ახალი ამბები

ვის შეეხება ახალი 220-კილოვოლტიანი ქსელის მშენებლობა

18 აგვისტო, 2013 • 2563
ვის შეეხება ახალი 220-კილოვოლტიანი ქსელის მშენებლობა

დოკუმენტში, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, ვკითხულობთ: „მსოფლიო ბანკს დაგეგმილი აქვს დააფინანსოს ახალციხე-ბათუმის 220-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა, რათა მოხდეს რეგიონში ახალი ჰესების მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა, განაწილება და ექსპორტი“. 


სამუშაო დოკუმენტში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, კონკრეტულად რა გავლენას მოახდენს მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მშენებლობა აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში – ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში მცხოვრებ მოქალაქეებზე. ზეგავლენის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება აჭარაში ჩამოსულ ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან შეხვედრის დროს სცადა ქედის გამგებელმა. ამ საკითხზე დასმული კითხვის პასუხად ვაჟა ბოლქვაძეს მინისტრის ნაცვლად მისმა თანმხლებმა პირმა მოკლედ განუმარტა, რომ პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს, შესაბამისად, მაგისტრალი საერთაშორისო სტანდარტებით აშენდება.

 

220-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი ბათუმიდან ხელვაჩაურის, შემდეგ კი აჭარის მაღალმთიანეთისა და ახალქალაქის გავლით მივა საზღვრისპირა სოფელ ზიკილიაში. საქართველოში ეს სოფელი იქნება ბოლო წერტილი, საიდანაც სისტემა თურქულ ქსელს შეუერთდება. 


დავით გირგვლიანი – კომპანია DG Consulting-ის ხელმძღვანელი, რომელიც ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი პროექტის ზეგავლენას სწავლობს, ამბობს, რომ ახალი სისტემის მშენებლობის დაწყებამდე, რამდენიმე ალტერნატიულ პროექტს ამუშავებენ.

 

იმ პროექტის მიხედვით, რომელიც „ბათუმელებმა“მოიპოვა, 220-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი სისტემა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს მიყვება. ამ დოკუმენტის თანახმად, ქსელი ხელვაჩაურის ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებზე გაივლის, როგორიცაა ქვემო ჯოჭო, ერგე, აჭარისწყალი და ამ ზოლში განლაგებული სხვა სოფლები. 

 

ელექტროგადამცემი ქსელის მოსალოდნელი გავლენა ხელვაჩაურის მოსახლეობაზე

 

პროექტის გავლენის შესასწავლად აჭარაში ჩამოსული დავით გირგვლიანი შეხვდა ხელვაჩაურის გამგებელს, ნოდარ თურმანიძეს. გამგებლის თქმით, მას აუხსნეს, რომ მაგისტრალისთვის განკუთვნილი დერეფანი ხელვაჩაურიდან ხულოს ჩათვლით არის 500 მეტრის სიფართის. „როგორც მითხრეს, ასეთი ფართო მონაკვეთი იმისთვის აიღეს, რომ მაქსიმალურად აარიდონ ქსელი საცხოვრებელ სახლებს. ქსელი დასახლებულ პუნქტებში ზიგზაგისებურად წავა – მაგისტრალის ერთ მხარეს თუ სახლები იქნება, ბოძებს მეორე მხარეს გადაიტანენ და – პირიქით“, – ამბობს ნოდარ თურმანიძე. გამგებლის ვარაუდით, პროექტი ყველაზე მეტად მოქალაქეებს დაბა ხელვაჩაურში შეეხება.

 

ელექტროგადამცემი ქსელის მოსალოდნელი გავლენა ქედის მოსახლეობაზე

 

ქედის გამგებლის მოადგილის, ბადრი სურმანიძის ინფორმაციით, მათ მუნიციპალიტეტში პროექტის გავლენა დასახლებულ პუნქტებზე მასშტაბური იქნება. ბადრი სურმანიძემ ამის შესახებ ინფორმაცია DG Consulting-ის წარმომადგენლებისგან მიიღო. „თუ ქსელი მართლაც საავტომობილო მაგისტრალს გაყვება, როგორც ჩვენ აგვიხსნეს, მაშინ იგი ქედის 10 თემიდან რვაზე გაივლის. ამ მონაკვეთში განლაგებულია სტრატეგიული ობიექტები, სკოლები, საკარმიდამო ნაკვეთები, გარდა ამისა, მოსახლეობაც ძირითადად მდინარის პირას ცხოვრობს“. 


ბადრი სურმანიძის თქმით, DG Consulting-ის წარმომადგენლებმა მათ ასევე აუხსნეს, რომ მდინარის მთელ ზოლში, სადაც ქსელი გაივლის, 45 მეტრის რადიუსში არ შეიძლება საცხოვრებელი სახლები დარჩეს. „თუ ეს მართლა ასე იქნება, მაშინ ქედაში პროექტი შეიძლება 1000-ზე მეტ კომლსაც კი შეეხოს, მაგრამ ჯერ კონკრეტულად არაფერი ვიცი, – DG Consulting-ის წარმომადგენლებმა ზუსტი ინფორმაცია ვერ მომაწოდეს. ისინი აგვისტოს ბოლოს აპირებენ ჩამოსვლას – მოსახლეობასთან კონსულტაციებისთვის დახმარება გვთხოვეს. ალბათ ზუსტ რუკას, თუ სად გაივლის მაგისტრალი, მაშინ ჩამოიტანენ“, – ამბობს ბადრი სურმანიძე.


გამგებლის მოადგილის ინფორმაციით, DG Consulting-თან შეხვედრის დროს გამგეობის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, განიხილება თუ არა მაგისტრალის გაყვანა მთების გავლით: „ქედის მთაგორიანი მონაკვეთები არ არის ისე მჭიდროდ დასახლებული, როგორც აჭარისწყლის ხეობა. ქსელმა შეიძლება მთებზე გაიაროს, მაგრამ ამ შემთხვევაში გზის გაყვანა იქნება საჭირო, ანუ პროექტი გაძვირდება. ყოველ შემთხვევაში, DG Consulting-ის წარმომადგენლებისგან ეს შთაბეჭდილება დამრჩა“.

 

ბადრი სურმანიძე ამბობს, რომ მათ მოსახლეობის კომპენსირების წესზეც დასვეს კითხვები: „მითხრეს, რომ კომპენსაციაზე სხვა კომპანია იმუშავებს. მხოლოდ ის ვიცი, რომ მიწის ნაკვეთებსა და სახლებზე გადაიხდიან კომპენსაციას. თანხის ოდენობასაც, ეტყობა, აგვისტოს ბოლოს როცა ჩამოვლენ, მაშინ იტყვიან“.  

 

ელექტროგადამცემი ქსელის მოსალოდნელი გავლენა შუახევის მოსახლეობაზე

 

პროექტის შესახებ DG Consulting-ი შეხვდა შუახევის ხელისუფლებასაც. ამ მუნიციპალიტეტის გამგებელი თამაზ დავითაძე ამბობს, რომ მათთან მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები ცოტა ადამიანზე თუ მოახდენს უარყოფით გავლენას: ` DG Consulting-ის წარმომადგენლებს გასახლებაზე არაფერი უთქვამთ… გზატკეცილი ჩვენთან სულ 12 კილომეტრია. აქედან 7 კილომეტრზე თითქმის არც ერთი ოჯახი არ ცხოვრობს, გარდა ცენტრისა. დანარჩენი თავისუფალი ტრასაა“.

თამაზ დავითაძის ვარაუდით, თუ მაღალი ძაბვის გადამცემი სისტემიდან 45 მეტრის რადიუსში საცხოვრებელი სახლები დასანგრევი იქნება, მაშინ პროექტი შუახევში შეიძლება მაქსიმუმ 50 ოჯახს შეეხოს, მინიმუმ – 30-ს.

 

„გაგვაფრთხილეს, რომ არც ერთი მოსახლე არ დაზარალდება. ოთხფეხა ბოძი სადაც დამონტაჟდება, მიწის გადასახადს ყველას აუნაზღაურებენ. მე კომპანიის წარმომადგენლებს ვუთხარი, რომ ხალხი ჩემთან საჩივრით არ მოვიდეს. ეს იყო პირველი გასაუბრება, მერე მოსახლეობას შეხვდებიან. თუ მოსახლეობის თანხმობა არ იქნება, ძალადობა გამორიცხულია“.

 

ელექტროგადამცემი ქსელის მოსალოდნელი გავლენა ხულოს მოსახლეობაზე

 

ხულოს გამგებლის მოადგილის, გივი ქედელიძისთვის ცნობილია, რომ ბათუმი-ახალციხის ელექტროსისტემისთვის „შემუშავებულია ორი მარშრუტი. რომელიც უფრო ეკონომიური და მისაღები იქნება, იმას აირჩევენ. ერთი მარშრუტი მოდის ბეშუმიდან გოდერძის უღელტეხილის გავლით და მოყვება ცენტრალურ გზას, მეორე სხალთის ხეობაზე გაივლის. შერჩეულია 500-მეტრიანი ზოლი, რაც მოსახლეობასთან ნაკლებად შეხებას ითვალისწინებს. ვისაც შეეხება ქსელი, კომპენსაციას ევროკავშირის სტანდარტებით მიიღებს. კომპენსაციის ოდნობას აუდიტორები განსაზღვრავენ“.

 

კონკრეტულად რამდენ ოჯახს შეეხება პროექტი, არც ხულოს გამგეობაში იციან, მაგრამ გივი ქედელიძე ამბობს, რომ პროექტი ხულოსთვის ნებისმიერ შემთხვევაში მომგებიანია: „ხულოს ბიუჯეტი ყოველთვიურად 2000-3000 ათას ლარს მიიღებს. ეს ხაზი ადიგენიდან ბეშუმში უკვე შემოვიდა და მარტო ამ მონაკვეთისთვის ჩვენი ბიუჯეტი 150 ათას ლარს იღებს“.

 

ხულოს გამგეობის ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე დასამონტაჟებელი ბოძები ვერტმფრენებით აიტანეს.

 

DG Consulting- ახალი ქსელის შესახებ

 

DG Consulting-დან დავით გირგვლიანი ამბობს, რომ კორიდორის რამდენიმე  საინჟინრო და გარემოსდაცვით ალტერნატივას ამუშავებენ: „კომპლექსურია თითოეული ალტერნატივის შეფასება. ერთ შემთხვევაში ზემოქმედება სოციალურ სფეროზე უფრო მეტია, ვიდრე გარემოზე და მეორე შემთხვევაში – პირიქით. საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ რომელი ალტერნატივა აირჩიონ, საზოგადოებასთან კონსულტაციების შემდეგ ენერგეტიკის სამინისტრო მიიღებს“.

 

დავით გირგვლიანი დარწმუნებულია, რომ ელექტროგადამცემი ხაზის სოციალური ზემოქმედება აჭარის მოსახლეობაზე დიდი არ იქნება. „ეს არ არის მილსადენი, დასახლებულ პუნქტებს ან კერძო ნაკვეთებს გვერდი რომ ვერ აუარო“, – განმარტავს სპეციალისტი. – „ეს არის 220-კილოვოლტიანი ხაზის გასხვისების დერეფანი, რომლის პირველადი კორიდორი სიგანეში ერთი კილომეტრია. შესაბამისად, დასახლებებს ნებისმიერი ელექტროგადამცემი ხაზი მაქსიმალურად უნდა ასცდეს. დასახლებაზე ალბათ იქნება ზემოქმედება, მაგრამ უფრო სათიბებზე ან სამეურნეო ნაკვეთებზე. ზემოქმედება, რასაც ადამიანი უშუალოდ მიიღებს, შეიძლება იყოს, მაგალითად, უმნიშვნელო ზუზუნი“.

 

დავით გირგვლიანი იქვე დასძენს, რომ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ქვეშ, 25 მეტრის რადიუსში საცხოვრებელი სახლი არ შეიძლება იყოს: „კონსულტაციები გავიარეთ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან. მათ დაგვისახეს რა უნდა გავითვალისწინოთ – სად არის რეკომენდებული უფრო შორიდან გავიდეს სისტემა“.

 

დავით გირგვლიანის თქმით, მისთვის უცნობია აჭარაში ჰესების მშენებელი კომპანიებს – „აჭარნერჯი 2007-ს“ და „ქლინენერჯის“ რა ფინანსური ვალდებულებები აქვთ ახალი სისტემის მშენებლობაში. მისი აზრით, არასწორია იმის თქმა, რომ კერძო ჰესებისთვის შენდება ახალი ქსელი: „რა თქმა უნდა, ამ სისტემაში ჰესები ჩაერთვებიან, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ აჭარაში დღეს არსებული 35-კილოვოლტიანი ქსელი საკმაოდ მოძველებული“.

 

კახა კალაძე პროექტის შესახებ

 

220-კილოვოლტიანი ქსელის მესაკუთრე ორგანიზაციაში, ანუ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის პრესცენტრში ამბობენ, რომ ახალი პროექტისთვის ფინანსებს სახელმწიფო ჯერ კიდევ ეძებს. „ბათუმელების“ მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში კი წერია, რომ ქსელის მშენებლობას 40 მილიონი დოლარით მსოფლიო ბანკი აფინანსებს. კიდევ ერთ დოკუმენტში, რომელსაც ეყრდნობა „ბათუმელები“, დაფინანსების სულ სხვა წყაროა მითითებული. „საქართველოს მთავრობას, ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას ენერგეტიკის განვითარების პროექტის დაფინანსების მიზნით მოწვეული ჰყავს სხვადასხვა ინვესტორები და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები“, – წერია ამ დოკუმენტში.

 

სულ სხვა ფინანსურ წყაროზე მიუთითებს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე. „ხაზების მშენებლობა, რა თქმა უნდა, ჰესების მშენებელი კომპანიების ვალდებულებაა“, – უთხრა „ბათუმელებს“ კალაძემ. – „როცა ჰიდროელექტრო სადგურებს აშენებ, სისტემაში უნდა ჩაერთო, თორემ ისე მშენებლობას აზრი ეკარგება. გამომუშავებული ელექტროენერგია უნდა მიიტანო არსებულ სისტემაში, ამიტომ მათ [ჰესების] ვალდებულებაში შედის, რომ ააშენონ სისტემა“.

 

აჭარაში ჰესებს ორი კომპანია – თურქული „აჭარენერჯი 2007“ და ნორვეგიული „ქლინენერჯი“ აშენებს.

 

პროექტის ზოგადი სარგებელი

 

სემეკის ინფორმაციით, კერძო ენერგოკომპანიები ელექტროენერგიის ტრანზიტისთვის საქართველოში ორ ქსელს იყენებენ. საქრუსენერგო, რომლის წილების 50%-ი საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის, 50% კი – რუსეთს, თავის ქსელში ერთი კილოვატსაათი ენერგიის გატარებისთვის ჰესებს 0,18 თეთრს ახდევინებს. „საქრუსენერგო“ 500-კილოვოლტიან გადამცემ ქსელს ფლობს.

 

რაც შეეხება 220-კილოვოლტიანი ქსელს – ამ სისტემის ასივე პროცენტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ეკუთვნის. მის ქსელში ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგიის გატარება 0,5 თეთრი ღირს.

 

220-კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ახალი ქსელის მშენებლობა აჭარაში 2017 წელს, 9 ჰესის მშენებლობასთან ერთად უნდა დასრულდეს.

 

ენერგეტიკის სამინისტროს პრესცენტრის განმარტებით, ჰესების მშენებლობით მიღებული სარგებელი ასეთია. 1. მოსახლეობის დასაქმება. 2. გადასახადებიდან ბიუჯეტში შესული თანხა. 3. ზამთრის პერიოდში დეფიციტური ელექტროენერგიის შევსება.

 

ცნობილია, რომ ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებაზე ახალი ჰესების ამოქმედება გავლენას ვერ მოახდენს – ამ ჰესებში წარმოებული ელექტროენერგია, გარდა საქართველოსთვის ზამთარში შესავსები დეფიციტური მარაგისა, თურქეთში გაიყიდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი