ახალი ამბები

დავით ჭიჭინაძის განმარტება და ბოდიში გლეხებზე გაკეთებულ განცხადებაზე

17 იანვარი, 2018 • 9020
დავით ჭიჭინაძის განმარტება და ბოდიში გლეხებზე გაკეთებულ განცხადებაზე

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მისი დღევანდელი განცხადება სინმადვილეში გლეხების დასაცავად იყო გამიზნული. დეპუტატის თქმით, თუ ვინმემ მისი განცხადება ცუდად მიიღო, ის ბოდიშს უხდის.

“მოსახლეობა ასე მივატოვოთ და მარტო ვასწავლოთ… სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა, დამიჯერეთ, სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში”, – ეს განცხადება დეპუტატმა დღეს გააკეთა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ფაროსანის წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე მსჯელობდნენ.

დეპუტატი ნეტგაზეთაან ამბობს, რომ ის ფაროსანის წინააღმდეგ ბრძოლის ცოდნაზე ლაპარაკობდა და არა ზოგად განათლებაზე.

“პირიქით. ყველა ჩვენი დიდი მეცნიერი რაიონებიდან, სოფლებიდან წამოსული ადამიანები არიან და ყველა ჩვენგანი აქედან მოდის”, – აცხადებს დეპუტატი.

“აქ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ მთელი მსოფლიო ეძებს ფაროსანასთან ბრძოლის მექანიზმს და ამაში სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული. ჩვენ რომ მხოლოდ გლეხების იმედად დავრჩეთ და მათ მარტო პესტიციდები დავურგოთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ პრობლემას გადავჭრით. გლეხს კი არა, დედამიწაზე არავის აქვს სათანადო განათლება, რომ ამ უბედურებას მოერიოს. ეგ რომ იცოდეს გლეხმა, ფაროსანა როგორ დაამარცხოს, ის გლეხი კი არა, მსოფლიოს გადამრჩენელი იქნება. მთელი ევროპა, აშშ მაგ უბედურებას ებრძვის. საკმაოდ მძლავრი ქვეყნები არიან ჩართული, მაგრამ დადებითი შედეგი არ გვაქვს. ამ მიმართულებით იყო ნათქვამი, თორემ რა კავშირი აქვს ზოგად განათლებას ამ კონკრეტულ შემთხვევასთან. დღეს კომიტეტზე  ფაროსანასთან ბრძოლის საკითხზე იყო მოსმენა და მაგ ცოდნაზე თუ განათლებაზე იყო ლაპარაკი, რომ მეცნიერებსაც კი არ გააჩნიათ…  ეს მოჰყვა იმას, რომ [ამბობდნენ] ჩვენ პესტიციდებს დავურიგებთ გლეხებსო და მათ მოწამლონ და მოუარონ, არ აქვთ მოვლილი ნაკვეთებიო. მაგასთან მიმართებაში იყო ეს ნათქვამი, რომ გლეხი ამ სენს ვერ დაამარცხებს იმიტომ, რომ მას სახელმწიფოებრივი მიდგომა სჭირდება”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

კითხვას, თუ ის უშუალოდ ფაროსანასთან ბრძოლის ცოდნაზე ლაპარაკობდა, მაშინ რა შუაშია ფრაზები “ცხოვრებაში სხვა ადგილის მოძებნისა” და “სწავლის სიყვარულის” თაობაზე, დეპუტატი პასუხობს:

“გლეხმა რომ იცოდეს, როგორ დაამარცხოს ფაროსანა, ის გლეხი აღარ იქნება. ელექტრონერგია და ტელეფონი ვინც გამოიგონა, იმის მერე დადგება, როგორც დიდი აღმოჩენის ავტორი. მაგას ვგულისხმობდი, რომ შეიძლება ნობელის პრემიის ლაურეატიც კი გახდეს”.

რაც შეეხება სწავლის სიყვარულს, იგი ამ ფრაზას ასე განმარტავს:

“პესტიციდები დავურიგეთ და მორჩაო. იქ იყო ლაპარაკი. იმან როგორ უნდა ისწავლოს პესტიციდის გამოყენება… მე რომ მომცენ, რამეს გავიგებ? მაგას სპეციალურად მომზადებული ადამიანი სჭირდება. მე ასე მგონია, რომ ჩვენი მოსახლეობა ამას ვერ ისწავლის. მაგის სწავლის სურვილი… თან პესტიციდით არც მარცხდება [ფაროსანა] თუ მეზობელი არ წამლავს”.

“ბოდიშს მოვუხდი, თუ ცუდად გაიგეს. ეს არ მიგულისხმია. მე იმან გამაღიზიანა, რომ გლეხებისკენ აკეთებდნენ აქცენტს, რომ თითქოს მათ არ მოინდომეს და შესაბამისი ენერგია არ დახარჯეს. პირიქით, მათ დასაცავად იყო ეს განცხადება გაკეთებული”, – ამბობს ჭიჭინაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი