თუ ადამიანმა არ იცის, ვინაა მისი მაჟორიტარი, შეიძლება შესაფერისი პრობლემა არ ჰქონდა – მაღრაძე

“თუკი, მაგალითად, ადამიანმა  არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი, შეიძლება ეს იმას მოწმობს, რომ მას არ ჰქონდა ისეთი პრობლემა, რომ დასჭირვებოდა მაჟორიტარი, ესეც შეიძლება იყოს”- ამ განცხადებით პარლამენტის წევრი, გუგული მაღრაძე NDI-ის კვლევას გამოეხმაურა.

NDI-ის გამოკითხვის თანახმად, კითხვაზე, ვინ არის თქვენი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, სწორი პასუხი მხოლოდ 26-მა პროცენტმა გასცა, 14%-ის პასუხი არასწორია, ხოლო 59-მა პროცენტმა განაცხადა, რომ არ იცის.

როგორც გუგული მაღრაძე განმარტავს, ძალიან ბევრი ქვეყანა არსებობს, სადაც მხოლოდ გარკვეული რაოდენობაა პოლიტიკურად აქტიური, დანარჩენი ნაწილი კი თავისი პრობლემებითაა დაკავებული.

“ამ თვალსაზრისით არის ძალიან ბევრი ქვეყანა, სადაც გარკვეულმა რაოდენობამ იცის , ვინც პოლიტიკურად აქტიურია, მაგრამ მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი თავისი პრობლემებითაა დაკავებული. იგივე საკონსტიტუციო ცვლილებები, აქაც ასეა. კი, კონსტიტუცია ქვეყნის უმაღლესი კანონია და შემდეგ ის მოქმედებს იმაზე, თუ როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება, მაგრამ თქვენ ხომ იცით, რომ არჩევნებზე მოსულთა რიცხვი საშუალოდ არის 40-50%. ეს, ერთი მხრივ, მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანებს აქვთ თავიანთი პრობლემები. შეიძლება იმაზეც მიუთითებს, რომ არ აინტერესებს იმიტომ, რომ არ აქვს იმედი, რომ რამე შეიცვლება” – განაცხადა გუგული მაღრაძემ “რუსთვი 2”-ის ეთერში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან