საქართველოს მთავარი პროკურატურა

პრეზიდენტის განცხადებები არაკომპეტენტურია – პროკურატურა Vs. მარგველაშვილი

პროკურატურა მოუწოდებს პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას, თავის შეიკავოს კონკრეტულ სამართლებრივ საქმეებზე განცხადებების კეთებისგან. უწყების შეფასებითვე, მარგველაშვილის და მისი ადმინისტრაციის განცხადებები არაკომპეტენტურია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

“ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს პროკურატურისა და პროკურორების მიმართ გაკეთებულმა უსაფუძვლო განცხადებებმა სისტემატური ხასიათი მიიღო. ჩვენ ვისმენთ განცხადებებს, რაც დაკავშირებულია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების წარმოებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებასთან, რაც პროკურატურის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს. შევახსენებთ ყველას, რომ საქართველოს პროკურატურა და პროკურორები თავის საქმიანობაში არიან დამოუკიდებელნი და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი მარგველაშვილმა გუშინ, 16 იანვარს გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, რომ  კომიკურია სიტუაცია, როდესაც მიხეილ სააკაშვილს იმაზე წარუდგინეს ბრალი, რაზეც იურიდიულად ბრალის წარდგენა შეუძლებელია:

“პროკურატურას ვერ გაურკვევია, ბრალი როგორ წაუყენოს, მოსამართლეს ვერ გაურკვევია ზვღარი შეწყალების მუხლის არაკანონიერ გამოყენებასა და შეთქმულება/ქრთამსა თუ დანაშაულის დაფარვას შორის, და საქართველოს პრეზიდენტმა ამით [შეწყალებით] გაასწოროს შეცდომები? შეწყალება არის  არა სასამართლოს შეცდმოების გასწორების, არამედ წყალობის, ანგარიშის გაწევის აქტი”, – თქვა გიორგი მარგველაშვილმა რ2-ის ეთერში.

პროკურატურა ამის პასუხად პრეზიდენტს მოუწოდბს, თავი შეიკავოს მოწოდებებისგან პროკურორების მიმართ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. ასევე განმარტავს, რომ უწყების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით, ხოლო პროკურორის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია და ისჯება კანონით:

“გაკეთებული განცხადებები კონკრეტულ საქმეებზე არის არაკომპეტენტური, სუბიექტური და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.  პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებები აშკარად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ისინი ცდილობენ შეითავსონ ხელისუფლების სხვა შტოების, პროკურატურისა და სასამართლოს ფუნქციები, რაც ცალსახად სცილდება მათი კომპეტენციის ფარგლებს”,- ვკითხულობთ განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com