აუდიტის სამსახური: ეჭვის ქვეშ არ ვაყენებთ სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამას

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებით, უწყება ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამას, მათ შორის, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინიის ნაწილში.

უწყების განმარტებითვე, მსოფლიო ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის  გარკვეული სერიის წარმოების შეჩერების შესახებ გაცემული რეკომენდაცია გახდა მოტივი, რის გამოც იმუნიზაციის პროგრამის შესაბამისობის აუდიტი 2018 წლის აუდიტორულ გეგმაში შეეტანა.

“სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა,  დეტალურად შეესწავლა  ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა. 2018 წლის აუდიტის გეგმის გამოქვეყნების შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სამინისტროს შორის შედგა სამუშაო შეხვედრა, სადაც სამინისტროს მხრიდან წარმოადგენილი იქნა სხვადასხვა არგუმენტები და მტკიცებულებები, მათ შორის, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ხარისხის  შესახებ.  სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამას, მათ შორის,  ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინიის ნაწილში”,- ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იუწყებოდა, რომ იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში ჯანმრთელობისთვის საშიში 29 222 ვაქცინა გაიხარჯა.

ჯანდაცვის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც სახელმწიფო აუდიტის მიერ გავრცელებული განცხადება უარყვეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ვაქცინა “ლიზავაკი” საქართველოში 2015 წელს კანონის სრული დაცვით შემოვიდა, 2016 წლის მარტში კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე სხვა ვაქცინით ჩანაცვლდა. გამყრელიძემ დაადასტურა, რომ ჩანაცვლებამდე, რეკომენდაციის მოწოდებიდან დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში, “ლიზავაკი” ხმარებაში დარჩა, თუმცა ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com