ახალი ამბები

“იუნისეფი” საჯარო ბაგა-ბაღებში ახალ მენიუს მიესალმება

19 იანვარი, 2018 • 6139
“იუნისეფი” საჯარო ბაგა-ბაღებში ახალ მენიუს მიესალმება

მუნიციპალური საბვშვო ბაგა-ბაღების მენიუ ახალი სტანდარტის მიხედვით შეიცვალა – მოაკლდა ჯანმრთელობისთვის მავნე შაქარი, გაიზარდა ცილების ოდენობა, თუმცა მშობელთა ნაწილი ამ ცვლილებებით უკმაყოფილოა.

მაგალითად, “ფეისბუკის” მომხმარებლები აპროტესტებენ ახალი სტანდარტით  შედგენილ ერთ-ერთ დღის მენიუს. ისინი წერენ, რომ საუზმეზე ბაღში მხოლოდ წიწიბურაა, რომელსაც ყველა ბავშვი არ მიირთმევს, ჩაის და პურს კი არ სთავაზობენ. ამიტომ ბავშვები, რომლებიც წიწიბურას არ მიირთმევენ, მშიერი დარჩებიან.

კვების ახალი სტანდარტით უკმაყოფილოა ჟურნალისტი არჩილ გამზარდიაც. იგი მშობლებს მოუწოდებს, ბავშვებს საკვები სახლიდან გაატანონ:

“მშობლებო. თბილისის მერია ბავშვებს აშიმშილებს. ამიტომ გირჩევთ, ისე როგორც 90-იანებში ხდებოდა, საკვები სახლიდან გაატანოთ,”- წერს გამზარდია “ფეისბუკზე”.

ბაგა-ბაღებში კვების ახალი სტანდარტი, რომელიც ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან შევიდა, პარლამენტის მიერ 2016 წელს დამტკიცებული “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” კანონის მოთხოვნებითაა ნაკარნახევი.

ამ სტანდარტით, მინიმუმამდე არის დაყვანილი ფუნთუშეულის, შოკოლადის, კრემითა და შოკოლადით შევსებული ნამცხვრების, შოკოლადიანი მარცვლეულის ფანტელებისა და სხვა ნებისმიერი საკონდიტრო ნაწარმის მოხმარება, რომელიც 15%-ზე მეტ ცხიმს შეიცავს. სტანდარტით არ არის რეკომენდებული მარილის, შაქრისა და ცხიმის მაღალი შემცველობის მქონე მზა სურსათის რეგულარული გამოყენება.

”ჯანსაღი
”]

 ჯანსაღი კვების ძირითადი პრინციპები (2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმდებული ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით)

1. ბავშვის კვება უნდა იყოს მრავალფეროვანი. ჯანმრთელობისათვის საჭირო ნუტრიენტების მისაღებად, ბავშვი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჯანსაღი კვების პირამიდის მიხედვით შემოთავაზებული სურსათის მრავალფეროვნებით.

2. ყოველდღიურ რაციონში საკმარისი რაოდენობით შეტანილი უნდა იქნეს მარცვლოვანი პროდუქტები, რომლებიც შეიცავს ჯანმრთელობისათვის აუცილებელ საკვებ ბოჭკოს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს,  ნახშირწყლებს და მინერალებს.

3. ბავშვმა უნდა მიიღოს საკმარისი რაოდენობის ხილი და ბოსტნეული ყოველდღიურად.

4. ბავშვთა კვებისათვის შერჩეული უნდა იქნეს დაბალი ცხიმის შემცველობის სურსათი. მიზანშეწონილია, ნაჯერი ცხიმები ჩანაცვლდეს უჯერი ცხიმებით.

5.  შერჩეული უნდა იქნეს  მარილის/ნატრიუმის ნაკლები შემცველობის სურსათი. მოხმარებული უნდა იყოს  მარილის შეზღუდული რაოდენობა (დღეში <1200 მგ ნატრიუმი/3 გ მარილი).

6. არაგადამდებ დაავადებათა განვითარების რისკის შემცირებისა და სიმსუქნის პრევენციის მიზნით, შერჩეული უნდა იქნეს შაქრის ნაკლები შემცველობის სურსათი, მათ შორის- სასმელი.

გთავაზობთ 2017 წლის ბოლოს გამოყენებულ და 2018 წლის მიმდინარე მენიუს, რომლის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო ტენდერების ტექნიკური დოკუმენტაციიდან ავიღეთ.

თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების მენიუს ნაწილი, რომელიც, როგორც ტენდერების ვებ-გვერდზე ვკთხულობთ, უნდა ყოფილიყო გამოყენებული 2017 წლის 18 სექტემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით. ფოტოზე მოცემულია მხოლოდ პირველი კვირის მენიუ. ამ მენიუზე ხელშეკრულება შპს “ელფთან” იყო გაფორმებული

თბილისის ბაგა-ბაღების ახალი მენიუ. ეს ფოტო აღებულია 2017 წლის 13 დეკემბერს გამოცხადებული სატენდერო დოკუმენტაციიდან. ამ ტენდერში გამარჯვებული სამივე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის გამო არ გამოვლენილა. მერიამ ერთთვიანი ხელშეკრულება გაუფორმა ტენდერში მონაწილე კომპანის შპს “ნილი-ს”, რომელმაც დანარჩენ ორთან შედარებით დაბალი ფასი შესთავაზა და ახალი ტენდერის გამოცხადებას აპირებს

ნეტგაზეთთან საუბრისას UNICEF-ის განათლების პროგრამების ხელმძღვანელი მაია ყუფარაძე ამბობს, რომ კვების ამ სტანდარტის, ისევე როგორც კანონით გათვალისწინებული სხვა სტანდარტების შემუშავებაში UNICEF სახელმწიფოს ეხმარებოდა.

მაია ყუფარაძემ განგვიცხადა, რომ ამ ძველი სტანდარტის გადასახედად ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა კვების სპეციალისტებით, ექიმებით და ა.შ. მისივე განმარტებით, ამ ჯგუფმა საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით გადასინჯა ძველი სტანდარტები, რომლებიც ბავშვის განვითარებისთვის არასახარბიელო საკვებ პროდუქტებს შეიცავდა და შეიმუშავა ისეთი კალორაჟი, რომელიც სრულიად ეყრდნობა ცილებსა და ბუნებრივ ნახშირწყლებს. მაია ყუფარაძის განცხადებითვე, ამ ჯგუფის თვითმიზანი არა ძველი სტანდარტების შეცვლა, არამედ ბავშვისთვის გარემოს გაუმჯობესება და მათ შორის, ბევრად მაღალხარისხიანი მენიუსა და კალორაჟის შეთავაზება იყო.

“თუკი ძველ სტანდარტში კალორაჟი შევსებული და განსაზღვრული იყო ბავშვის ჯანმრთელობისთვის არასასარგებლო კვებითი პროდუქტით, როგორიც არის შაქარი, ცომეული, შაქრიანი სასმელები – სრულიად გამოუსადეგარი ბავშვის ჯანმრთელობისთვის. დღევანდელი კალორაჟი და მენიუ შევსებულია მნიშვნელოვანი ცილებით და ბუნებრივი ნახშირწყლებით, რომელიც საერთაშორისო ვალდებულება არის ქვეყნების, რომ უზრუნველყონ, და ამ სტანდარტებს არეგულირებს როგორც ევროკავშირი, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია,”- ამბობს მაია ყუფარაძე.

მაია ყუფარაძე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო პრაქტიკა ცხადად მიუთითებს შაქრის არასასარგებლო თვისებებზე და მენიუ შაქრის ხარჯზე არ უნდა გაიზარდოს:

“კალორაჟი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გაზრდილი ისეთი უავრგისი საკვები პროდუქტის ხარჯზე, როგორიც არის შაქარი. თუმცა დღევანდელი სტანდარტი არ გამორიცხავს მენიუში შაქრის არსებობას, მაგრამ ის იმ რაოდენობით არის შესული, რომელიც არ ვნებს ბავშვის განვითარებას. შესაბამისად, დაბალანსება, ჩანაცვლება მოხდა ძალიან სასარგებლო ცილებით და ბუნებრივი ნახშირწყლებით,”- განმარტავს მაია ყუფარაძე.

მისივე ცნობით, ახალი სტანდარტით გაიზარდა ხორცის მოხმარება, მენიუ ცილის შემცველი პრდუქტებითა და ხილით გამდიდრდა:

“თუკი ძველი მენიუ ადგენდა, მაგალითად, ხორცის ძვლოვანი ნაწილის გამოყენებას, ეს აკრძალულია ახალი მენიუთი და ხორცის მხოლოდ რბილი ნაჭერი უნდა იყოს გამოყენებული… სიახლეა, რომ მენიუში არის ფრინველის, ქათმის ხორცი. გაბევრდა ყველის მოხმარება, გაბევრდა სხვა ცილოვანი პროდუქტები და ხილით გაჯერებული გახდა მენიუ. დღევანდელი კალორაჟი და მენიუ სრულიად შეესაბამება და ორიენტირებული არის ძალიან დაბალანსებულ კვებაზე,”- გვეუბნება მაია ყუფარაძე.

UNICEF-ის განათლების პროგრამების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ახალი სტანდარტი კარგია და ახლა მთავარია, როგორ დაინერგება ეს ყველაფერი ადგილზე,  – “მუნიციპალიტეტების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია ბაღის დირექტორების, ბაღის აღმზრდელებისა და მშობლების ინფორმირებულობა, რათა არასწორი ინტერპრეტაციით არ მოხდეს ადამიანების შეცდომაში შეყვანა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი