება სასამართლოს მიერ.

“სამუშაოს შესრულების დროს მომხდარი ინციდენტების გამოძიება იშვიათად მთავრდება ვინმეს პასუხისმგებლობის დაყენებით”, – ნათქვამია ანგარიშის შრომითი უფლებების ნაწილში. ორგანიზაციას სახალხო დამცველის სტატისტიკა მოჰყავს, რომლის მიხედვითაც ბოლო 5 წელიწადში სამუშაო ადგილებზე 270 ადამიანია გარდაცვლილი, და აცხადებს, რომ შრომის ინსპექციას შეზღუდული უფლებამოსილების გამო ქვეყანაში ხშირად აკრიტიკებენ.

Human Rights Watch ანგარიშის ბოლოს მედიის თავისუფლების საკითხსაც ეხება და გასულ წელს ამ კუთხით განვითარებული მოვლენების მიმოხილვისას “რუსთავი2”-ის საქმესთან ერთად საზოგადოებრივ მაუწყებელზე “რადიო თავისუფლების” პროექტების დახურვას გამოყოფს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ორივე შემთხვევამ ხელისუფლების მიმართ კრიტიკა და კითხვის ნიშნები გააჩინა.

Human Rights Watch მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას ყოველწლიურად აჯამებს. ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით ორგანიზაციის ვებგვერდზე როგორც ინგლისურად, ისე ქართულადაა ხელმისაწვდომი.

მასალების გადაბეჭდვის წესი